ვის ეკუთვნის ხიდის ქვეშ ნაპოვნი წინდები, რომლებიც შაქარაშვილის საქმეში დევს

  • radiotavisupleba.ge
  • 2 ივლისი 16:38

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ათტომიანი საქმიდან ირკვევა, რომ 25 ივნისს, მდინარე არაგვის ხიდის ქვეშ ადგილმდებარეობის დათვალიერების შემდეგ, ნაპოვნია შავი ფერის წინდები და შავი ფერის ფეხსაცმლის საფენები.

 

ამოღებული ნივთები 25 ივნისსვე გადაიგზავნა ქიმიურ და ბიოლოგიურ ექსპერტიზაზე იმის დასადგენად, ხომ არ აღინიშნება სისხლის კვალი და ბიოლოგიური მასალა წინდებსა და ფეხსაცმლის საფენებზე.


რადიო თავისუფლების მიერ მოპოვებულ დოკუმენტში ჩამოთვლილია, გამოძიების ის კითხვები, რომლებსაც ექსპერტიზის დასკვნამ უნდა გასცეს პასუხი:



  • არის თუ არა ნაპოვნ ნივთებზე გენეტიკური პროფილი? დადებითი პასუხის შემთხვევაში ექსპერტიზას წარედგინება შესადარებელი ნიმუში

  • აღენიშნება თუ არა ნივთებს დაზიანებების რაიმე კვალი და შეიძლება თუ არა ეს დაზიანებები განვითარებულიყო სიმაღლიდან ვარდნის შედეგად

  • აღენიშნება თუ არა წინდებსა და საფენებს დენთის კვალი

  •  აღენიშნება თუ არა ნივთებს ხელის კვალი


არაგვის ნაპირზე აღმოჩენილი წინდებისა და ფეხსაცმლის საფენების შესახებ, ამ დრომდე არაფერი იყო ცნობილი.


გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ფიგურირებდა მხოლოდ შავი ფერის სპორტული ჩანთა, რომელიც გამოძიებამ 19 ივნისს, მაშინ აღმოაჩინა ხიდის საყრდენ სვეტზე შემოდებული, როდესაც საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმესთან, გურამ ამირხანაშვილთან ერთად, საგამოძიებო ექსპერიმენტს ატარებდა.


დადასტურებულია, რომ შავი ჩანთა სწორედ გიორგი შაქარაშვილს ეკუთვნოდა. თუმცა, როგორ აღმოჩნდა ჩანთა ხიდის საყრდენ სვეტზე, ამის შესახებ გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. ჩანთა, ისევე როგორც წინდები, გადაგზავნილია ექსპერტიზაზე.


გიორგი შაქარაშვილის ცხედრის აღმოჩენისა და დათვალიერების ოქმში დეტალურადაა აღწერილი, რა ეცვა და რა მდგომარეობაში იპოვეს ცხედარი მყვინთავმა-მაშველებმა.


მაშველებისა და ექსპერტების მიერ ხელმოწერილ ოქმში მითითებულია, რომ გიორგი შაქარაშვილს „აცვია შავი შორტი, მომწვანო ორნამენტებიანი მოკლესახელოებიანი დღის პერანგი, ჰკიდია მოყვითალო ფერის ძეწკვი და ასეთივე ფერის ჯვარი“, ოქმის მიხედვით ირკვევა, რომ მას ფეხსაცმელი არ ეცვა და კიდურებზე აღენიშნებოდა წყალში დიდხანს ყოფნის კვალი.


 

სრული ვერსიის ნახვა radiotavisupleba.ge