რას აპირებენ მოძრაობა ,,სირცხვილიას" წევრები 20 ივნისს?

  • 4 ივნისი 21:49

მოძრაობა ,,სირცხვილიას" წევრები 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან და ისინის საზოგადოებასაც მოუწოდებენ მივიდნენ რუსთაველის გამზირზე.

,,20 ივნისიდან სირცხვილის და უსამართლობის ერთი წელი გავიდა.

ზუსტად 1 წლის წინ, ქართული ოცნების ხელისუფლებამ პარლამენტში რუსი დეპუტატები შემოუშვა და ოკუპაციის კანონის დამრღვევ კომუნისტ გავრილოვს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამი დაუთმო.

ზუსტად ერთი წლის წინ ეს ღიად კოლაბორაციონისტული ფაქტი ათასობით ადამიანმა პარლამენტის წინ გააპროტესტა და ხელისუფლებამ ეს ხალხი, რუსეთისთვის საჩვენებლად, სამაგალითოდ დასაჯა.

1 წლის წინ, 20 ივნისს საკუთარმა მთავრობამ მშვიდობიან მოქალაქეებზე დათვის ტყვიებით და ცრემლსადენი გაზით დილამდე ინადირა. შედეგად დაზარალდა 240-მდე ადამიანი და დააკავეს ასეულობით დემონსტრანტი. მხედველობა დაკარგა ხუთმა ადამიანმა. დაშავდა 40-მდე ჟურნალისტი. ხელისუფლების ეს ნაბიჯი ძალის გადამეტებად და არაპროპორციულ გამოყენებად შეაფასეს ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა.

როგორ უპასუხა ხელისუფლებამ საკუთარ შეცდომას?

ამ დრომდე არ არის გამოძიებული ძალის გადამეტების არცერთი ფაქტი და არ არის დასჯილი არცერთი სამართალდამცველი;
 მომხდარზე პასუხისმგებელი შს მინისტრი დაწინაურებულია პრემიერად;
 მოგონილი და შეთითხნილი “სახელმწიფოს გადატრიალების” ბრალდებით ციხეში გამოკეტეს “გავრილოვის პატიმრები” და პოლიტიკური ოპონენტები.
 დღემდე, ორის გარდა, არცერთ დაშავებულს არ აქვს მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი;
 ზუსტად ერთი წელი გავიდა და ჯერ კიდევ არ მიგვიღია დაპირებული პროპორციული არჩევნები, არც სრულად და არც მიახლოებული მოდელით (120/30), სისტემა.

1 წლის თავზეც სირცხვილია და უფრო მეტადაც - საკუთარ შეცდომაზე სწავლის ნაცვლად ხელისუფლებამ გამოცხადებული ომი კიდევ უფრო გაამწვავა და თავისუფალ აზრს დაუპირისპირა როგორც ადმინისტრაციული რესურსი, ასევე მის მიერ მართული მედია და ასეულობით ყალბი ანგარიში სოციალურ ქსელში.

1 წლის თავზე ჩვენ გვჯერა, რომ ამ მასშტაბის ბოროტების დამარცხება მხოლოდ ერთად დგომითაა შესაძლებელი. ყველას, ვისაც გაწუხებთ:

ერთპიროვნული მმართველობა, სადაც პასუხისმგებელი ხალხის წინაშე არავინ არის;
ადამიანის უფლებების სისტემატური რღვევა;
სახელმწიფოს ყველა შტოს მიტაცება;
ბიუჯეტის ფლანგვა და არჩევნების მოსაგებად განიავებული სახელმწიფო ქონება;


და საქართველოს ჩქარი ტემპებით რუსეთის გუბერნიად ქცევა.


გელოდებით 20 ივნისს, “გავრილოვის ღამიდან” 1 წლის თავზე, კვლავ რუსთაველზე.

იმიტომ, რომ ჩვენ გვახსოვს რა ჩაიდინეს გასულ ზაფხულს

და ისევ

#სირცხვილია"- წერია მათ სირცხვილია მიერ გავრცელებულ განცხადებაში.