ირაკლი კობახიძე: მთავარი მიზეზი და საფუძველი რატომაც ვუჭერ მხარს პროპორციულ სისტემას არის ის ცხრაწლიანი გამოცდილება, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა მივიღეთ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პირობებში

  • 13 ნოემბერი 22:06

„მთავარი მიზეზი და საფუძველი რატომაც ვუჭერ მხარს პროპორციულ სისტემას არის ის ცხრაწლიანი გამოცდილება, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა მივიღეთ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პირობებში“, - განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

 

მისი თმით, სწორედ საარჩევნო სისტემა იყო იმ სისხლიანი რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტი.

„სწორედ საარჩევნო სისტემა აძლევდა „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლების კონსოლიდაციის საშუალებას. საშუალებას, რომ თავისი ავტორიტარიზმი განემტკიცებინა. შესაბამისად, ეს არის მთავარი მიზეზი, რატომ უნდა გავაკეთო არჩევანი სწორედ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ უმრავლესობის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების დადებით მხარეებზე საუბრისას კობახიძემ განახადა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა პარტიული სისტემის განვითარებას შეუწყობს ხელს.

მისივე თქმით, ერთ-ერთი დადებითი მხარე ისიც არის, რომ თითქმის სრულად გამოირიცხება ავტორიტარული მმართველობის ჩამოყალიბება.

„მთავარი დადებითი მხარე მდგომარეობს იმაში, რომ პროპორციული სისტემის პირობებში ამომრჩევლის მხარდაჭერა ზუსტად, თითქმის პირდაპირ პროპორციულად აისახება პარლამენტში განაწილებულ მანდატებში, რამდენ პროცენტსაც იღებს პარტია, თითქმის იმდენ მანდატს იღებს პარტია პარლამენტში, ეს არის პირველი დადებითი მხარე. ასევე უზრუნველყოფილია პოლიტიკური პლურალიზმის მაქსიმალურად მაღალი ხარისხი, ეს არის მეორე დადებითი მხარე. პროპორციული საარჩევნო სისტემა ყველაზე უკეთ უწყობს ხელს პარტიული სისტემის კონსოლიდაციასა და პარტიული სისტემის განვითარებას, მის ინსტიტუციონალიზაცისას. ვთქვით, რომ დღევანდელი პოლიტიკური სისტემის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, რომ პარტიული სისტემა არ არის ჩამოყალიბებული. დღეს საქართველოში პარტიული სისტემა, როგორც ასეთი, არ გვაქვს. პარტიული სისტემა არ არის პარტიების უბრალო ჯამი, ეს არის გარკვეული სისტემური კავშირების ერთიანობა პოლიტიკურ პარტიებს შორის, რაც ასე აკლია დღეს ჩვენს პარტიულ სისტემას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დეპუტატის შეფასებით, ამის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი მიზეზი შერეული საარჩევნო სისტემაა, რომელიც საქართველოში გასული წლების განმავლობაში იყო.