თეოლოგი მეუფე ნიკოლოზს ღია წერილით მიმართავს

  • 4 ივნისი 12:50

თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტს, მეუფე ნიკოლოზს ღია წერილით მიმართავს.

„დაიჯესტი“ წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„ღვთის გამო ლაპარაკობთ ტყუილს, მის გამო ლაპარაკობთ სიცრუეს?” (იობი 13,7).

თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, მეუფეო ნიკოლოზ, გულდასმით მოვისმინე თქვენი გამოსვლა მთავარ არხზე ქ-ნ ეკა კვესიტაძის გადაცემა „ღამის მთავარის“ პირდაპირ ეთერში, სადაც სხვადასხვა აქტუალურ და უხერხულ საკითხზე მოგიწიათ პასუხის გაცემა და მთელი გადაცემის მსვლელობისას მახსენდებოდა ბიბლიური იობის სიტყვები:

„როგორღა მანუგეშებთ ამაოებით, მტკნარი სიცრუეა თქვენი პასუხები” (იობი 21,34).

იმთავითვე უნდა ითქვას, რომ ნაცვლად მღვდელმთავრული მართლმკვეთელობისა, პასუხისმგებლიანობისა და ობიექტურობისა, რომელიც უსისხლო მსხვერპლის შემწირველი მაღალი იერარქისათვის პირველადი ვალდებულებაა, ჩვენ ვიხილეთ დახვეწილი ფარისევლობა, სადუკევლური ორპირობა და ფსევდოდიპლომატიური ცბიერება.

მაშ ასე, თანმიმდევრულად მსურს გამოვეხმაურო თქვენს შერჩევით სამართლს, მზაკვრულ ორაზროვნებასა და თქვენი მხრიდან საზოგადოების დეზორიენტირების მიზანმიმართულ მცდელობას.

თქვენ ბრძანეთ, რომ მიტროპოლიტ სერაფიმესთან (ჯოჯუა) დაკავშირებით, პედოფილიაში ბრალდების დადასტურების პრეროგატივა ეკუთვნის არა წმინდა სინოდს, არამედ სახელმწიფოს საგამოძიებო სტრუქტურებს, რაზედაც დიდი სჯულის კანონი საპირისპიროდ მეტყველებს.

მაგალითად: „ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, მხილებული სიძვაში, ფიცის გატეხვაში, ან მოპარვაში, სასულიერო წოდებიდან განიკვეთოს” (მოციქ. 25);

„ეპისკოპოსი, რომელსაც რაიმეში ბრალი ედება ისეთი პირების მხრიდან, რომლებიც საზოგადოებაში ნდობას იმსახურებენ, აუცილებლად უნდა გამოიძახონ სხვა ეპისკოპოსებმა, და თუ წარსდგება მათ წინაშე და აღიარებს, ანდა მხილებულ იქნება, ეპიტიმია განეწესოს;

ხოლო თუ გამოიძახებენ და არ გამოცხადდება, მეორედ იქნეს გამოძახებული, მასთან წარგზავნილი ორი ეპისკოპოსის საშუალებით.

თუკი მაინც არ შეისმენს, მესამედ მიავლინონ მასთან ორი ეპისკოპოსი, ხოლო თუ კვლავ უპატივცემულობას გამოიჩენს და არ გამოცხადდება, მაშინ კრებამ განაჩინოს, როგორც მას სათნოდ უჩანს; ნურავის ეგონება, რომ სასამართლოსაგან თავის არიდებით, რაიმე სარგებელს მიიღებს” (მოციქ. კანონი 74);

„…თუ ვინმე ეპისკოპოსზე შემოიტანს საკუთარ ანუ კერძო საჩივარს, იქნება ეს ქონებრივი პრეტენზია თუ მის მიმართ ჩადენილი სხვა რაიმე უსამართლობის შესახებ, ასეთი ბრალდების განხილვისას არ უნდა მიექცეს ყურადღება არც ბრალმდებლის პიროვნებას, არც მის სარწმუნოებას…” (II მსოფ. 6)

„მათ შესახებ, რომლებიც თავისი უწესობის შესაბამისად საეკლესიო დასიდან განდევნილ იქნებიან.

ნუმიდიის წარმომადგენელმა ავგუსტინე ეპისკოპოსმა თქვა: ამისი დადგენაც საჭიროა, რომ, თუ ეკლესიიდან თავისი საქმეების შესაბამისად ვინმე ღირსეულად არის განდევნილი და იგი რომელიმე ეპისკოპოსმა ან

მღვდელმა ზიარებისთვის შეიწყნაროს, თვით მზიარებელი განდევნილის თნაბარი სასჯელით უნდა დაისაჯოს და თავისი ეპისკოპოსის კანონიერი სასჯელისგან ვერ გადარჩეს.

ყველა ეპისკოპოსმა თქვა: ამას ვიწონებთ ყველა”(კართაგენის კანონი 9);

„თუ რომელიმე ეპისკოპოსი კრების მოწვევის დადგენილ დრომდე ბრალდებული იყოს, ასეთი განიკითხოს თორმეტმა ეპისკოპოსმა.

ფელიქს ეპისკოპოსმა თქვა: მახსენდება ძველ კრებათა მიერ დადგენილი, რომ, თუ ვინმე ეპისკოპოსი გასამართლებული გახდეს (ნუმც მხოდება ასეთი რამ!)

