კალაძე: აქციების რეალური ორგანიზატორი "ნაციონალური მოძრაობაა", რეალური მიზანი კი, პოლიტიკური პროცესის დესტრუქციულ რელსებზე გადაყვანა

  • 18 ნოემბერი 12:29

"გუშინ ყველამ კარგად დაინახა, რომ აქციების რეალური ორგანიზატორი იყო "ნაციონალური მოძრაობა" თავისი განშტოებებით",- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის გენერალურმა მდივანა კახა კალაძემ,"ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

"გუშინ ყველამ კარგად დაინახა, რომ აქციების რეალური ორგანიზატორი იყო "ნაციონალური მოძრაობა" თავისი განშტოებებით. ამ აქციის საბაბი პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნა, რეალური მიზანი კი, პოლიტიკური პროცესის დესტრუქციულ რელსებზე გადაყვანაა. ეს პოლიტიკური ძალა წლების განმავლობაში საკონსტიტუციო უმრავლესობის სისტემით მართავდა ქვეყანას და შერეული საარჩევნო სისტემის პროპორციულით შეცვლა ერთხელაც არ უფიქრია",- აღნიშნა კალაძემ.


შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე მეხუთე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. გუშინ, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის დროს პარლამენტის ყველა შესასვლელის პიკეტირება მოხდა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დეპუტატებს არ მისცემენ საშუალებას შევიდნენ შენობაში და მუშაობა განაგრძონ. პროტესტის მიზანს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება წარმოადგენს.


საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას გულისხმობს, 14 ნოემბერს, პარლამეტში პირველივე მოსმენაზე ჩავარდა. ცვლილებებს მხარი 101-მა დეპუტატმა დაუჭირა, 3-მა დეპუტატმა კანონპროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 37-მა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. საკონსტიტუციო ცვლილებების დასამტკიცებლად 113 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.