კოსტანტინე გამსახურდია ბერძენიშვილს დაუპირისპირდა: „არანაირ მეცნიერულ კვლევას არ ეყრდნობა“

  • facebook.com
  • 3 ივლისი 13:28

საქართველის პირველი პრეზიდენტის შვილი კოსტანტინე გამსახურდია ქართველი ფილოლოგის, ლევან ბერძენიშვილის ახალ წიგნში, ქართველი მწერლების ოფიციალურ განათლებასთან დაკავშრებით გამოთქმულ მოსაზრებას უსაფუძვლოს უწოდებს.

კოსტანტინეს გამსახურდიას პრეტენზია კონკრეტულად იმ ნაწილმა გამოიწვია, რომელშიც ბერძენიშვილი ამბობს, რომ ერთადერთი ქართველი მწერალი, ვინც ევროპიდან დოქტორის ხარისხი ჩამოიტანა, გრიგოლ რობაქიძე იყო.


როგორც გამსახურდია აღნიშნავს, ბერძენიშვილის ეს მოსაზრება მეცნიერულ კვლევას არ ეყრდნობა და უსაფუძვლოა, სინამდვილეში კი ერთადერთი ქართველი მწერალი, ვინც სადოქტორო კურსი გაიარა და დოქტორის წოდება მოიპოვა, კონსტანტინე გამსახურდია იყო.


კოსტანტინე გამსახურდიას პოსტს დაიჯესტი უცვლელად გთავაზობთ:


„ლევან ბერძენიშვილი თავის ახალ წიგნში „დიდი გასერინება ლიტერატურაში“ წერს, რომ ერთადერთი ქართველი მწერალი, ვინც ევროპიდან დოქტორის ხარისხი ჩამოიტანა, გრიგოლ რობაქიძე იყოო.


სრულიად არამართებული შეხედულებაა და არანაირ მეცნიერულ კვლევას არ ეყრდნობა. გრიგოლ რობაქიძემ დისერტაციის წერა 1908 წელს მართალია დაიწყო პარიზში, მაგრამ მგზავრობის დროს ნაშრომის დასაწერად გამზადებული მასალები დაკარგა, რის შემდეგაც იგი ძირითადად ევროპული ლიტერატურის და ბელეტრისტიკის შესწავლაზე გადაერთო. ნაშრომს იგი აღარ მიბრუნებია.


სინამდვილეში ერთადერთი ქართველი მწერალი, ვინც სადოქტორო კურსი გაიარა და დოქტორის წოდება მოიპოვა, კონსტანტინე გამსახურდია (1891-1975) იყო. იგი იმჟამად როგორც მწერალი იმდენად ცნობილი არ ყოფილა. მან თავისი კარიერა დაიწყო ბერლინში, 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის საელჩოში კულტურის ატაშეს ფუნქციების შესრულებით. ამავე დროს ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში გაიარა სემინარები ისეთ ცნობილ მეცნიერებთან, როგორებიც იყვნენ ისტორიკოსები ედუარდ მაიერი და იოზეფ მარკვარტი, ასევე რიხარდ მეკელაინი. ნაშრომი შეეხებოდა ერეკლე მეორის საგარეო პოლიტიკას, ასევე მის მცდელობებს დაემყარებინა კავშირი დასავლეთთან. აღნიშნული ნაშრომის დაცვა მოხერხდა 1919 წელს. ამ საკითხებს ცალკე სამეცნიერო სტატია მიუძღვნა ახალგაზრდა ისტორიკოსმა გიორგი ასტამაძემ, სადაც ეს თემა შესწავლილია საარქივო მასალებზე დაყრდნობით. შესაბამისად, მტკიცებულებაც სახეზეა“, - წერს კოსტანტინე გამსახურდია.



ამონარიდი ლევან ბერძენიშვლილის ახალი წიგნიდან - „დიდი გასეირნება ლიტერატურაში“


რა განათლება ჰქონდათ ქართველ მწერლებს


„საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ხშირ შემთხვევაში, ჩვენს ყველაზე დიდ მწერლებს ვერ ვუდასტურებთ „ოფიციალურ“ განათლებას. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რუსთაველის განათლებასთან დაკავშირებით მხოლოდ ვარაუდების დონეზე შეიძლება საუბარი. არც ბარათაშვილს, არც ვაჟა-ფშაველას და არც გალაკტიონს არანაირი დიპლომი არ ჰქონიათ. ილია ჭავჭავაძეს იურიდიული ფაკულტეტის დიპლომი კი ჰქონდა, მაგრამ მანამდე, სკოლაში სწავლისას, კლასში ჩარჩა.


ამ თვალსაზრისით, საქართველომ განსაკუთრებული მაგალითი აჩვენა, რადგან, როგორ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს - რაც უფრო მეტი პრობლემა ჰქონდათ ჩვენს მწერლებს ოფიციალურ განათლებასთან მიმართებაში, მით უფრო დიდები იყვნენ! კი ბატონო, არაერთი წარმატებული დოქტორი გვყოლია, მაგრამ ლიტერატურაში ამ გენიოსების სიმაღლეებს ოდნავადაც ვერ მიუხლოვდნენ.


თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ ის უმნიშვნელოვანესი ფაქტი, რომ ყველა ჩვენს დიდ მწერალს სერიოზული მისწრაფება ჰქონდა განათლებისაკენ. აქ შეიძლება განსაკუთრებული სიტყვა ითქვას ნიკოლოზ ბარათაშვილზე - მას ძალიან უნდოდა მიეღო განათლება, იმდენად, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად იმისა, რომ ვერც უნივერსიტეტში ისწავლა, ვერც სამხედრო გზას დაადგა, თვითგანათლება მაინც მიიღო. არავინ ვიცით, რა გზებით მიაღწია ამას, რადგან მაშინ წიგნები და სასწავლო მასალები ნაკლებად ხელმისაწვდომი იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, უდიდესი მადლობა უნდა ვუთხრათ მის მასწავლებელს, სოლომონ დოდაშვილს, რომელმაც შეძლო ბარათაშვილისთვის მთავარი იდეის - ევროპეიზმის მიწოდება! თანაც ეს ისე მოახერხა, რომ შემდეგში ბარათაშვილი მთავარ ქართველ ევროპეისტად იქცა და რუსულ გარემოში ევროპული ხაზის გატარება შეძლო!


რა თქმა უნდა, ესაა მისი მთავარი საგანმანათლებლო მიღწევა, იმიტომ, რომ კაცი, რომელსაც უმაღლესში არ უსწავლია, საქართველოში ევროპეიზმის მასწავლებელი გახდა! იმ ხალხმა კი, ვინც განათლების მიღება შეძლო, ეს ქვეყანა, სამწუხაროდ, რუსეთისკენ წაიყვანა...


ილია ჭავჭავაძემ, იურისტმა კაცმა, გააგრძელა ბარათაშვილის ხაზი და მოახერხა, რომ თავისი ხალხისთვის განათლება მიეცა და მკვდარი ქვეყანა გაეცოცხლებინა.


როგორც უკვე ვთქვით, ვაჟას წერა-კითხვა მამამ ასწავლა, კაცმა, რომელსაც ფშავში დასცინოდნენ - წერა-კითხვა იცისო! დედამ ქართული მითოსი შეასწავლა და ამ ორმა ადამიანმა გვაჩუქა გენიოსი, რომელმაც წარმოუდგენლად მაღალი კლასი გვაჩვენა სწორედ განათლების თვალსაზრისით.


„პატრიოტიზმისა და კოსმოპოლიტიზმის“ ავტორი შესანიშნავი ევროპული საგანმანათლებლო ცენზის მქონე კაცია, მიუხედავად იმისა, რომ მას ამის დამადასტურებელი დიპლომი არ ჰქონია და პეტერბურგში მხოლოდ და მხოლოდ თავისუფალი მსმენელი იყო. განათლების თვალსაზრისით, სწორედ ვაჟა-ფშაველამ მოგვცა განსაკუთრებული მაგალითები. მიუხედავად ამისა, სწორედ მან მიიღო საყვედური ქართველი ხალხისგან, რომ თურმე გაუნათლებელი იყო. სხვათა შორის, ასეთი საყვედური გერონტი ქიქოძისგანაც კი მიიღო, რომელსაც განათლებად ევროპის უნივერსიტეტებში სწავლა მიაჩნდა - „ვაჟამ ელექტრონი არ იცოდაო“...


ელექტრონის რა მოგახსენოთ, მაგრამ ვაჟამ ის იცოდა, რომ ქრისტიანების გარდა, სხვა მრწამსის მქონე ადამიანებიც ცხონდებიან!


მხოლოდ ეს აზრიც კი კმარა იმაში დასარწმუნებლად, რომ განათლების თვალსაზრისით, ვაჟა სერიოზულ ფორას მისცემდა ნებისმიერი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს. ამიტომაც არ გვიკვირს, რომ ჩვენმა ყველაზე განათლებულმა მწერალმა, გრიგოლ რობაქიძემ, ერთადერთმა კაცმა, ვინც ევროპიდან დოქტორის ხარისხი ჩამოიტანა - სწორედ ვაჟა-ფშაველა დაასახელა სიმბოლიზმის მამამთავრად!


ვფიქრობ, ვაჟა-ფშაველამ სერიოზულად იძია შური ყველაზე, ვინც მასზე ცუდი სიტყვა თქვა, იმიტომ, რომ დღეს ყველამ ვიცით - მთელი ჩვენი მომავალი ეკუთვნის იმ იდეას, რომელიც მან გვასწავლა - ადამიანი იმაზე მაღლა დგას, ვიდრე ამას ნებისმიერი რელიგიური მოძღვრება გვიხსნის, ხოლო ღმერთი თითოეულ ჩვენგანზე ზრუნავს, მათზე, ვისაც სწამთ, ვისაც არ სწამს, ვისაც სხვა ღმერთი სწამს და ა.შ.


საინტერესოა, საერთოდ, როგორ იბადება მწერლობა, რამდენად შეიძლება ამის სწავლა, თუმცა, ჩვენს, ქართულ გამოცდილებას თუ დავეყრდნობით, დავრწმუნდებით, რომ ამ საქმეში თვითგანათლებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.“


 


 

სრული ვერსიის ნახვა facebook.com