გიორგი თარგამაძე ტელეკომპანია "ფორმულაზე" გადაცემას წაიყვანს

  • netgazeti.ge
  • 17 ნოემბერი 20:37

პარტია "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე გიორგი თარგამაძე ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში ახალ გადაცემას წაიყვანს, რომლის სახელიც "გიორგი თარგამაძის ფორმულა" იქნება.

ტელეარხის ცნობით, ეს იქნება ყოველდღიური ანალიტიკური ტოქ-შოუ, რომელსაც ეყოლება სტუმრებიც.


გიორგი თარგამაძე 1999 წლის მოწვევის პარლამენტარი იყო, 2000-იანი წლების დასაწყისიდან კი პარლამენტი დატოვა და ტელეკომპანია "იმედში" დაიწყო მუშაობა. ის იყო "იმედის" საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების დირექტორი, ასევე, ყოველკვირეული გადაცემა "დროების" ავტორი და წამყვანი.


2007 წელს ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის შემდეგ გიორგი თარგამაძემ "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" დააფუძნა და 2008 წელს პარლამენტშიც შევიდა. ის 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც მონაწილეობდა, თუმცა ხმების მხოლოდ 1% მიიღო. მას შემდეგ თარგამაძე პარტიულ პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორდა.


ტელეკომპანია "ფორმულა" მიმდინარე წელს დაფუძნდა და იქ, ძირითადად, "რუსთავი 2-დან" წამოსული ჟურნალისტები მუშაობენ. საკონტროლო პაკეტს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ფლობს და დაფინანსების მთავარი წყაროც სწორედ ის არის.

სრული ვერსიის ნახვა netgazeti.ge