ტრავმატოლოგ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს “წითელი ჯვრის” საერთაშორისო კომიტეტმა ცხინვალის ციხიდან გამოგზავნილი წერილი გადასცა

  • radiotavisupleba.ge
  • 20 ნოემბერი 22:32

გაფრინდაშვილის მეუღლე, თამილა ლაფანაშვილი, ამ გზავნილს წერილსაც ვერ უწოდებს, რადგან იგი, ფაქტობრივად, კონვერტის გარეშე, "წითელი ჯვრის" ტიტულიან ქაღალდზე დაწერილი ჩაბარდა და იქ განსაკუთრებული არაფერი წერია.

ცხინვალის ციხეში ვაჟა გაფრინდაშვილის შედარებით ნორმალურ პირობებში ყოფნას ნიქოზის ამბულატორიის ხელმძღვანელი ნიკო ძამუკაშვილიც ადასტურებს. ნიქოზის ამბულატორია ეგრეთ წოდებული გამყოფი ხაზიდან, დაახლოებით, 500 მეტრში მდებარეობს, ძამუკაშვილი კი არასამთავრობო ორგანიზაცია "ქართლოსის“ პროექტის ფარგლებში ცხინვალელ ექიმებთან თანამშრომლობს. წარსულში "ქართლოსის“ ინიციატივით მესამე ქვეყნებში მავთულხლართების ორივე მხარეს მცხოვრები ექიმების შეხვედრა ტარდებოდა ხოლმე. ძამუკაშვილი იქაურ ექიმებთან კონტაქტს ინარჩუნებს და სწორედ მათგან იცის, რომ ქართველი ექიმი თავს ნორმალურად გრძნობს. გარდა ამისა, ნიქოზის ამბულატორიის ხელმძღვანელის თქმით, ცხინვალელი ექიმებიც გმობენ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას, მაგრამ დე ფაქტო რესპუბლიკაში არსებული რეპრესიული რეჟიმის გამო ამის ხმამაღლა თქმას ვერ ბედავენ.


ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებიდან 11 დღე გავიდა, მას ახალგორის სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა, მისი გათავისუფლების მოთხოვნით კი სულ უფრო მეტი საერთაშორისო პარტნიორი გამოდის. 19 ნოემბერს ცხინვალში დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებმა.


ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეს, ევროკავშირის წარმომადგენელს, ტოივო კლაარს, იმედი აქვს, რომ ცხინვალის საპატიმროში მყოფ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, მალე გაათავისუფლებენ. ამის შესახებ კლაარმა რადიო თავისუფლების პროექტ "ეხო კავკაზას" ცხინვალელ კორესპონდენტს განუცხადა.


ტოივო კლაარი, რუდოლფ მიხალკა და ჯიჰან სულთანოღლუ - ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ევროკავშირიდან, ეუთოდან და გაეროდან - 19 ნოემბერს ცხინვალში ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ.


ტოივო კლაარის ინფორმაციით, მათ შეხვედრაზე ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი დააყენეს.


"რა თქმა უნდა, კარგი იქნება, თუ სიტუაცია მოგვარდება და ექიმ გაფრინდაშვილს რაც შეიძლება სწრაფად გაათავისუფლებენ, რადგან არ ვფიქრობ, რომ მისი ხანგრძლივი დროით დაკავება ვინმეს ინტერესებშია“, - განაცხადა ტოივო კლაარმა.


"ეხო კავკაზას“ ცნობითვე, ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა მომხდარს პროვოკაცია უწოდა. ბიბილოვის თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილმა "საზღვარი“ განზრახ დაარღვია და ამას არც მალავს.


"მიმაჩია, რომ ეს არის ნაწილი საერთო პოლიტიკისა, რომელსაც საქართველო ატარებს სამხრეთ ოსეთის მიმართ. დროა, საქართველომ გაიგოს, რომ სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და ამის გათვალისწინებით წარმართოს თავისი მუშაობა“, - განაცხადა ბიბილოვმა.


 

სრული ვერსიის ნახვა radiotavisupleba.ge