კინოთეატრ "ამირანთან" მიმდინარე აქციაზე 11 პირია დაკავებული

  • 8 ნოემბერი 21:27

კინოთეატრ "ამირანთან", სადაც "ქართული მარშის" და ლევან ვასაძის ორგანიზებით აქცია მიმდინარეობს, 11 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის სამოქალაქო აქტივისტ ანა სუბელიანზე თავდამსხმელია. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

"თბილისში დღეს დაგეგმილ​ი ყველა კინოჩვენება დაანონსებულ დროს დაიწყო და მიმდინარეობს. სეანსების პარალელურად, კინოდარბაზების მიმდებარე ტერიტორიაზე საჭირო რაოდენობის საპოლიციო ძალებია მობილიზებული. ფილმის ჩვენების ჩაშლის მიზნით ​თბილისში, მერაბ კოსტავას გამზირზე შეკრებილი მოქალაქეების მხრიდან რამდენიმე ინციდენტი მოხდა. პოლიციამ კინოთეატრი "ამირანის" მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ სამართალდარღვევის ფაქტებზე, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 11 პირი დააკავა.


რაც შეეხება მოქალაქე ანა სუბელიანზე თავდასხმის ფაქტს, სამართალდამცველებმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყეს, რაც ძალადობას გულისხმობს. აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე ერთი პირი პოლიციამ უკვე დააკავა, მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, ადგილებზე რჩებიან.


პოლიცია მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, დაიცვან კანონის მოთხოვნები. შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდარღვევის თითოეულ ფაქტზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს და კანონდარღვევის ყველა ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება უმკაცრესი ზომები", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.


კინოთეატრ "ამირანთან" სიტუაცია დაძაბულია. აქციის წევრები კინოთეატრში შეჭრას და ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენების ჩაშლას გეგმავენ. მათ "ამირანში" შეჭრის შესაძლებლობას სამართალდამცავები არ აძლევენ. კინოთეატრთან დამატებითი საპოლიციო ძალებია მობილიზებული, რომლებიც ფარებით და ჩაფხუტებით არიან აღჭურვილები.