ვერის ბაღში ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" 300-მდე მოწინააღმდეგეა შეკრებილი

  • 8 ნოემბერი 17:54

ვერის ბაღში რამდენიმე ულტრანაციონალისტური მოძრაობის, მათ შორის „ქართული მარშის“, „ქართული იდეის“, „ქართული არსის“ წარმომადგენლები, ბიზნესმენ ლევან ვასაძის თანამოაზრეები და სასულიერო პირები არიან შეკრებილები.

ცოტა ხანში ორგანიზატორები დაახლოებით 300-მდე შეკრებილს სამოქმედო გეგმას გააცნობენ და განუმარტავენ, როგორ აპირებენ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის ჩაშლას.


ისინი აცხადებენ, რომ ძალადობრივ მეთოდებს არ გამოიყენებენ და იმოქმედებენ კანონის ფარგლებში, თუმცა აქვე აღნიშნავენ, რომ კინოთეატრების შესასვლელების პიკეტირებას გეგმავენ. მათი განცხადებით, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებით ხდება გარყვნილების პროპაგანდა, რასაც ისინი არ დაუშვებენ.


მანამდე შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.


„ქართული მარში“ იმუქრება, რომ გეი სიყვარულზე ფილმის პრემიერა არ შედგება. „ქართული მარშის“ გარდა, ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი 8 ნოემბერს ყველა იმ კინოთეატრთან მობილიზებას გეგმავს, სადაც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა უნდა გაიმართოს.


მთავარი პროტესტის ობიექტად კი აქტივისტი კინოთეატრ „ამირანს“ ასახელებს. ფილმის ჩვენებას კიდევ ერთი ჯგუფი გააპროტესტებს. 


ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) პრემიერა საქართველოში დღეს, 8 ნოემბერს გაიმართება. 


ქართველი გეი წყვილის სიყვარულზე გადაღებული, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ"-ის პრემიერა წელს, კანის კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმმა ფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილი დაიკავა. ნამუშევარი ჩიკაგოს კინოფესტივალზე საუკეთესო უცხოენოვან ფილმად დასახელდა. 


ფილმის მონაწილე მსახიობი კი კანის ფესტივალის ერთ-ერთ აღმოჩენად აღიარეს. გეი სიყვარულზე გადაღებული ქართულ-შვედური ფილმი „ოსკარზეც“ წარადგინეს. თბილისში მდებარე კინოთეატრებში ფილმზე დასასწრები ბილეთები სრულად არის გაყიდული. პრემიერა 20:00 საათზეა დაგეგმილი.