„ცოლის მშობიარობას დავესწარი და არ ვიცოდი, მეყვირა თუ მეტირა”

  • სარკე
  • 4 ივნისი 17:24

„კომედი შოუს” იუმორისტი, გივი პაპავა ცოლთან ერთად 2 თვის გაბრიელს უვლის, პამპერსებს უცვლის, საჭმელსაც უკეთებს, არც სახლის დალაგებას თაკილობს და არც ჭურჭლის გარეცხვას.

მოკლედ, მასში თითქოს სულ სხვა ადამიანი დაიბადა და შვილის გვერდით ყოველ წუთში აღმოჩენებს აკეთებს. შეცვლილ ყოველდღიურობასა და ახალბედა მამის ემოციებზე იმერელმა იუმორისტმა „სარკეს“ უამბო.


– გივი, პირველ რიგში, გილოცავთ შვილის დაბადებას! რა განცდა ყოფილა მამობა?


– რამდენიც უნდა ვილაპარაკო, ვერასოდეს გადმოვცემ იმ ემოციას, რასაც ვგრძნობ. მამობამდე რამდენიმე ეტაპი იყო. როცა ჩემი ცოლის ორსულობის შესახებ, გავიგე, ეს ძალიან მაგარი შეგრძნება იყო. როცა მუცელი დაეტყო და ბავშვმა მოძრაობა დაიწყო, უკვე გავაცნობიერე, რომ მამა ვხდებოდი.


– ხომ არ დაესწარით ცოლის მშობიარობას?


– დიახ, დავესწარი და არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა – მეყვირა, მეტირა თუ ჩუმად ვყოფილიყავი. ვერც ერთი მამა და მშობელი გამოთქვამს იმ ემოციას, რასაც შვილის ქვეყანაზე მოვლინება ჰქვია. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მშობელი ხდება, თვითონაც შვილთან ერთად იბადება.


გაბრიელმა რადიკალურად შემცვალა, სხვა ადამიანი გამხადა. სახლში დროულად მოსვლა არც მე მიყვარდა და არც ჩემს მეუღლეს, დღეს კი ერთი სული მაქვს, სახლში როდის მივალ, პატარას როდის ჩავეხუტები და ვეთამაშები.


სხვათა შორის, ჩემი მეუღლე როცა ორსულად იყო, მაშინ წავიკითხე, რომ ბავშვს მშობლების მუცლადყოფნის დროსაც ესმისო. როცა სამსახურიდან მოვდიოდი, ყოველთვის ვუყვებოდი, როგორი იყო ჩემი დღე, რა გავაკეთე და ა.შ. ახლაც ველაპარაკები და ვგრძნობ, რომ მისმენს.


ბავშვებთან ურთიერთობა ძალიან მიყვარს. ახლა ჩემს სახლში ორი თოთო ბავშვია – მე და ჩემი შვილი. როცა სახლში მოვდივარ, მეც ჩვილი გაბრიელი ვხდები.


– როგორი ბავშვია, ხომ არ ტირის?


– მიუხედავად იმისა, რომ მეც და ჩემი მეუღლეც აქტიურები და ენერგიულები ვართ, ბავშვი მშვიდი და წყნარია, რაღაცნაირი დინჯი თვალებით იყურება და ისეთი განცდა გვრჩება, რომ გვისმენს. მხოლოდ იმ დროს ტირის, როცა შია. ბავშვი კი არა, მეც ცუდ ხასიათზე ვდგები, როცა მშია. როცა ტირის, როგორც კი დაველაპარაკები, მაშინვე ჩუმდება.


 

წყარო: სარკე