„ფორტუნა“: ვინ და რას იტყუება შაქარაშვილის საქმეში და რატომ არ კითხავენ საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმეს?

  • fortuna.ge
  • 3 ივლისი 16:51

19 წლის ფეხბურთელის საქმეზე რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულია ვრცელი სტატია, რომელშიც ავტორი საქმის დეტალებზე საუბრობს.

როგორც „ფორტუნას“ სტატიაშია აღნიშნული, გარდაცვლილის ბიძა მირიან ნიკოლაძე შეცვლილი ჩვენებების მიზეზებს ასახელებს. მისივე თქმით, ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა „ქუჩური მენტალიტეტი“ იყოს.


„შეცვლილი ჩვენების ერთი ყველაზე საფუძვლიანი ვერსია შესაძლოა ზეწოლა იყოს, ხოლო მეორე, შესაძლებელია იყოს ზოგადად არსებული ის ძალიან მძიმე მენტალიტეტი, რაზეც ხშირად საუბრობენ, რომ შესაძლოა, ვიღაცამ ზეწოლა კი არ განახორციელოს, მაგრამ ბავშვი მოექცეს ფსიქოლოგიური ზეგავლენის ქვეშ. მაგალითად ის, რომ არ არის „კაი ბიჭობა”, რომ ვიღაცას ხელი დაადო და შენი ჩვენებით დაიჭირონ. ბუნებრივია, მან დაადო ხელი პირველი ჩვენებით და შესაძლოა, ვიღაცამ ამის რეაბილიტაცია მოინდომოს. როგორც წესი, გამოძიებაში პირველად მიცემული ჩვენებები ბევრად რეალურია, ვიდრე მომდევნო“, – ამბობს მირიან ნიკოლაძე.


„ფორტუნას“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში მოყვანილია გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც აგარაკზე ცივი იარაღით დაჭრეს გიორგის სამი მეგობარი, რომელებიც თბილისის ზღვის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ერთ-ერთს სახეზე და ყურზე ღრმა ჭრილობები აქვს, მეორეს კი შედარებით მსუბუქი დაზიანება აქვს ბარძაყის არეში.  ყველა მათგანი უკვე გაწერილია საავადმყოფოდან. ერთ-ერთია გიორგი ქათამაძე, რომელმაც ექიმებსაც და სასწრაფოს ექიმსაც განუცხადა, რომ ველოსიპედიდან გადმოვარდა, - წერს სტატიის ავტორი.


სტატიაში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ გიორგი ქათამაძე, რომელიც საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა, გამოძიებამ ინციდენტიდან ოთხი დღის შემდეგ, 22 ივნისს გამოკითხა. თუმცა, როგორც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ათტომიანი მასალებიდან ირკვევა, გამოძიებას გიორგი ქათამაძის გამოკითხვა  19 ან 20 ივნისსვე ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ გამოძიებას ამის უფლება ექიმმა არ მისცა.


საქმეში დევს თბილისის ზღვის ჰოსპიტლის ექიმის, მარეხ ბექაიას მიერ ხელმოწერილი და 20 ივნისით დათარიღებული ცნობა: „ავადმყოფს შემოსვლისას აღენიშნებოდა ცხელება. ამ ეტაპზე, აღებულია ცხვირ-ხახის ნაცხი, ვინაიდან COVID-19-ით არის ვერიფიცირებული, კონტაქტების თავიდან აცილების მიზნით, ავადმყოფის დაკითხვა არ შეიძლება“, – წერია განცხადებაში.


ცნობისათვის: 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მცხეთაში, ერთ-ერთ აგარაკზე, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, საიდანაც მისი კვალი გაუჩინარდა. 4–დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, მყვინთავებმა მის ცხედარს მდინარე არაგვში მიაგნეს.


გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17-ვე პირს აღკვეთის სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge