„26 მაისის აქციას შალვა უნდა შემოერთებოდა, მითხრეს, რომ 300 000$ აიღო, მოსკოვიდან გამოუგზავნეს და არ მოვიდა“ - ლაშა ამირეჯიბი

  • alia.ge
  • 30 ივნისი 12:41

„ალიას“ ესაუბრება სამოქალაქო აქტივისტი, ლაშა ამირეჯიბს, გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.

– თქვენ „სახალხო კრების“ ერთ–ერთი დამფუძნებელი იყავი. „სახალხო კრება“ ნინო ბურჯანაძის მხარდამჭერი ორგანიზაცია იყო. დღეს ნინო ბურჯანაძე გაერთიანებულ ოპოზიციაშია „ნაცებთან“ და ევრონაცებთან“ ერთად.


– გული დამწყდა, ნინო ბურჯანაძე რომ მაგათთან მივიდა. გაიხსენოს, რამდენი გვაქვს გადატანილი ერთად მიშას ოპოზიციაში ყოფნისას,  26 მაისი და სხვა აქციები გაიხსენოს, ველურებივით რომ დაგვარბიეს „ნაცების“ „ზონდერებმა“. მაკო გომური ბავშვია და თვალი რომ დასთხარეს, ეს  ტრაგედიაა, ძალიან მეწყინა. თუმცა, როდესაც ნინო ბურჯანაძე მაკო გომურზე ლაპარაკობს, იქვე გაიხსენოს 26 მაისს მოკლული ნიკა კვინტრაძე და სულიკო ასათიანი. 25  ივნისს  დაზარალებულ და ნაცემ ხალხზე რომ ლაპარაკობს, 26 მაისს ფეხქვეშ რომ გაგვიფინეს „ზონდერებმა“, თავები დაგვიხეთქეს, ეგეც თქვას.


ნინო ბურჯანაძის თანაპარტიელები ბევრნი იყვნენ მათ შორის, მისი ერთგული თანამებრძოლები და მათზე იდგა პარტია. მიკვირს, ნინო ბურჯანაძე იქ რომ არის. კი, მისი ნებაა, იქ რომ ზის და ამას არავინ  უშლის. ეგ არის, „ნაცებს“ იმ შავბნელ წარსულს აღარ უხსენებს. ნინო ბურჯანაძეს ყველა არჩევნებში ჰქონდა  ხმების 8–10%. უკეთესი იქნებოდა, დამოუკიდებლად გამოსულიყო არჩევნებზე, ამ ხმებს მიიღებდა და შევიდოდა თავისი გუნდით პარლამენტში  დაუმადლებლად და დაუყვედრებლად.


ახლა, რომც მოხვდეს პარლამენტში, სულ „ნაცების“ მოკავშირეობა უნდა წამოაძახონ. რეიტინგი, მხარდამჭერებიც დაკარგა „ნაცებთან“ და ბოკერიას გვერდით დგომით. ამას გულდაწყვეტით აღვნიშნავ და ვერ გამიგია, ეს ნაბიჯი რატომ გადადგა ბურჯანაძემ.  


ერთსაც დავამატებ, 26 მაისზე ვლაპარაკობთ. 26 მაისის აქციას შალვა ნათელაშვილიც უნდა შემოერთებოდა. 25 მაისს, საღამოს უნდა მოსულიყო. ერთმა ადამიანმა მითხრა, რომ ნათელაშვილმა ამაში 300 000 დოლარი აიღო. ეს ფული მოსკოვიდან გამოუგზავნეს. არ მოვიდა შალვა და დაგვაღალატა, არადა, ველოდებოდით მასაც და მის მხარდამჭერებსაც. გვიღალატა შალვამ. ესეც არ ახსოვს ქალბატონ ნინოს? ამ ფულის ამბავი მომიყვა კაცმა, რომელსაც რუსეთიდან ურეკავდნენ და ეკითხებოდნენ, მოვიდა თუ არა შალვაო. ეს ფული აიღო და არ დააბრუნა შალვამ. თანხის მცირე ნაწილი, როგორც  მითხრეს, გადაურიცხა 26 მაისს დაჭერილ რამდენიმე ადამიანს, 1000–1000 ლარი,  დაახლოებით 20 კაცს. დანარჩენი ფული რომ მოჰკითხეს, უთხრა, ის ფული საპატრიარქოს შევწირეო. რაც  მითხრეს, იმას გიყვები.

სრული ვერსიის ნახვა alia.ge