ნატო გელაშვილი: მე ვარ ადამიანი, რომელიც არასოდეს იბრძოდა წარმატებისთვის

  • თბილისელები
  • 24 ივნისი 18:40

კომპოზიტორისა და მომღერლის, ნატო გელაშვილი ამბობს, მიუხედავად ცხოვრებაში განცდილი დიდი იმედგაცრუებების, ტკივილისა და ტრაგედიისა, იმ ბედნიერი წამებისთვის ღირდა მისი ცხოვრება, რასაც მას უცნობი ადამიანები ყოველ ფეხის ნაბიჯზე უანგაროდ ჩუქნიან.

გთავაზობთ ინტერვიუდან ამონარიდს, რომელიც ჟურნალ „თბილისელებში“ გამოქვეყნდა:


ნატო გელაშვილი: მიუხედავად ყველაფრისა, იღბლიანი ვარ – ბევრი ადამიანის სიყვარული დამაქვს გულით, ბევრი ადამიანის გაღიმებული სახე მხვდება ქუჩაში, კარგი შვილები და მეგობრები მყავს. იღბალიც, სწორედ, ეს არის. წლების მატებასთან ერთად კი ბევრი რამ გადავაფასე. ოცნებაში ვიყავი ჩარჩენილი და მივხვდი, ბევრი ადამიანი ძალიან კარგი მსახიობია. ამიტომ, ურთიერთობების გადაფასებაც მომიწია. იყო ნდობა და მერე – იმედგაცრუება, მე ეს საკმაოდ ტკივილიანად გამოვცადე. ასე რომ, მოულოდნელი, ტკივილიანი იმედგაცრუებები საკმაოდ ბევრი იყო ჩემს ცხოვრებაში.


– ნატო, რამდენად რთულად ან იოლად მოდის შენამდე წარმატება?


– მე ვარ ადამიანი, რომელიც არასოდეს იბრძოდა წარმატებისთვის. უბრალოდ, გულით ვაკეთე ყველაფერი, გულით მივედი ადამიანებამდე და გულით შემიყვარეს. არ ვარ ის ადამიანი, ვინც საკუთარ თავს რეკლამას უკეთებს. იშვიათად ვჩანვარ. ამ სფეროში დავბერდი და ყველამ იცის, რომ ხშირად ვამბობ უარს ტელევიზიაში მისვლასა თუ პრესაში გამოჩენაზე. მე ჩემი ნაჭუჭი მიყვარს და ნაჭუჭიდან გამოსვლა ყოველვის იყო ახალი სიმღერა, ჩემი ის ტკივილი, სიხარული თუ განცდა, რითიც, ადამიანებს სიმღერის ენით ველაპარაკებოდი. არასოდეს მომიტყუებია ადამიანები, ყოველთვის ალალი და წრფელი ვარ მათ წინაშე. აქედან გამომდინარე, ალბათ, ეს არის ჩემი წარმატების შედეგი. თორემ, რომ გითხრათ, პოპულარობისთვის ვიღვწოდი, ამისთვის დღესაც ვიბრძვი ან რამეს ვაკეთებ-მეთქი, მოგატყუებთ.


– შენს ერთ-ერთ ლექსში წერ: „არის ცხოვრება მუქი, მაგრამ მკვეთრი... სევდნარევი ღიმილით ბედით“. რეალურად, რამდენად მუქი და მკვეთრია შენი ცხოვრება და რამდენად დაგყვა ღიმილიანი, სევდნარევი ბედი?


– განწყობის ადამიანი ვარ, არც ჭორაობა მიყვარს, არც ჩემს თავზე საუბარი და არც ჩემი ტკივილის თავზე მოხვევა. ჩემი ერთადერთი „დაცლის“ საშუალებაფურცელი და კლავიშია, სადაც ჩემი განცდა გადამაქვს. სწორედ, ფურცელი და კლავიშია ჩემი ყველაზე სანდო და ერთგული მეგობარი. და, რაც მთავარია, ყოველთვის წრფელი. არასოდეს ვრითმავ იმიტომ, რომ რითმას უხდება. უბრალოდ, ვეძებ იმ სიტყვას, რომელიც იმწუთას შეესაბამება ჩემს მდგომარეობას. რომ დავწერე, ცხოვრება მუქია, ძალიან მუქი-მეთქი, აქ მე ჩემი ტრაგედიები ვიგულისხმე და ამ ტრაგედიებით გამუქებული ჩემი ცხოვრება. მართლა მუქი ცხოვრება მაქვს, თუმცა მკვეთრიც. მკვეთრი იმიტომ, რომ მიწევს ვიკაშკაშო, ვიღიმო, არავის მოვახვიო ჩემი დარდი. ასე რომ, როცა ადამიანი სცენაზე დგახარ, მკვეთრია შენი ცხოვრება, მის მიღმა კი, მუქი.


– რა იყო ყველაზე დიდი დარტყმა, რაც ცხოვრების ბოლომდე მტკივნეულად გაგყვება?


– წარმატების მიღმა იყო ბევრი ტკივილი. ყველაზე დიდი ტკივილი კი ჩემი ძმის დაკარგვაა. მისი იმქვეყნად წასვლით 2013 წელს ჩემი ცხოვრება შეიცვალა. მასთან ერთად დავემშვიდობე გარე სამყაროს. ის იყო ჩემი ყველაზე ერთგული მეგობარი და ყველაზე დიდი გულშემატკივარი, ჩემი ყველაფერი უხაროდა. მისი გარდაცვალების მერე სამყაროსთან კონტაქტი შევწყვიტე. მისი წასვლიდან მთელი ოთხი წელი არსად ვჩანდი, არ შემეძლო გაღიმება და თავს უფლება არ მივეცი, ისეთი ნატო ვინმეს ენახა. სცენაზე არ გავდიოდი, თუმცა, როცა მაღაზიაში ჩავდიოდი, ვისვამდი წითელ პომადას და ვიღიმოდი, რომ ის ტრაგედია და ტკივილი დამემალა. სიზმრად ხშირად მოდის მამუკა. როცა მიჭირს და სულიერად გაუსაძლისია მონატრება, მოდის და სულ ჩემ გვერდითაა. მე მის არსებობას ვგრძნობ და მასთან ერთად განვაგრძობ ცხოვრებას. როცა სიზმრად მამუკას ვხედავ, ვიცი, ყველაფერი კარგად იქნება. ხშირად, გავუფრთხილებივარ. მე მჯერა, რომ არსებობს იმქვეყნად წასულებთან კავშირი და ვგრძნობ მათ სიახლოვეს. ასევე, დიდი ტკივილი და დარტყმა მომაყენა ჩემი უახლოესი მეგობრის, გიო ხუციშვილის გარდაცვალებამ. ძილისგუდა არასოდეს ვყოფილვარ, ძილი არ მიყვარდა და ახლა ერთი სული მაქვს როდის დაღამდება, დავიძინო და რომელიმე მოვიდეს სიზმრად.


– ახლა რომ დრო უკან დავაბრუნოთ, რას ინატრებდი?


– თუ იგივე უნდა გადავიტანო, დროის არცერთი წუთის უკან დაბრუნება არ მინდა. თუმცა, ვინატრებდი, მყოლოდა გვერდით ეს ადამიანები ფიზიკურად. ვიცი, შუბლზე ყველას ჩვენ-ჩვენი ბედი გვაწერია და იმავეს გადატანა არ მინდა.


 

წყარო: თბილისელები