"მომწონს, საკუთარი თავის დელეგიტიმაცია რომელსაც ლეგიტიმაცია დაკარგული აქტორები ეწევიან"

  • 18 ნოემბერი 14:04

მოძრაობა "თეთრი ხმაურის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი ბექა წიქარიშვილი საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას ეხმაურება:

"რაღაცით მომწონს ეს მდგომარეობა. არ მომწონს კრიზისს რომ ვუწოდებთ, ეს შთაბეჭდილებას ქმნის თითქოს ოდესმე არ ვიყავი კრიზისში და ახლა ვართ, რაც მცდარია.


უფრო იმ აზრს ვიზიარებ, რომ დამოუკიდებლობის დღიდან კრიზისში ვართ, შიგადაშიგ მცირე სიმულაციური დაღწევებით. კრიზისის კრიზისი შედარებით უფრო მიესადაგება დღევანდელობას.


მიჭირს ზუსტად გადმოვცე ის რაც მომწონს ამ გაუსაძლისობაში:


რაღაც, რაც ყველა აქტორს უბიძგებს საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანოს; მიმართოს თვითლუსტრაციის გაუცნობიერებელ აქტებს; გამოკვეთოს საკუთარი როლი საყოველთაო აუტანლობაში; გვაჩვენოს საკუთარი უსუსურობა, უმწეობა; სიყალბე, თავისი თავის ცრუხატი; გააცხადოს, რომ მისი სიცილი ტირილია და პირიქით; გამოამზეუროს ყალიბი რომელშიც ჩამოუსხამთ.


რაღაც, რაც ყველა აქტორს უბიძგებს, დაუსრულებელ წრებრუნვაში, კიდევ ერთხელ, დემონსტრაციულად და ამჯერად სრული მონდომებით, გამართოს მრავალგზის ნაჩვენები წარმოდგენა და ამით საბოლოოდ დაგვანახოს რომ დეკადანსშია.


მომწონს, საკუთარი თავის დელეგიტიმაცია რომელსაც ლეგიტიმაცია დაკარგული აქტორები ეწევიან.


და რადგან ნოემბერში ცა უფრო გამჭვირვალეა, და ექვსი თვე ღვინოს ვერ დავლევ, ჭეშმარიტებაზეც თავს ვერ დავდებ. გაუმარჯოს დიად არარაობას!" - წერს ბექა წიქარიშვილი.