რა საფრთხის წინაშე დადგა გიორგი გილიგაშვილის ოჯახი

  • თბილისელები
  • 23 ივნისი 15:14

მსახიობი გიორგი გილიგაშვილი, მის ცხოვრებაში და არა მხოლოდ მის ცხოვრებაში, ზოგადად ქვეყანაზე განვითარებულ ყველა მოვლენაში ღვთის ხელს ხედავს. ამბობს, რომ ადამინს უფალის ისეთს არაფერს მოუვლენს რაც მის ძალებს აღემატება.

გილიგაშვილით თქმით, როდესაც ადამიანს ჰგონია, რომ რამეს წარმოადგენს უფალი მაშინვე გამოაფხიზლებს და აჩვენებს, რომ ის არაფერს ნიშნავს.


გთავაზობთ ინტერვიდან ამონარიდს, რომელშიც გილიგაშვილი უფლის მიმარტ მის დამოკიდებულებაზე საუბრობს:


– რთული პერიოდების გამკლავებაზე მინდა, ვისაუბროთ. ცოტა ხნის წინ, დიდი საფრთხე გადაიტანეთ, სახლი დაგეწვათ. ასეთ დროს განსკუთრებით მნიშვნელოვანია, ადამიანმა ძალა მოიკრიბოს.


– პირველ რიგში, ადამიანს უნდა ახსოვდეს, რომ ის ღვთის შვილია. ამ დაუსაბამო გალაქტიკის შემოქმედი ჩვენი ღმერთია. აქედან გამომდინარე, არც სახლი, არც სასახლე და არც არაფერი ამ წუთისოფელში, რაც შეიძლება, ადამიანის თვალს ერთი შეხედვით, „დიდად“ მოეჩვენოს, უფალთან შედარებით, არაფერია, პირიქით, ეს ყველაფერი ძალიან მომცროა. არ არსებობს გადაულახავი მდგომარეობა, თუ კაცი ღმერთს არ მიატოვებს. რწმენა არ ნიშნავს, რომ აქ სასახლეები უნდა გვქონდეს და განძეულობა ვაგროვოთ, წარმოუდგენელია, ამით სასუფეველი მოვიპოვოთ. ასე, პირველ რიგში, საკუთარ თავზე ვსაუბრობ, არ იფიქროთ, რომ სხვაზე. სამწუხაროდ, იმდენად გაფაციცებული ვეძებთ ბრწყვინვალებასა და ნივთიერ ფასეულობებს, გვავიწყდება, ტაძარში რომ მივდივართ, უფალს, პირველ რიგში, შეწყალება და ცხონება ვთხოვოთ. სასუფეველში ადგილის დამკვიდრების გარდა ყველაფერს ვთხოვთ. არადა, ეს არის ჩვენი პირველი სავედრებელი. მადლობა უფალს, რომ ჩემი და-ძმა გადარჩა. რაც ყველაზე მთავარია, არცერთი ოჯახის წევრი არ დაშავებულა. განსაცდელი, რომელიც ჩვენ მოგვევლინა, გონივრულად შეხედვას მოითხოვს. მე ექვსი პაპისეული ჩოხა დამეწვა, ქამარ-ხანჯალი და ისეთი რაღაცები, რაც ჩემთვის ნივთიერ ღირებულებაზე გაცილებით მეტს მოიცავდა. მაგრამ ჩემს თავს რომ ჩავუფიქრდი, მნიშვნელოვან რამეს მივხვდი – რა ფერის თვალიც ჰქონდა მშვენიერს, იმ ფერის ჩოხით რომ ვიმოსებოდი ხოლმე, შეიძლება, არშიყით ვიყავი გულის სიღრმეში გამსჭვალული, ისე, რომ თავსაც არ ვუტყდებოდი და ეს ცოდვაში მაგდებდა. უფალთან მისაახლებელ გზაზე, ეგ ჩოხებიც მამძიმებდა, შეიძლება და რომ არ დამწვოდა, ვერც ვიფიქრებდი ამაზე. მანამდე მეგონა, რომ რაღაც გამაჩნდა, როცა მეორე დღეს, ჩემმა მეგობრებმა თავიანთი მაისურები და ქურთუკები მომიტანეს – გილიგ, ჩაიცვი, სანამ შეიძენ, ჩვენი შენი იყოსო, მაშინ მივხვდი, რომ ადამიანი დედიშობილა იბადება და დედიშობილა მიეახლება უფალს. ზედმეტია ყოველგვარი მატერიალური. ვაჟა-ფშაველა დახეული ჩოხით დადიოდა, ადამიანი სულიერად უნდა იყო მილიარდერი და არა მატერიალურად.


– როცა ეს ამბავი მოხდა, ოჯახის წევრები სახლში იყვნენ, საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა მათი სიცოცხლე?


– ძალიან დიდი საფრთხე იყო. დაახლოებით წუთ–ნახევარი რომ დამეგვიანა, შეიძლება, საშინელება დაგვმართოდა. დიდება ქრისტეს! წარმოიდგინეთ, მე ლოს-ანჯელესში მივფრინავდი, მაგრამ ისე მოხდა, რომ ვეღარ გავფრინდი. სახლში აღმოვჩნდი, არადა მაგ დღეს, წესით, საერთოდ არ უნდა მივსულიყავი. რომ მივედი, ჩემს დაიკოს ეძინა, ძმა საშხაპეში იყო. ცეცხლი შუაში, ერთ-ერთ ოთახში მძვინვარებდა. ორივეს ისე ჩაუღობავდა გზას, გარეთ ვერცერთი გამოვიდოდა. წუთ-ნახევარმა გადაწყვიტა, უფლის დიდებით, ყველაფერი რომ ასე კარგად დასრულდა. ჩემს დაბადების დღედ უნდა ვაქციო ეს დღე-მეთქი, ვამბობ. იმიტომ, რომ ახლიდან დავიბადე. ჩემი და-ძმა რეალური საფრთხის წინ იდგნენ, როგორც მე. უფალო, რატომ მიმატოვეო, ბევრი წმიდა მამისგან გაგვიგია. ბერებს თუ განსაცდელი არ ეძლევათ, თავს უფლისგან მიტოვებულად გრძნობენ. დიდება უფალს ამ განსაცდელისთვის, რომელსაც ისევ ღვთის წყალობით გადავურჩით ღვთის სადიდებლად. რომ გგონია, რაღაცას წარმოადგენ, უფალი წამებში გახვედრებს, რომ არარაობა ხარ მის გარეშე. ადამიანს ეს უფრო მეტად გაფიქრებს, მართლა ვინ გგონია საკუთარი თავი, როდესაც თეთრი თმის ღერის გაშავებაც კი არ შეგიძლია. საკუთარ თავსა და ჩემნაირებს, ვინც საზოგადოებისთვის ცნობილები არიან, ვეძახი „ცნობილ ცოდვილებს“. რაღაც შემთხვევაში, ჩვენ გვგონია ხოლმე, რაღაცას წარმოვადგენთ, ვიღაცაზე მეტის გაკეთება შეგვიძლია, არადა, ღვთის წინაშე ყველანი თანასწორები ვართ და უბრალოდ, აბსურდია, რომ ღვთის გარეშე რამე შეგვიძლია.

წყარო: თბილისელები