"30 წელია ამ სფეროში ვარ და არ მახსოვს, ასეთი გამომწვევი ნაბიჯი ყოფილიყო"

  • 20 ნოემბერი 13:15

"30 წელია ამ სფეროში ვარ და არ მახსოვს, ასეთი გამომწვევი ნაბიჯი ყოფილიყო", - ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა "პირველთან" საუბარში, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საოკუპაციო რეჟიმი ზოგჯერ 2 თვით უკანონოდ აკავებს ადამიანს, ასამართლებს და შემდეგ ათავისუფლებს, თუმცა, ვინაიდან ხელისუფლების მხრიდან გაკეთდა განცხადება, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი რამდენიმე დღეში გათავისუფლდება, ე.ი ამ მიმართულებით ნაბიჯებს დგამს.


"ხელისუფლება ცოტა უცნაურად მოიქცა, ადამიანი 9 ნოემბერს არის დაკავებული, ამის შესახებ იცოდნენ, თუმცა როგორც ვიცი, ვიდრე ოსურმა მხარემ არ გაახმაურა, მანამდე არ ამჟღავნებდნენ გარკვეულ მოქმედებებს, მერე გააქტიურდნენ. 2-3 დღის წინ განაცხადეს, რომ რამდენიმე დღეში გათავისუფლდებაო. მგონი, უნდა დაველოდოთ ამ რამდენიმე დღეს, ხელი არ უნდა შევუშალოთ, ეტყობა რაღაცას აკეთებენ, რადგან ასე თამამად თქვეს, რომ რამდენიმე დღეში გათავისუფლდებაო. აბა ისე სხვათაშორის ხომ არ იტყოდნენ, ეს ძალიან სერიოზული თემაა. როგორც ჩანს, ოსების განზრახვაა 2 თვე დააკავონ, შემდეგ გაასამართლონ და შემდეგ გამოუშვან. ასე აკეთებენ ხოლმე, ზოგჯერ 2 თვე აკავებენ, მერე ასამართლებენ და მერე დე ფაქტო პრეზიდენტი იწყალებს ხოლმე. მეგონა, რომ ასე გააკეთებდნენ. მათი მუშაობის სტილი ვიცი. მაგრამ, როცა ჩვენმა ხელისუფლებამ თქვა, რომ რამდენიმე დღეში გათავისუფლდებაო, გამეხარდა, ალბათ, უფრო ეფექტურად მუშაობენ, ვიდრე ოსურ მხარეს წარმოუდგენია. ამიტომ, მაინც ჯობია მათ მიერ გაკეთებული განცხადების შესრულებას დაველოდოთ და მერე მოვთხოვოთ პასუხი. რამდენიმე დღე შეიძლება იყოს 1 კვირა, მეტი ხომ არ შეიძლება იყოს. ვფიქრობ, რაღაცეები კეთდება, გუშინ ჩასულები იყვნენ ჟენევის თანათავმჯდომარეები, არ ვიცი რა პასუხით ჩამოვიდნენ. რაღაც ინფორმაციას ჩამოიტანდნენ, ეხლა ეს ინფორმაცია ანალიზდება. ინფორმაცია დახურულია, ჩვენ არ ვიცით ზუსტად რა ხდება", - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.


კონფლიქტოლოგის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე  ექიმები წინასწარ შეთანხმებით უპრობლემოდ გადადიან და ადამიანებს მკურნალობენ. მას კითხვები აქვს, რატომ გადავიდა ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ისე, რაც მისი დაკავების საფუძველი გახდა.


