რომელი ასაკიდან აცნობიერებენ ბავშვები სიკვდილს და როგორ რეაგირებენ ახლობლის გარდაცვალებაზე?

  • cerebrum.ge
  • 3 ივლისი 13:05

მცირეწლოვანი ბავშვების უმეტესობას სიკვდილის შესახებ გარკვეული წარმოდგენები აქვს. ახლობლის ან ოჯახის წევრის დაკარგვის დროს პატარა განსაკუთრებულ სტრესს განიცდის და არ შეუძლია გრძნობებთან გამკლავება.

ბავშვები განსხვავებულად აღიქვამენ ახლობლის სიკვდილს. ხშირად, მათი ემოციები წუთიდან წუთში რადიკალურად იცვლება, მაგალითად ტირილის შემდეგ პატარა შეიძლება სათამაშოთი ან სხვა გასართობით დაკავდეს.
მსგავსი ფაქტები არ ნიშნავს, რომ ბავშვი არ განიცდის ან არ არის ტრავმირებული. უფროსებისგან განსხვავებით ბავშვების ფსიქოლოგიური თავდაცვის მექანიზმი უფრო მძაფრი და ძლიერია, რის გამოც მათ მარტივად შეუძლიათ ყურადღება სხვა საქმეზე გადაიტანონ და ნაკლებად იფიქრონ სტრესულ სიტუაციებზე.


ხშირად, ბავშვი უშუალოდ გარდაცვლილი პიროვნების მიმართ აგრესიას და ბრაზს გრძნობს, რადგან პატარას გონება ბოლომდე ვერ იაზრებს სიკვდილის არსს, რის გამოც ბავშვი ახლობელს, უბრალოდ, მის მიტოვებაში ადანაშაულებს.


5 წელზე მცირე ასაკის ბავშვები ვერ აღიქვამენ სიკვდილს, როგორც განგრძობით და სამუდამო მოვლენას, რის გამოც ისინი ელოდებიან გარდაცვლილი ადამიანის დაბრუნებას, ხშირად ახსენებენ და კითხულობენ მათ. 9 წლის ასაკში ბავშვის გონება იწყებს იმ აზრთან შეგუებას, რომ სიკვდილი არ არის დროებითი მოვლენა და დაკარგული ახლობელი ან ოჯახის წევრი არ დაბრუნდება მათ ცხოვრებაში. დაახლოებით 10 წლის ასაკში, ბავშვები საბოლოოდ იაზრებენ სიკვდილის არსს, ეგუებიან საყვარელი ადამიანის სამუდამოდ დაკარგვის იდეას და ცდილობენ ეს მოვლენა ლოგიკურ ჩარჩოებში მოაქციონ. შესაბამისად, ამ ასაკში პატარები ყველაზე მეტად იხრებიან რელიგიური ასპექტებისკენ (სულის, სამოთხის იდეები) ან პირიქით, ცდილობენ მეცნიერული ახსნა უპოვონ გარდაცვალებას (ბიოლოგიური, სამედიცინო ცნებები.) ბავშვებს ესმით, რომ სიკვდილი ცუდი მოვლენაა, თუმცა „მარადისობის“ მოვლენა მათთვის ჯერ კიდევ გაუგებარი და არარეალურია.


უფროსის როლი ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ბავშვს მიღებული ტრავმა არ გაჰყვეს ცხოვრების ბოლომდე და მან შეძლოს დანაკარგთან ადაპტირება და ნორმალური ცხოვრების გაგრძელება. პირველი ნაბიჯი ასეთ დროს არის ბავშვის მიერ ემოციების გამოხატვის წახალისება. პატარას უნდა ესმოდეს, რომ სევდის და ტკივილის გამოხატვა ნორმალური, ბუნებრივი მოვლენაა და მას არ უნდა ეშინოდეს საკუთარი გრძნობების. ბავშვმა უნდა იგრძნოს უფროსების მხრიდან თანადგომა, არ უნდა შერცხვეს თავისუფლად ტირილის ან ემოციების სხვაგვარად გამოხატვის. მცირე ასაკის ბავშვებს უჭირთ გრძნობების ვერბალურად (სიტყვიერად) გამოხატვა, ასეთ დროს პატარას საკმაოდ დიდ დახმარებას უწევს ხატვა, გაფერადება, ფოტოალბომების დათვალიერება და ასე შემდეგ. უმჯობესია, თუ ბავშვს თავიდანვე შეაგუებენ რეალობასთან. მოტყუება, რომ ახლობელი „უბრალოდ სხვაგან წავიდა და მალე დაბრუნდება” კიდევ უფრო მეტად გაართულებს სიტუაციას.


გარკვეული დროის შემდეგ, აუცლებელია ბავშვი დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს, ძველ რუტინებს და საქმეებს, რათა პატარამ გაიაზროს, რომ დიდი ტკივილის მიუხედავად, მისი ცხოვრება გრძელდება ისევ ისე, როგორც უწინ.

სრული ვერსიის ნახვა cerebrum.ge