18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაშავებული 5 ადამიანიდან 2 საავადმყოფოში რჩება

  • pia.ge
  • 19 ნოემბერი 12:19, 2019 წელი

გუშინდელი აქციის შედეგად, სულ, 5 ადამიანი იქნა ჰოსპიტალიზირებული, მათგან ორი სამართალდამცველია.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, 3 სამოქალაქო პირი უკვე გაწერილია ბინაზე.


კლინიკებში რჩება 2 პოლიციელი, რომლებსაც დაზიანებები თავისა და ხელის არეში ჰქონდათ მიყენებული. სამართალდამცველებს შესაბამისი ქირურგიული ოპერაციები ჩაუტარდათ და ამ დროისთვის, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.


შეგახსენებთ, რომ 18 ნოემბერს, დაახლოებით, 17:00 საათისთვის დაიწყო პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დაშლა. აქციის დასაშლელად გამოიყენეს წლის ჭავლი. ამ დროისთვის, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 10-მდე კარავია გაშლილი, საავტომობილო მოძრაობა კი, აღდგენილია.


მანამდე, აქციის მონაწილეებს პოლიციამ გაფრთხილება მისცა, რომ 30 წუთის განმავლობაში დაეშალათ ბარიკადები და დაეტოვებინათ ტერიტორია. შეგახსენებთ, რომ პარლამენტი ბოლო ორი დღის საღამოს შემდეგ პიკეტირებული იყო. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ უმრავლესობის დეპუტატებს პარლამენტში არ შეუშვებდნენ, სანამ მათი მოთხოვნა, საარჩევნო სისტემის შეცვლაზე, არ დაკმაყოფილდებოდა.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge