"ტასოს საქციელი არ მომწონს, ძალიან აცანცარებული და ქარაფშუტა გოგოა - ლაშა-გიორგის "ეტენებოდა"

  • სარკე
  • 20 ნოემბერი 18:44

"ჩემი ცოლის დაქალების" უსაყვარლესი ტასუნა, მთავარ გმირებს არ ჩამოუვარდებოდა, მათი თანასწორუფლებიანი პარტნიორია.

გადიოდა დრო, იცვლებოდა სერიალის გმირთა ცხოვრება და მათთან ერთად ტასოც იზრდებოდა. ბოლო სეზონში ის უკვე გარდატეხის ასაკში მყოფი და თან უიმედოდ შეყვარებული თინეიჯერი გოგონა იყო.


13 წლის ქეთა ორბელაძე თავისი თაობის ერთ-ერთ ტიპურ წარმომადგენელს თამაშობდა, თუმცა თავად, როგორც აღმოჩნდა, ძალიან განსხვავდება ამ გმირისაგან.


ქეთა ორბელაძე "სარკეს" თავის ეკრანულ და რეალურ ცხოვრებაზე ესაუბრა.


– სერიალის ბოლო სეზონში თქვენი გმირი, ტასუნა, უიმედოდ იყო შეყვარებული. ძალიან აქტიურობდა, რომ როგორმე იმ ბიჭის ყურადღება დაემსახურებინა, ვინც უყვარდა. რას აღარ აკეთებდა მისი გულისთვის, ცოტა უთავმოყვარეოდაც კი იქცეოდა. რას ფიქრობ ასეთ საქციელზე, თავად ამას გააკეთებდი?


– ჩემი აზრით, არ იქცეოდა ტასო სწორად. მე ასე არ მოვიქცეოდი და ინიციატორი არასოდეს ვიქნებოდი. ტასო ლაშა-გიორგიზე იყო დამოკიდებული. სადაც ის იყო, ისიც იქ ჩნდებოდა და, ასე ვთქვათ, "ეტენებოდა". ტასოს საქციელი ბევრისთვის იყო გამაღიზიანებელი და ჩემთვისაც.


– საერთოდ გამოგიცდია მსგავსი გრძნობა რეალურ ცხოვრებაში?


– არა. არასოდეს გამომიცდია ის, რაც ტასომ გამოსცადა და რომც გამომეცადა, მისნაირად არასოდეს მოვიქცეოდი.


– როგორ ფიქრობ, ტასოს გრძნობა ლაშა-გიორგისადმი სერიოზული იყო?


– ჩემი აზრით, ამ ასაკში არავის გრძნობა არ არის სერიოზული.


 


– როგორ ისურვებდი შენი გმირის ცხოვრების განვითარებას?


– მინდა, ტასო ცოტა გაიზარდოს და მოეშვას ამ ბავშვურ ქცევებს. მინდა, ჭკუა ისწავლოს. ყველა ბიჭს, ვინც მოეწონება, ტელეფონი არ აჩუქოს.


– შენ შეყვარებული არ ხარ ან ყოფილხარ ოდესმე?


– არა და არც არასოდეს ვყოფილვარ შეყვარებული. რა თქმა უნდა, ვიღაცა კი მომწონებია.


– არადა იმ ასაკში ხარ, რომ სამეგობროში სიყვარულის თემა აქტუალური უნდა იყოს.


– არა. სამეგობროში ვინც ვართ, ჯერ არ ვყოფილვართ შეყვარებული, როგორც ეს ახლანდელ ბავშვებში ხდება.


 


– რა მოგწონს ტასოს თვისებებიდან ყველაზე მეტად?


– ყველაზე მთავარი რაცაა, ადამიანებზე ფიქრობს და, ჩემი აზრით, ყველა უყვარს. აი, მაგით ყველაზე მეტად ვგავარ. უარყოფითი აქვს ის, რაც ამ ბოლო სერიებში ჩაიდინა. ვგულისხმობ ლაშა-გიორგისთან მის ურთიერთობას, ასევე იმას, რომ სწავლას ყველაფერს ამჯობინებს. არანაირად არ უყვარს სწავლა.


– და ქეთას თუ უყვარს სწავლა? ბეჯითი გოგო ხარ?


– კი, სხვათა შორის, უყვარს ქეთას სწავლა და ბოლომდე ცდილობს, რომ თავისი მაქსიმუმი გააკეთოს, რაც შეუძლია სწავლაში. ჩემი აზრით, მართლა საჭიროა სწავლა.


 


– რას ეტყოდი ბავშვებს, რომელთა დედები მძიმე სენს ებრძვიან?


– გინდ დედა იყოს, გინდ მამა იყოს, ძმა იყოს, და იყოს, მისი ახლობელი ხომ არის… პირველ რიგში, საკუთარი თავი დაივიწყონ და მხარში უნდა ამოუდგნენ მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება.


– ნინას როლის შემსრულებელთან, მსახიობ ანა ტყებუჩავასთან, როგორი ურთიერთობა გაქვს? შეიძლება ითქვას, რომ მის ხელში გაიზარდე?


– ჩვენ ვმეგობრობთ. მე ანას მეორე შვილის, თაიას ნათლია ვარ.


– საკმაოდ პატარა ასაკში გახდი პოპულარული. მოგწონს ეს მდგომარეობა? ამაყობ?


– რა თქმა უნდა. რა სჯობია იმას, რომ ხალხის სიყვარული დაიმსახურე. პატარა როცა ვიყავი, სულ ვცდილობდი, არ ამვარდნოდა თავში. ეს ყველაზე ცუდი რამაა, რაც პოპულარულ ადამიანს შეიძლება დაემართოს. ბედნიერი ვარ, რომ ვთამაშობ ძალიან პოპულარულ სერიალში, მაგრამ ბოლომდე ვცდილობ, ეს სიამაყის გრძნობა თავში არ ამივარდეს.


– შური თუ გიგრძვნიათ თანატოლების, კლასელების, მეგობრებისგან?


– კლასელებისგან არასოდეს მიგრძვნია შური. უცნობი თანატოლებისგან კი ნამდვილად მიგრძვნია კომენტარების სახით, მაგრამ ეგ ყოველთვის იქნება. ახლო მეგობრებთან და კლასელებთან ურთიერთობა პოპულარობას არ გაურთულებია. პირიქით, რაც შეუძლიათ, ყველა მართლა ძალიან მქომაგობს და გვერდში მიდგას.


 

წყარო: სარკე