"გვაქვს ათეულობით ფაქტი, როცა ექიმები სასწრაფოს მანქანებით გადადიოდნენ, გადმოჰყავდათ ავადმყოფები, ან იქ მკურნალობდნენ. გალის რაიონში ჩადიოდნენ და ოპერაციებს ადგილზე ატარებდნენ ქართველი ექიმები. ოღონდ ეს იყო წინასწარ შეთანხმებული. მე მაქვს კითხვა, რატომ დასჭირდა ვაჟა გაფრინდაშვილს ასე, ტყე-ტყე გადასვლა? ვინმეს შეუთანხმა? ის არ არის რიგითი მოქალაქე, მაღალი კლასის, პროფესიონალი ექიმია, შესაბამისად, მას კარგად ესმის ეს რისკები და იცის კარგად, როგორ უნდა მოქმედებდეს. ალბათ, უნდა მოეკითხა სადღაც, როგორ შეიძლება გადავიდე ოკუპირებულ ზონაში, როგორ ვუმკურნალო ადამიანებს. თვითონ მკურნალობდა ოსებს, ოღონდ თბილისში, ეტყობა ვიღაცის იმედი ჰქონდა, ნაცნობობის, არ ვიცი, მე მხოლოდ ვვარაუდობ ახლა. შესაბამისად, მას პირველ რიგში უნდა მოესინჯა არის თუ არა საშუალება ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდეს ოფიციალურად და ფორმალურად. წესით უნდა სცოდნოდა, რომ ასეთი რაღაცეები არსებობს, რადგან ცნობილია, რომ ექიმები გადადიან, ოღონდ, შეთანხმებით. შეიძლება მან მიიღო უარი, შეიძლება უთხრეს, რომ ახლა არა, მერე. შეიძლება, როგორც პროფესიონალმა ჩათვალა, რომ ახლა დალოდების დრო არ არის და მიიღო გადაწყვეტილება გადასულიყო. ამიტომ, კითხვები ძალიან ბევრია, როგორ და რატომ მოხვდა ის იმ ვითარებაში. ალბათ, რომ დაბრუნდება და იმედია, რომ მალე დაბრუნდება, ამას ახსნის, იმიტომ, რომ მისი ახსნა აუცილებელი იქნება სხვებისთვის, რომ მეც და სხვებმაც გავითვალისწინოთ, ვინც ვმუშაობთ ამ სფეროში, რა სიახლეა ოსური მხრიდან, რადგან, ამდენ ხანს ასეთი რაღაც არ ყოფილა. ექიმების დაპატიმრება არ ყოფილა. 30 წელია ამ სფეროში ვარ და არ მახსოვს, რომ ასეთი გამომწვევი ნაბიჯი ყოფილიყო. მას შემდეგ, რაც ის მოყვება რაღაც დეტალებს, მერე მე მექნება საშუალება, გავიდე ოსურ მხარეზე და ვკითხო, ეს ასე იყო? რატომ იყო ასე, თუ ასე იყო? ვიდრე ვიღაც არ იტყვის პირველ სიმართლეს, მას ვერ დაამატებ შემდეგ სიმართლეს. მე ველოდები მის გამოსვლას და რა განცხადებებს გააკეთებს საჯაროდ, რომ ოსურ მხარეს წარვუდგინოთ ჩვენი პრეტენზიები, თუ კითხვები, რატომ მოხდა ასე, რომ შემდეგ მათგან მივიღოთ პასუხები და შესაბამისად გვქონდეს წარმოდგენა, როგორ ვიმუშაოთ ასეთ ვითარებებში. ეს მართლაც უნიკალური და უპრეცედენტო შემთხვევა", - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.


რაც შეეხება ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გაკეთებულ განცხადებას ვაჟა გაფრინდაშვილის მიერ სამხედრო ექიმის სტატუსით 2008 წლის ომში აქტიურ მონაწილეობასთან დაკავშირებით, პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ეს ბრალდება აბსურდია, რადგან პროფესიონალ ექიმს საომარ მოქმედებებში მონაწილეობაში არაფერი ესაქმება.


"ასეთი ექიმები საავადმყოფოში არიან და მუშაობენ, ამას ადასტურებენ ოჯახის წევრები, რომ სახლშიც კი არ მიდიოდა, საავადმყოფოში იყო სულ და მართლაც ასე იქნებოდა, რადგან მძიმე დღეები იყო 2008 წლის აგვისტოში. შესაბამისად, მგონი ესენი რაღაცნაირად დამძიმებას ფიქრობენ, რათა მერე უფრო გაამართლონ გაშვება. არ მგონია, დიდი ხნით დაიტოვონ ციხეში, მეტწილად აქეთ არ მიდიან. მგონი ცდილობენ, რაღაც დაამძიმონ, რომ მერე უფრო დაგვამადლონ ყველას, მსოფლიოსაც, რომ აი, ხომ ხედავთ ჩვენ რა კატეგორიის "დამნაშავე" გავუშვით. აბსურდულია, ამ კლასის ექიმს საომარ მოქმედებებში მონაწილეობა მიეღო, რადგან მათი გამოცდილება საჭროა მხოლოდ საავადმყოფოებში. ეს არის ყურით მოთრეული საქმე", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა "პირველთან" საუბრისას.


ცნობისთვის, 9 ნოემბერს საოკუპაციო ძალებმა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. 15 ნოემბერს გაფრინდაშვილს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.