ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში მონაწილე პოლიციელს 40 წლიანი პატიმრობა ემუქრება

  • rustavi2.ge
  • 5 ივნისი 00:48

ფლოიდის მკვლელობაში უშუალოდ მონაწილე პოლიციელს 40 წლიანი პატიმრობა, თანამზრახველებს კი 10 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ, საბოლოო გადაწყვეტილებას 11 ივნისს, მინესოტას სასამართლო მიიღებს. შეერთებულ შტატებში მიმდინარე მოვლენებმა პოლიტიკური შინაარსიც შეიძინა, რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკურ მოღვაწეობას მკაცრად აკრიტიკებენ მოქმედი და ყოფილი დემოკრატიული პარტიის წევრები.

ეს არის შემთხვევა, რომელიც აშშ-ის ისტორიაში აღარ უნდა განმეორდეს, ასე გამოეხმაურა ამერიკულ ტელეარხზე დონალდ ტრამპი ქალაქ მინეაპოლისში მომხდარ ინციდენტს, შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, ახლა ქვეყანაში უმთავრესი სამართლიანობის აღსრულებაა, პრეზიდენტ ტრამპს სჯერა, რომ მთავრობას ვითარების გასაკონტროლებლად არმიის გამოყენება არ დასჭირდება.


შეერთებულ შტატებში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს გაეროს ადამიანის უფლებების საკითხებში უმაღლესი კომისარი, მიშელ ბაჩელეტი გამოეხმაურა, მისი თქმით, აშშ-ში საპროტესტო აქციების მონაწილეების ტერორისტებთან გათანაბრება შეშფოთებას იწვევს და აშშ-ის ხელისუფლება ვალდებულია არ უგულებელყოს საპროტესტო აქციების მონაწილეების უკმაყოფილება პოლიციის ძალადობის საკითხზე.


ფლოიდის საქმე №2 - ჯორჯ ფლოიდის სიკვდილამდე 1 კვირით ადრე პოლიციელმა აკრძალული მეთოდი სხვა ფერადკანიანი მამაკაცის დაკავებისას გამოიყენა, თუმცა, იმის გამო რომ პატრიკ ქეროლი სიკვდილს გადაურჩა, მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე გამოძიება არ დაწყებულა, უფრო მეტიც ქალაქ სარასოტას პოლიციამ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

სრული ვერსიის ნახვა rustavi2.ge