„მსახიობს არასოდეს უჭირდა ასე, ივანიშვილის დახმარებაც ჯერ შემცირდა და მერე საერთოდ გაქრა“

  • ალია
  • 26 ივნისი 10:03

„ალია“ ესაუბრება მსახიობ ბესო ზანგურს დღევანდელ სოციალურ-პოლიტიკურ რეალობასთან დაკავშირებით.

– რისი შეცვლის იმედი გექნებათ არჩევნების მერე, თუ „ოცნებამ“ გაიმარჯვა?


– აუცილებლად უნდა მიხედონ კულტურას, საქართველოში რომ კულტურა არ იყოს მიხედული, ეს არის ქვეყნის უბედურება. ჩვენი ქვეყანა ყოველთვის იყო ტრადიციული და სიმღერა თუ ცეკვა სიამაყით გაგვქონდა საზღვარგარეთ. ახლა საერთოდ მიიჩქმალა, კულტურის სამინისტროც კი გაუქმდა. შემცირდა დაფინანსებები. მსახიობები სასაცილო ხელფასებზე სხედან. ქართველ მსახიობს ახლა რომ უჭირს, ასე არც ერთი ხელისუფლების დროს უჭირდა, არც „ნაციონალების“ დროს, სხვათა შორის.


– ივანიშვილის დახმარებას აღარ იღებთ, ხო?


– ივანიშვილის დახმარება აღარ გვაქვს. ნელ-ნელა შემცირდა. 2013 წელს მე პირადად მქონდა 105 ლარი, შემდეგ გამიხდა 90 ლარი, შემდეგ 24 ლარი და მერე საერთოდ გაქრა.


– იცის ივანიშვილმა?


– არ არსებობს, რომ არ იცოდეს, ჩემი აზრით, არ არსებობს არც ერთი ბატონი, რომელმაც ზედმიწევნით სრულად არ იცის, რა ხდება მის სამფლობელოში. ის რომ, ვითომ არ იცის – მოგონილია, ყველამ ყველაფერი კარგად იცის.


– რას ამბობენ, რატომ გაუქმდაო?


– გადაანაწილეს პენსიებზე, მაგრამ რა გვქონდა საცოდავ მსახიობებს იმდენი, რომ ჩვენი კაპიკების მოხსნა პენსიონრებს დაეხმარებოდა, არ ვიცი…


– ის ხალხი, რომლებიც „ოცნების“ უკმაყოფილოა, ვის მისცემს ხმას?


– არ ვიცი, მე პირადად ისევ „ქართულ ოცნებას“ მივცემ ხმას. „ოცნებამ“ დიდი ტვირთი და ბოროტება მოაცილა საქართველოს და ძალიან ბევრ რამეს აკეთებს.


ყველა არჩევნებზე გვერდით ვედექი და მთელი საქართველო მართლა ფეხით მოვიარე – მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა დამიფასა ეს სიარული და ეს დაფასება ისაა, რომ ქვეყანას ემსახურებიან უანგაროდ, ესენი არიან, გიორგი გახარია, კახა კალაძე, ირაკლი ღარიბაშვილი, თეა წულუკიანი. როგორ შეიძლება ამ ადამიანებს დაუკარგო თავისი ღვაწლი?

წყარო: ალია