„გიორგის დღეს შეიძლება ვარჯიში ჰქონდა, ან თამაში"

  • 30 ივნისი 12:06

ბლოგერი ნიკა ჯიაძე სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს და გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება.

 

„გიორგის დღეს შეიძლება ვარჯიში ჰქონდა, ანდა თამაში.


რამდენიმე დღეა გიორგი შაქარაშვილზე ვკითხულობ. მისი პროფილიც გადავათვალიერე. უპირველესად შევამჩნიე მისი მორიდებული, მორცხვი, კეთილი სახე.


ის ცოცხლობდა, როგორც ყველა ცოცხალი ახალგაზრდა. მას ჰქონდა მიზანი და ოცნება. ახლა კი მისი განსვენებული სხეული ვეღარაფერს აკეთებს, მაგრამ ძალიან ბევრს ამბობს.


პირველი, რასაც ამბობს:


ყველაზე დიდი კაცობა სხვისთვის სიცოცხლის დათმობაა.


ყველაზე დიდი ლაჩრობა კი სიცოცხლის წართმევა.


ნუ გგონიათ ბიჭობა ყვირილი, მუშტი-კრივი, დანის გამოსმა, შუბლის გახვრეტა.


ფიქრადაც კი არ დაუშვათ ვინმეზე, სიცოცხლეს მოვუსპობო. ფიქრები საბოლოოდ ქმედებებად გვეპარებიან.


დაუკვირდით რას ფიქრობთ! ცუდი განზრახვა შემთხვევაში კი არა, თავშია.


დიდსულოვნება, დათმობა, პატიება, ხშირად უკან დახევა, გაფრთხილება, დახმარება და სიყვარულია ეგ თქვენი კაცობა!


მეორე, რასაც ამბობს – ერთი ზარი ერთი სიცოცხლეა!


როდესაც ვინმეს დასაღუპად სცემენ – ერთი ზარი ერთი სიცოცხლეა!


როცა დანაშაული გარდაუვალია და შენ ეს იცი – ერთი ზარი ერთი სიცოცხლეა!


როდესაც შენ დუმხარ ვიღაც იღუპება.


არ გაჩუმდე როცა ვალდებული ხარ ილაპარაკო – ერთი ზარი ერთი სიცოცხლეა!


მესამეც: ახალგაზრდებს გვახასიათებს თავისუფლება. „მეტი თავისუფლება, მეტი თავისუფლება”, ვიძახით.


თავისუფლებას პასუხისმგებლობა მოჰყვება. მზად ვართ პასუხისმგებლობისთვის? მაშინ მზად უნდა ვიყოთ დაბრკოლებისთვის, საფრთხისთვის, სირთულისთვის, ცდუნებებისთვის. თუ გვინდა თავისუფლება მაშინ დაგვჭირდება რჩევა, გამოცდილება და სიბრძნე, რომლებიც ჩვენს წინამორბედებს აქვთ.


ახლა კოლოსალური თითი ერთი გოგონას მიმართაა გაშვერილი. „ყველაფერი მისი ბრალია!”


დაბადების დღეს შემდეგაც გადაიხდიან. ისევ მოხვდებიან უცხო ადამიანები ერთ სივრცეში.


პრობლემა ერთში კი არა თითოეულშია.


ჩვენ ვამბობთ: „მენტალიტეტია ასეთი”. ის კი არ ვიცით, რომ მენტალიტეტი მხოლოდ და მხოლოდ მაგალითია.


რა მაგალითს აძლევ? როგორ აზროვნებ? როგორ იქცევი ყოველდღიურად? აფასებ ადამიანის სიცოცხლეს?


ბოლოს როდის შეიკავე თავი? ბოლოს როდის გადაარჩინე?


მენტალიტეტი მხოლოდ და მხოლოდ მაგალითია!


მე ვაპირებ მაგალითი მივცე, რადგან
გიორგის დღეს შესაძლოა ვარჯიში ჰქონოდა ანდა თამაში."- წერს ბლოგერი.