ქალმა ყაჩაღი, შვილის კლასელის მშობელში ამოიცნო

  • fortuna.ge
  • 13 ნოემბერი 19:25

90-იან წლებში საქართველოში ხშირი იყო დაყაჩაღების ფაქტები. ამ პერიოდში მომხდარი კრიმინალური შემთხვევებს არავინ იძიებდა. ვის გამოიძახებდი, ვინ გამოიძიებდა, ვის დააკავებდნენ, ვინ დაგიბრუნებდა წაღებულ ქონებას, არც არავინ.

დანელიების ოჯახი რომ დააყაჩაღეს სამეგრელოში, არც მაშინ გაკვირვებია არავის. ზოგი იმასაც ამბობდა – წასაღები ეგულებოდათ ალბათ რამე თორემ ჩემთან რატომ არ მოვიდნენ ის ყაჩაღებიო.


ამ ოჯახში მაშინ 7 არასრულწლოვანი ბავშვი, სამი ძმის ცოლები და მოხუცი დედა ცხოვრობდნენ. კაცები  აფხაზეთში იბრძოდნენ. ყაჩაღობის დროსაც შინ მხოლოდ ქალები და ბავშვები იყვნენ.


წაიღეს ყველაფერი, რისი წაღებაც შეეძლოთ. ოჯახის უფროსმა ქალმა ნინამ სთხოვა ყაჩაღებს – ბავშვები არ შემიშინოთ და რაც გინდათ წაიღეთო.


ყველაზე პატარა გივიკო 2 წლის იყო. ახალი ფეხადგმული ძლივს დადიოდა. მივიდა ერთ ყაჩაღთან და თამაში დაუწყო. გივიკო მიჩვეული იყო ნამდვილი იარაღებით თამაშს. მამა მებრძოლი იყო და ბავშვისთვის ნაცნობი ნივთი იყო ავტომატიც. ყაჩაღმა ბავშვი ხელში აიყვანა, მოეფერა და უთხრა მეც შენი ხნის შვილი მყავს და იმასაც გივიკო ჰქვიაო. ახლა რაც მამაშენს უნდა წავართვა, მეც შენნაირი გივიკოსთვის მინდა. მამაშენი კიდევ იშოვისო.


დანელიების ოჯახიდან ცოცხალი  მხოლოდ ორი კაცი დაბრუნდა. ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადავიდა.


დედამ გივიკო 5 წლის შემდეგ თბილისის ერთ-ერთ სკოლაში წაიყვანა. პირველ დღეს მშობლებმა ერთმანეთი გაიცნეს. აღმოჩნდა, რომ გივიკოს კლასში კიდევ იყო ერთი გივიკო, რომლის მამა საზღვარგარეთ მუშაობდა, თუმცა ბავშვს პირველ კლასში პირველ დღეს თვითონაც მოჰყვებოდა. ორი გივიკო იმ დღესვე დამეგობრდა. თბილისელი გივიკოს დედას მეგრელი გივიკოს დედის ოქროს სამაჯურიანი საათი ეკეთა მაჯაზე, რომელიც მეუღლემ დაბადების დღეზე სპეციალური შეკვეთით დაამზადებინა… მაგრამ დედამ არაფერი შეიმჩნია…

სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge