სომხეთი ე.წ. კანონიერი ქურდების წინააღმდეგ კანონს ამკაცრებს - კრიმინალური ავტორიტეტები მასშტაბურ შეკრებას გეგმევენ

  • resonancedaily.com
  • 20 ნოემბერი 12:27

დეკემბრის დასაწყისში სომხეთში "კანონიერი ქურდების" მასობრივი შეკრებაა დაგეგმილი, სადაც "კრიმინალური ავტორიტეტები" სომხეთის პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის დეტალებს განიხილავენ.

ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა "პასტი" ("ფაქტი") წერ კრიმინალურ წრეებში თავის წყაროებზე დაყრდნობით.


გამოცემის ცნობით, შეკრებაში მონაწილეობას რამდენიმე ათეული კრიმინალური ავტორიტეტი მიიღებს, რომელთა შორისაც საქართველოდან და რუსეთიდანაც იქნებიან. შეკრების მთავარი მიზანი კი იმ კანონპროექტის განხილვაა, რომელიც კრიმინალური სამყაროს წინააღმდეგ საბრძოლველად სომხეთის ახალმა მთავრობამ შეიმუშავა.


აგვისტოს ბოლოს გამართულ შეხვედრაზე, სომხეთის მინისტრთა კაბინეტმა პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით, სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი შესწორებების პროექტი მოიწონა, რომელიც "კრიმინალურ სამყაროსთან" კავშირისთვის პასუხისმგებლობას ამკაცრებს. პროექტის მიხედვითაც, "კანონიერი ქურდის" სტატუსი საკმარისია იმისათვის, რომ კონკრეტულ პირს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს.


დეკემბრის შეკრებაზე "კრიმინალური სამყაროს" წარმომადგენლები სწორედ იმას განიხილავენ, თუ როგორ შეიცვლება მათი მდგომარეობა ზემოაღნიშნული კანონის მიღების შემთხვევაში და სომხეთში მათ მუდმივ ყოფნას როგორ უზრუნველყოფენ.


სომხურ მედიაში ასევე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კრიმინალური ავტორიტეტები კურორტ წახკაძორის ერთ-ერთ ფეშენებელურ სასტუმროში შეიკრიბებიან.


ცნობისათვის, 13 ნოემბერს პრემიერმა ფაშინიანმა სომხეთის პარლამენტში გამოსვლისას კანონპროექტის ავტორებზე ზეწოლის მცდელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამაზე მკაცრ რეაგირებას მოახდენს. მან პირობა დადო, რომ "ასფალტზე დააწვენს და კედელზე მიასრისავს" ყველას, ვინც გაბედავს, რომ საკანონმდებლო ინიციატივის ავტორებს დაემუქროს.


გარდა ამისა, ფაშინიანმა ღიად მიუთითა, რომ ამ ცვლილების ერთ-ერთი მოწინააღმდეგე სომხეთის სიდიდით მეორე ქალაქის, გიუმრის ყოფილი მერი ვარდან ლუკასიანია, რომელიც ამჟამად საპარლამენტო ფრაქციის "აყვავებული სომხეთის" წევრია. ლუკასიანმა ადრე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "კანონიერი ქურდები" ჭკვიანი ხალხია და ის აღნიშნულ კანონპროექტს ეწინააღმდეგება.

სრული ვერსიის ნახვა resonancedaily.com