გურამ ნიკოლაშვილი: გერმანიიდან დავით ჭაკუას ექსტრადიცია უნდა განვიხილოთ, როგორც ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის გამოხატულება

  • 3 ივლისი 19:06

„გერმანიიდან დავით ჭაკუას ექსტრადიცია უნდა განვიხილოთ როგორც ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის გამოხატულება” - განაცხადა ტვ „იმედის“ „დღის ქრონიკაში“ საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა.

მისი თქმით, სწორედ მათი დახმარებით გადაიდგა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ძალადობრივი რეჟიმის გასამართლების საქმეში.


როგორც ნიკოლაშვილმა განაცხადა, ჭაკუას 2013 წლიდან იძებნებოდა ინტერპოლის მიერ, მოგვიანებით იგი დააკავეს და მას შემდეგ მიმდინარეობს პროცედურები ექსტრადაციის განსახორციელებლად. 


„2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებიდან სულ რამდენიმე დღეში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის ძალადობრივი სისტემის მესვეურებმა ქვეყანა დატოვეს და თავს გაქცევით უშველეს. დათა ახალაია, მეგის ქარდავა, ზურაბ მიქაძე, გიორგი დგებუაძე, დავით ჭაკუა და რაც მთავარია, ზურაბ ადეიშვილი ის ადამიანები აღმოჩნდნენ, რომლებმაც უარი თქვეს მათ მიმართ არსებული ბრალდებების გაქარწყლებაზე და სამართლებრივი გზით თავდაცვაზე. 2016 წლის 22 მარტს ჰოლანდიურმა მხარემ გიორგი დგებუაძე, იგივე „მასტერა“, საქართველოს გადმოსცა. დღეს კი გერმანული მხარე ყოფილ მაღალჩინოსანს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს, დავით ჭაკუას გადმოგვცემს. 


ჭაკუა 2013 წლიდან იძებნებოდა ინტერპოლის მიერ, მოგვიანებით მისი დაკავებაც მოხდა და მას შემდეგ მიმდინარეობს პროცედურები ექსტრადაციის განსახორციელებლად. პროკურატურას მის მიმართ ისეთ დანაშაულებში აქვს ბრალი წარდგენილი, როგორიცაა 2006 წლის 27 მარტს თბილისში ციხის ბუნტის პროვოცირება ბაჩო ახალაიასთან ერთად. იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან ერთად მას ბრალდება პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2012 წლის სექტემბერში. წინასწარი შეთანხმებით, დანაშაულში ბრალდებულებმა ციხის კადრების გადასაფარად რეალურად აწამეს პატიმრები, ფირზე ასახეს და მის გავრცელება სცადეს მოსალოდნელი სკანდალის გადასაფარად. ჭაკუას ბრალი ასევე ედება ადამიანების გატაცებასა და ცემაში. ზუსტად ორი კვირის წინ გერმანიის პროკურატურამ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალი წარუდგინა. პროკურატურის ვებგვერდზე დადებულ ტექსტში არსებული პასაჟი, რომ მსხვერპლი მტრულ დამოკიდებულებაში იყო რუსეთის მთავრობასთან, ჩეჩნეთის რესპუბლიკასა და საქართველოს პრორუსულ ხელისუფლებასთან, ოპოზიიც ჟრიამული საბაბი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ იმავე დღეს გერმანიის ელჩმა, დეპუტატებმა და სხვა პირებმა შეასწორეს პროკურატურის ტექსტი და ციტატა დაღუპულის ციტირებად მონათლეს, მთავრობის ოპონენტების აჟიოტაჟი ამით არ განელებულა. სიტყვიერად უარყოფილ პოზიციას გერმანულმა მხარემ დღეს საქმეც მოაყოლა. დავით ჭაკუას ექსტრადიცია აუცილებლად უნდა განვიხილოთ ხსენებული ბრალდების კონტექსტში და მივიღოთ როგორც ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის გამოხატულება. სწორედ მათი დახმარებით გადაიდგა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ძალადობრივი რეჟიმის გასამართლების საქმეში” - განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა. 


ცნობისთვის, 3 ივლისს, ბერლინიდან თბილისში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, დავით ჭაკუას ექსტრადირება განხორციელდება. არაერთ მძიმე დანაშაულში ბრალდებული დავით ჭაკუა ინტერპოლის წითელი ცირკულარით 2013 წლის 23 მარტიდან იძებნებოდა.