წულუკიძე: თუმანიშვილს უთქვამს - კახი კავსაძემ პროფესია შეცდომით აირჩია, მსახიობობა მაგის საქმე არ არისო

  • თბილისელები
  • 29 ივნისი 16:38

თეატრმცოდნე და ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ მსახიობ კახი კავსაძესთან დამეგობრების ისტორიას იხსენებს და კავსაძის შესახებ აქამდე უცნობ ამბებს ჰყვება.

გთავაზობთ ამონარიდს ჟურნალ „თბილისელების“ დღევანდელ ნომერში გამოქვეყნებული ინტერვიუდან.


ნიკოლოზ წულუკიძე: ჩემი პირველი სადიპლომო ნამუშევარი „მოხუცი ჯამბაზები“იყო, რომელზეც შემდეგ წიგნი დავწერე. როდესაც მასზე მუშაობა მომიწია, სტუდენტი ვიყავი და წარმოიდგინეთ, რამხელა სიხარულის განცდა იყო კახი კავსაძესთან, გურამ საღარაძესთან, მედეა ჩახავასთან, ზინა კვერენჩხილაძესთან, კარლო საკანდელიძესთან, ჯემალ ღაღანიძესთან ყოველდღე ურთიერთობა. ყოველდღე მათ რეპეტიციაზე ვიჯექი, ვიღებდი და ჩემთვის ვაკეთებდი ჩანაწერებს. უნიკალური მასალა მოვაგროვე. ერთ დღესაც წავედით რუსთავში გასტროლებზე, „მოხუცი ჯამბაზები“ ჩავიტანეთ, წარმოდგენის შემდეგ, საღამოს, სუფრაზე თამადა კახი კავსაძე გახლდათ. დაიწყო საუბარი და თქვა: მე ახლა ნიკა წულუკიძის სადღეგრძელო უნდა შევსვა... ვერ გეტყვით, ეს რა ემოცია იყო. ამ დროს მეგონა, ბატონ კახის შემჩნეულიც კი არ ჰქონდა ჩემი იქ ყოფნა. რამხელა გამბედაობა მომცა ამ სიტყვებით – ჩემთვის, მორიდებულად ვიჯექი და უცებ ამხელა კაცმა ჩემი სადღეგრძელო წარმოთქვა. ეს დაუჯერებელიც კი იყო ჩემთვის. იმ დღიდან დაიწყო ჩემი და ბატონი კახის მეგობრობის ისტორია. ეს იყო დაახლოებით 15 წლის წინ. ამ დღის მერე ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, კახი კავსაძეს მოეყოლა თავისი ისტორიები, რომლებსაც საზოგადოებას შემოვუნახავდი.


– იქნებ რომელიმე მათგანი გაიხსენოთ...


– დიახ, რა თქმა უნდა. როცა რუსთაველის თეატრში კახი კავსაძე ახალი მსახიობი იყო, მიშა თუმანიშვილს უთქვამს: მთავარია, პროფესია სწორად აარჩიო. აი, კახი კავსაძემ კი შეცდომით აირჩია, მსახიობობა არ არის მაგის საქმეო. გაგიჟებულა კახი – მიშა თუმანიშვილმა, ამხელა რეჟისორმა, ასეთი რაღაც თქვაო. მომიყვა: მთელი ცხოვრება ეს ნათქვამი გამყვა და როცა რამეს ვაკეთებდი, სულ მინდოდა, მისთვის დამემტკიცებინა, რომ არტისტობა ნამდვილად შემეძლოო. ამ ამბიდან დიდი ხნის მერე, კახის შეხვედრია ბატონი მიშა. მიყვება: ვხედავ ფეხით მოდის მიშა თუმანიშვილი და მოაქვს ბარგი, მე მანქანით ვარ. გავუჩერე და ვუთხარი: ბატონო მიშა, სად მიგიყვანოთო. ჩაჯდა და წავედითო. იმ ხანად ბატონ მიშას ახალი დაარსებული ჰქონია თეატრი და გზაში უთქვამს კახისთვის: ერთი სამი შენნაირი არტისტი რომ დამამატებინა დასისითვის, კარგი იქნებაო. ამ დროს უცებ გაუჩერებია კახის მანქანა, მიბრუნებია და უკითხავს: ახლა ვარ კარგი არტისტი, ბატონო მიშაო. აი, ამ ნათქვამით იმუშავა ბატონმა კახიმ საკუთარ თავზე. ამ ამბავთან დაკავშირებით, რობერტ სტურუამ მიამბო ერთი ისტორია: თურმე, რეპეტიციის დროს დაურეკავს კახის ბატონი რობერტისთვის და ალექსანდროვის ბაღში შეხვედრა უთხოვია. დაუთქვამთ შეხვედრა და მისულან. კახის უთქვამს: ჩემი მეგობარი არის დიდი საწყობის უფროსი და ერთ-ერთი ავეჯის ცეხის უფროსად მნიშნავს. არ ვიცი, მსახიობობა გამოვა, თუ არა, ამიტომ მინდა, თავი გავანებო და ცეხში წავიდეო. რობერტ სტურუას უპასუხია: რას ჰქვია, უნდა წახვიდე, შენ სჭირდები თეატრს და გვჭირდები ჩვენო. ალბათ, ბატონ კახისაც ამის მოსმენა უნდოდა დიდი რეჟისორისგან, რადგან ჩარჩენილი ჰქონდა მიშა თუმანიშვილის სიტყვები. ასე გადააფიქრებინა ბატონმა რობერტმა თეატრზე უარის თქმა კახი კავსაძეს და აღარ დაუნებებია თავი.

წყარო: თბილისელები