რა სიმპტომები ახასიათებს და როგორ მკურნალობენ ყირიმ-კონგოს?

  • tv9news.ge
  • 1 ივლისი 20:16

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაის განცხადებით, საქართველოში ყირიმ-კონგოს 10 შემთხვევა ფიქსირდება.

რა არის ყირიმ-კონგოს დაავადება და სადაა გავრცელებული?


ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება (CCHF) მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული დაავადებაა. გამომწვევის ბუნებრივი რეზერვუარები არიან მღრღნელები, მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი, ფრინველები, გარეული ძუძუმწოვრები, ასევე დაავადების გადამტანები – ტკიპები.


დაავადება პირველად აღმოჩნდა 1944 წელს ყირიმში, მოგვიანებით აღირიცხა კონგოში, ნიგერიაში, სენეგალსა და კენიაში. ინფექციის სეზონურობა მოიცავს მაის-აგვისტოს პერიოდს.


როგორც „tv9news" აქვეყნებს ინფორმაციას, ყირიმ-კონგოს ვირუსი ეპიდაფეთქებებით ხასიათდება. ვირუსული ინფექციის ძირითადი გადამტანები მინდვრის თაგვები და ტკიპები არიან. ტკიპამ ჯერ უნდა უკბინოს დაავადებულ მღრღნელს, რომელიც ინფექციის ძირითადი რეზერვუარია და შემდეგ - ადამიანს.


ინკუბაციური პერიოდი შეადგენს 1-დან 14 დღემდე (უფრო ხშირად 2-7 დღე). დაავადება იწყება მწვავედ, შემცივნებით, სხეულის ტემპერატურის 39-40°С–მდე აწევით. აღინიშნება მკვეთრად გამოხატული თავის ტკივილი, სისუსტე, ძილიანობა, კუნთების, სახსრების, მუცლის არეში ტკივილი, ზოგჯერ თან ახლავს ღებინება, სახის, კისრის და გულმკერდის ზედა ნაწილის კანის გამოხატული სიწითლე (კაპიუშონის სიმპტომი).


დამახასიათებელია:


მაღალი ტემპერატურა, ჩნდება სისხლჩაქცევები კანზე, კანქვეშ, ნაკბენის მიდამოებში და ვითარდება სისხლდენა შინაგანი ორგანოებიდან. სამწუხაროდ, ეს საკმაოდ მძიმე ვირუსული დაავადებაა და მაღალი ლეტალობით ხასიათდება. დაავადებულთა დაახლოებით 40% იღუპება. ხშირ შემთხვევაში მკურნალობას არ ექვემდებარება.


მნიშვნელოვანია პროფილაქტიკური ღონისძიებები:


იმის გამო, რომ არ არსებობს ვაქცინა, ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების ერთადერთი საშუალება არის ადამიანთა ინფორმირება რისკ-ფაქტორებთან დაკავშირებით.



  • დამცავი ტანსაცმლის ტარება (გრძელი შარვლები და გრძელი სახელოები)

  • ღია ფერის ტანსაცმლის ტარება, რომელზედაც ადვილად გამოჩნდება ტკიპა

  •  ტანსაცმლის და კანის საფარველის რეგულარული დათვალიერება ტკიპის აღმოჩენის მიზნით, მისი არსებობის შემთხვევაში კი უსაფრთხო მეთოდებით მოცილება

  • ტკიპების საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება ცხოველთა სადგომში

  • ცხოველის დაკვლის ან მოვლის დროს ხელთათმანებისა და დამცავი ტანსაცმლის ტარება

  • მოვერიდოთ დაინფიცირებულ ადამიანებთან მჭიდრო კონტაქტს

  • დაინფიცირებული ადამიანის მოვლისას ჩავიცვათ ხელთათმანები და დამცავი ტანსაცმელი

  • რეგულარულად დავიბანოთ ხელები


ცნობისთვის, საქართველოში ყირიმ-კონგოს 10 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.


ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, საქართველოში ფაქტობრივად აღარ გვყავს პაციენტი ყირიმ-კონგოს დიაგნოზით.

სრული ვერსიის ნახვა tv9news.ge