მედიკოსები თვლიან, რომ კორონავირუსი სხვადასხვა ქვეყნაში სახეს იცვლის

  • resonancedaily.com
  • 4 ივნისი 15:56

მიუხედავად იმისა, რომ ახალი კორონავირუსი ოფიციალურად უკვე 6 თვეა არსებობს, მეცნიერებმა დღეს ცოტა რამ იციანი ამ ვირუსის შესახებ, თუნდაც, რამდენად იცვლის სახეს კლიმატური ზეგავლენისას და კლავს თუ არა მაღალი სიცხე კოვიდ-19-ს. დღევანდელ მედიცინას, რომელიც მაღალგანვითარებულ დარგად ითვლება, რეალური დასკვნების გაკეთება არ შეუძლია და რაიმე კონკრეტული მიღწევა ამ მიმართულებით, სამწუხაროდ არ გააჩნია.

მედიკოსთა გარკვეული ნაწილი თვლიდა, რომ ზაფხულის მაღალი სიცხე ვირუსს გაანადგურებდა, ან სულ ცოტა კორონავირუსი უკან დაიხევდა და გავრცელების მაღალი ალბათობა შემცირდებოდა, თუმცა, დღეს სხვა რეალობა გვაქვს. მაგალითად, მეზობელ სომხეთში, სადაც ზაფხულის სიცხეები უკვე დაიწყო, ეპიდვითარების კუთხით მეტად რთული მდგომარეობაა და ინფიცირების შემთხვევები კატასტროფულად იზრდება.


ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში ვატო სურგულაძე „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ვირუსზე მაღალი ტემპერატურა არ მოქმედებს. ამასთან, კაცობრიობამ ცოტა რამ იცის ამ ვირუსის შესახებ.


„არ მგონია, რომ ეს ვირუსი ძალიან იყოს დამოკიდებული კლიმატურ ტემპერატურაზე. ვხედავთ მეზობელ სომხეთში რამხელა აფეთქება არის, მიუხედავად იმისა, რომ საზაფხულო ტემპერატურაა.


„საკმაოდ ნელა იძენს კაცობრიობა ცოდნას ამ ვირუსის შესახებ. არ გაგვაჩნია სრულყოფილი ინფორმაცია, - რამდენად მყარი იმუნიტეტი შეიძლება გამომუშავდეს, რამდენად იმოქმედებს ეს იმუნიტეტი შემოდგომის სეზონზე.


"მედიკამენტებზე და ვაქცინებზე სერიოზული მუშაობა მიდის და როგორც ამბობენ, წინსვლა აქვთ. თუმცა, ჯერჯერობით კაცობრიობა ამ ვირუსზე ინფორმაციას ჯერ კიდევ აგროვებს," - თქვა სურგულაძემ.


„რეზონანსის" კითხვაზე, რატომ არის ახლა ლათინური ამერიკა პანდემიის კერა და რა ხდება სომხეთში ისეთი, რომ ვითარება ასე კატასტროფულად იცვლება - აღნიშნა, რომ საქმე წესების დაუცველობას უკავშირდება. თანაც ისეთი მკაცრი რეგულაციები, როგორიც მაგალითად საქართველოს ჰქონდა, სომხეთში არ არსებობს.


„მაგალითად, ბრაზილიაში ჯანდაცვის სისტემა საკმაოდ სუსტია. ამასთან, მჭიდრო დასახლებაა, ცხოვრობენ დიდი ოჯახებით. ადამიანების დიდი რაოდენობა ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს ქვევით.


„რაც შეეხება სომხეთს - ის წესები, რაც საქართველომ დაიცვა, მეტ-ნაკლებად ასეთი მკაცრი შეზღუდვები არ არსებობდა და ალბათ არ იცავდნენ წესებს ისე, როგორც უნდა დაეცვათ," - თქვა სურგულაძემ.


ექიმი-ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე მიიჩნევს, რომ რაც უფრო მეტია გავრცელება, ვირუსი მით მეტად ძლიერდება. ერთადერთი, რაც კაცობრიობამ ნამდვილად იცის ამ ვირუსის შესახებ ის არის, რომ ყველაზე მაღალი გავრცელება დაბალი იმუნიტეტის მქონე ადამიანებშია.


 


 

სრული ვერსიის ნახვა resonancedaily.com