შიო მჯირის ქადაგება დავით გარეჯში

  • 4 ივნისი 16:38

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) გარეჯის მონასტერში ღირსი მამა დავით გარეჯელის ხსენების დღეს ღვთის მადლის შესახებ იქადაგა. 

„ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს! დღეს არის ღირსი დავით გარეჯელის ხსენება. მოგეხსენებათ, რომ იგი იყო იოანე ზედაზნელის მოწაფე და სხვა სულიერ მამებთან ერთად დააარსა სამონასტრო ცხოვრება აქ, ამ რეგიონში. სხვა სულიერმა მამებმა კი მთელ საქართველოში დააფუძნეს მონასტრული ცხოვრება. მადლობა და დიდება უფალს ამ დიდი წყალობისა და მადლისთვის, რაც ჩვენზე მოიღო ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა.


თქვენ იცით, რომ ანგელოზის გამოცხადებით წამობრძანდა წმინდა იოანე ზედაზნელი თავის მოწაფეებთან ერთად საქართველოში და მოიტანეს ჩვენთან მონაზვნობა. მონაზვნური ცხოვრება ღვთისგან დადგენილი სასწაულებრივი ცხოვრების წესია.


სახარებაში უფალი ჩვენ, მორწმუნეებს ცხოვრების წესის ორგვარ მიმართულებას გვიწესებს, გვასწავლის.


ერთია სულის გადარჩენა, რომელიც ყველას მიემართება, ეს არის ცნებების შესრულება, ეკლესიური ცხოვრება და დაცვა იმ ყველაფერისა, რაც სახარებაშია ნათქვამი.


მეორე მიმართულება - ეს არის ის, რომელსაც მისდევენ მონაზვნები. ეს არის სულიერი ცხოვრების, სულიერ სრულყოფილების მიმართულება. სახარებაში ამაზეც არის რამდენიმე ადგილი, სადაც უფალი მიუთითებს, რომ ცხოვრების ეს გზაც არსებობს. გახსოვთ, იგი ჭაბუკს ეტყვის, რომ თუ გინდა, სრულყოფილი იყო, გაყიდე მონაგები შენი, დაურიგე გლახაკებს, გამომყევი მე და გექნება საუნჯე ზეცაში. უფალი ამბობს, რომ თუ გინდა სრულყოფა, თუ გინდა სრულყოფილებას მიაღწიო, მაშინ ასე უნდა მოიქცე. ანუ ეს უკვე არ არის ყველასთვის სავალდებულო, არამედ მხოლოდ მათთვისაა, ვისაც უნდა სრულყოფის მიღწევა. ეს უკვე მონაზვნობის გზა. პირველი საუკუნეებიდანვე იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამ გზას შეუდგნენ. შემდეგ ეს ჩამოყალიბდა მწყობრ სწავლებად, თავისი წესებითა და ტრადიცებით.


საქართველოში ეს საოცარი ცხოვრების წესი დაამკვირდეს ასურელმა მამებმა. საერთოდ, ეკლესიის ისტორიაში მონაზვნებს ერგოთ ღირსება ყველაზე დიდი მადლის მოხვეჭისა, მხოლოდ მონაზვნები გახდნენ ღირსნი იმ დიდი პატივისა, რომ მკვდრები გაეცოცხლებინათ, სნეულნი განეკურნათ, მწვალებლობანი დაემარცხებინათ, ყველაზე დიდი ღვთისმეტყველნი, ლიტურგიკული ტექსტებისა და საღვთისმეტყველო ნაშრომების შემქმნელნი სწორედ ბერ-მონაზვნები იყვნენ. აი, ასეთი უდიდესი მადლი ჰქოდნათ მათ. რა თქმა უნდა, მათ შორის ბრწყინავენ ასურელი მამებიც და ღირსი დავით გარეჯელიც ჭეშმარიტად საკვირველია წმინდანთა შორის.


დღეს ჩვენ ვფიქრობთ, საერთოდ, რა არის მადლი? როგორ მოიპოვეს ეს მადლი ამ ადამიანებმა? - უპირველესი თვისება ამ ღვაწლისა არის თავმდაბლობა. გახსოვთ ბიბლიური სიტყვები, რომ „ღმერთი ამპარტავანს შემუსრავს, ხოლო თავმდაბალს მისცემს მადლს“. და აი, ღირსი დავით გარეჯელი გამოირჩეოდა ასეთი საოცარი სიმდაბლით, რის გამოც ეს მადლი მიიღო. გახსოვთ ალბათ მისი მოგზაურობა. იგი ფეხით გაემგზავრა იერუსალიმში. იერუსალიმის კედლებთან რომ მივიდა, მოწიწებისგან, მორიდებისგან ვეღარ იკადრა იქ შესვლაც კი და კედელთან ლოცულობდა მთელი საქართველოსთვის, ყველა მორწმუნისთვის. შემდეგ იქიდან სამი ქვა წამოიღო. ეს ისტორია თქვენ გახსოვთ, რომ იერუსალიმის პატრიარქს ხილვა ჰქონდა, რომ საქართველოდან ჩამოსულ ბერს მთელი მადლი მიჰქონდა. დაედევნნენ და ჩამოართავეს ორი ქვა, მამა დავითმა ერთი ჩამოაბრძანა საქართველოში და ეს უდიდესი სიწმიდნე დღეს ჩვენთან, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, ინახება. აი, ასეთი ადამიანი გახლდათ ღირსი დავით გარეჯელი.


