ძალადობაში ბრალდებულს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

  • 1 ივლისი 16:45

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დისკრიმინაციული ფორმით ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ბრალდებული შ.შ. დამნაშავედ ცნო.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 8 ნოემბერს, დაახლოებით 19:45 საათზე, თბილისში, კოსტავას ქუჩის N36/1-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, კინოთეატრ „ამირანის“ წინ მიმდინარე აქციის დროს, შ.შ-მ გარეგნული იერსახისა და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მობილური ტელეფონი ესროლა ა.ს-ს, რაც ამ უკანასკნელს სახის არეში მოხვდა. შედეგად,  დაზარალებულმა მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.


სამართალდამცველებმა შ.შ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 


თბილისის საქალაქო სასამართლომ შ.შ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.


საქართველოს პროკურატურა მკაცრ პოლიტიკას ატარებს დისკრიმინაციული ფორმით ჩადენილ ძალადობრივ დანაშაულებთან მიმართებით.