პუტინი საარჩევნო უბანზე პირბადის გარეშე გამოცხადდა

  • bbc.com
  • 1 ივლისი 17:35

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საჯაროდ კვლავ პირბადის გარეშე გამოჩნდა.

რუსეთის მოქმედმა პრეზიდენტმა დღეს ხმა თავის საარჩევნო უბანზე საკონსტიტუციო ცვლილებებს მისცა.


გარდა პრეზიდენტისა, დარბაზში მყოფი ყველა ადამიანი პირბადითა და ერთჯერადი ხელთათმანებით იმყოფებოდა.


მან ამ ნაბიჯით კარანტინის წესები დაარღვია, რადგან რუსეთში მოქმედი წესების მიხედვით, პირბადის ტარება კვლავ სავალდებულოა დახურულ საჯარო სივრცეში.



რუსეთის პრეზიდენტი პირბადეს პანდემიის დაწყების დღიდან არ ატარებს. თუმცა მარტში კომუნარკას ჰოსპიტალში ვიზიტის დღეს, როდესაც მან COVID-19-ით დაინფიცირებული პაციენტები მოინახულა, პუტინი საზოგადოებას სრული დამცავი კომბინეზონით წარუდგა.  


იმავე ვიზიტის განმავლობაში, პუტინი კომუნარკას ჰოსპიტალის ხელმძღვანელს, დენის პროცენკოს შეხვდა. პირბადე არც ერთ მათგანს არ ეკეთა. ერთი კვირის შემდეგ პროცენკოს კორონა ვირუსი დაუდგინდა, პუტინი კი თვითიზოლაციაში გადავიდა.


ცნობისათვის - 25 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით რუსეთში საყოველთაო რეფერენდუმი ტარდება. გამოკითხვა შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის დადებითად გადაჭრის შემთხვევაშიც, პუტინი 2024 წლიდან კვლავ ორჯერ იყრის კენჭს პრეზიდენტობისთვის, შესაბამისად, მისი მმართველობის ვადა 2036 წლამდე გაგრძელდება.


გამოკითხვა ორი მეთოდით - ონლაინპლატფორმით და საარჩევნო უბნებზე ხორციელდება. რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიხედვით, აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის გამო მიიღეს, რათა საარჩევნო უბნები არ გადატვირთულიყო. რეფერენდუმში მონაწილეობა მომგებიანია: თამაშდება ისეთი პრიზები, როგორიცაა, ბინები, ავტომობილები, სმარტფონები, სხვადასხვა მაღაზიების ვაუჩერები, ნაღდი ფული და ა.შ.


რეფერენდუმი დღეს, მოსკოვის დროით 20:00 საათზე დასრულდება. პარლამენტის ორივე პალატამ საკონსტიტუციო ცვლილებები უკვე დაამტკიცა, თუმცა რეფერენდუმის ჩატარება, პუტინის თქმით, ცვლილებებს ლეგიტიმურობას შესძენს. შეცვლილი კონსტიტუცია რუსეთის წიგნების მაღაზიებში უკვე იყიდება.  

სრული ვერსიის ნახვა bbc.com