დღეს ჩვენ ვფიქრობთ მადლის მოხვეჭაზე, თუ რა არის მადლი? - მადლი არის უფლის ძალა, უფლის ენერგია, რომელიც გადმოდის ყველა ადამიანზე, ვინც ქრისტიანულად, უფლის მცებების დაცვით ცხოვრობს. ღმერთმა მოგვცეს ჩვენ ეს მადლი. ეს არის მთავარი აზრი, ჩვენი ქრისტიანული ცხოვრების არსი არის მადლის მოხვეჭა, ვინაიდან, როგორც ამბობს უფალი იესო ქრისტე, საუკუნო ცხოვრება - ეს არის შემეცნება უფლისა. შემეცნება კი ხდება მხოლოდ მადლის დავანებით ჩვენს სულში.


ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გილოცავთ დღევანდელ დღეს! მართლაც, მადლმოსილია ღირსი დავით გარეჯელი და სხვებსაც ამ მადლს ანიჭებს.


მინდა, გადმოგცეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევა. ჩვენც ყველამ ერთად მივულოცოთ მას ეს დღე. როგორც წმინდა იოანე ზედაზნელმა წარგზავნა თავისი მოწაფეები მონაზვნობის დასაფუძნებლად და ასაღორძინებად მთელ საქართველოში, ასევე მისმა უწმიდნესობამ გააგზავნა და აკურთხა თავის მის მიერ ხელდასხმული, თავისი მოწაფეები მთელ საქართველოში. ფაქტობრივად, მან გააცოცხლა მონაზვნობა იმ უდიდესი დევნის პერიოდის შემდეგ, მათ შორის, ეს ლავრაც მისი უწმინდესობის დიდი ლოცვითა და ღვალწით იქნა აღდგენილი.


დღეს ჩვენ ასევე ვფიქრობთ იმ პრობლემაზე, რომელიც ამ მონასტრის მიმდებარე ორ მონასტერს - უდაბნოსა და ჩიჩხიტურს ეხება. თქვენ იცით, რომ ეს მონასტრები თვითონ ღირსი დავით გარეჯელის მიერ არის დაარსებული. ორივე ისტორიულად ქართული სავანეებია. დღეს, სამწუხარო რეალობისა და ვითარების გამო, ჩვენ ვერ ავდივართ იქ, ვერ ვატარებთ წირვა-ლოცვას. ვევედროთ ღირს დავით გარეჯელს და ვიქონიოთ იმედი, რომ სულ მალე ეს ვითარება გამოსწორდება და ჩვენ ერთად შევძლებთ იქ წირვა-ლოცვას, ისე როგორც მამა დავითსა და ჩვენს წინაპრებს გაუხარდებათ.


ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ!


კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, შეგვეწიოს ღირსი მამა დავით გარეჯელის ლოცვა. მართლაც, სასწაული მადლი იგრძნობა ამ სავანეში. ღმერთმა დალოცოს ამ სავანის მამები და ძმები. უფალმა ინებოს, რომ მადლმოსილი იყო საქართველო, ჩვენი ხალხი, ყოველი ჩვენგანი.


მახსენდება მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის სიტყვები, რომლებიც მან წარმოთქვა მაშინ, როდესაც იგი ბრძანდებოდა დავით გარეჯში. მაშინ მან იქადაგა მადლისა და დავით გარეჯელის შესახებ და აღნიშნა, რომ ყველაზე დიდი მადლი ჰქონდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. უწმინდესმა გაიხსენა მთავარანგელზის სიტყვები: „გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა“ და დასძინა, რომ მეც ასე დაგლოცავთო: „გიხაროდენ, მიმადლებულო, საქართველო, უფალი შენთანა“.


უფალმა ინებოს, რომ ეს მადლი უხვად ყოფილიყოს ჩვენს ქვეყანაში და ყველანი მადლმოსილები ვყოფილიყავით. ჩვენთან არს ღმერთი!“