და მრავალრიცხოვანი კრების მოწვევა შეუძლებელი იყოს, დიდხანს რომ არ დარჩეს იგი ბრალდებულისა და გასასამართლებელის მდგომარეობაში, თორმეტმა ეპისკოპოსმა მოისმინოს მისი საქმე…”(კართ. კანონი 12);

„ეკლესიის მსახურად განჩინებული თითოეული დასის წარმომადგენელი თუ გასასამართლებელი გახდეს და გვერდი აუაროს საეკლესიო სამსჯავროს, ასეთს უნდა აეყაროს პატივი”; …

ასევე მიგვაჩნია, რომ თუ რომელიმე ეპისკოპოსის, მღვდლის, დიაკვნის, ან სამღვდელო დასის რომელიმე წარმომადგენლის საქმე, ან საეკლესიო განსაკითხავი (სისხლის სამართლის), ან სამოქალაქო საქმე (დავა) ეკლესიაში საძიებლად აღიძრას, ხოლო მან გვერდი აუაროს საეკლესიო სამსჯავროს და საერო სამსჯავროში მოინდომოს მისი განხილვა, მის მხარესაც რომ იყოს სამართალი, მაინც უნდა დაეკარგოს მას მისი ადგილი”(კართ. კანონი 15);

„ბრალდებული ეპისკოპოსის განსახილველი საქმე მიერთმევა იმ სამთავროს მღვდელმთავართა შორის პირველ ეპისკოპოსს. თუ ეპისკოპოსს ბრალი ედება, სამთავროს პირველ ეპისკპოსთან უნდა მიიტანოს ბრალმდებელმა მისი საქმე.

სასამართლოში გამოძახებულმა ბრალდებულმა პასუხი უნდა აგოს დანაშაულის გამო; …

ბრალდებულმა უნდა იცოდეს, რომ ადვილად ვერ ჩამოიშორებს თავის ბრალდებას, თუ არ დაამტკიცებს, რომ კი არ ისურვა, არამედ ვერ შეძლო გამოცხადება დადგენილ დროს.” (კართ. კანონი 19);

„სიძვის გამო ბრალდებული იერარქი არ უნდა დარჩენილიყო სამღვდელო დასში. აპოლონ ეპისკოპოსმა კი უმოწმა მას, რომ არც ერთი ბრალმდებელი არ გამოჩენილა მის წინააღმდეგ.

ამის გამო მისი საქმე გამოძიებულ უნდა იქნეს. თუ გამოჩნდება ღირსეული ბრალმდებელი და მის დანაშაულს გამოაჩენს რწმუნების ღირსი მოწმეების მიყვანით, იგი განდევნილ უნდა იქნეს ეკლესიიდან” (თეოფილე ალექს. 8 კანონი).

„ვინც იმრუშოს, თხუთმეტ წელიწადს იყოს სიწმინდეთა ზიარების გარეშე. აქედან ოთხი უნდა შესტიროდეს, ხუთი წელი მსმენელი უნდა იყოს, ოთხი წელი შევრდომილთა შორის იყოს, ორი წელი მორწმუნეებთან ერთად იდგეს ზიარების გარეშე და მხოლოდ ამის შემდეგ ეზიაროს” (ბასილი დიდი, კანონი 58);

„ვინც ისიძვოს, შვიდი წელი სიწმინდეთა უზიარებელი იყოს. აქედან: ორი წელი უნდა შესტიროდეს, ორი წელი მსმენელი უნდა იყოს, ორი წელი შევრდომილი იყოს და მხოლოდ ერთი წელი იდგეს მორწმუნეებთან. ამის შემდეგ უნდა შეიწყნარონ ზიარებაზე” (ბასილი დიდი, კანონი 59);

როგორც ვხედავთ არსად არაა ნახსენები საერო ინსტანციების მიერ გამოძიების ჩატარების დისკრეციასა და აუცილებლობაზე და მსგავსი დავების მოკვლევისა და გამოძიების კომპეტენცია თუ პასუხისმგებლობა უმთავრესად ეპისკოპატის ვალდებულებად მიიჩნევა.

თუმცა აქვე უნდა აღნიშნოს, რომ პედოფილია – ესაა კრიმინალიზებული ცოდვა და საერო სამართლითაც დასჯადი.

შესაბამისად, დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე მსჯავრის გამოტანა საჭიროა ორმხრივ სიბრტყეზე, რასაც თქვენ სირაქლემას პოზით გაურბიხართ და არ აღიარებთ!

თქვენ ასევე შეეხეთ მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) საკითხსაც, სადაც გაუგონარი დემაგოგიით, აბსოლუტურად უშინაარსო და არათანმიმდევრული მსჯელობა წამოჭერით, რომ თითქოს და დასჯილ მღვდელმთავარს არ ჰქონდეს უფლება ზნეობრივი საკითხების ინიცირებისა წმ. სინოდში. ამასთან დაკავშირებით, მინდა შეგახსენოთ შემდეგი:

II მსოფლიო კრების მე-6 კანონის მიხედვით – „იმ შემთხვევაში, თუ ბრალმდებელი არც მწვალებელია, არც უზიარებელი და გაძევებული, არც ბრალდებული ვინმესგან და ამბობს, რომ აქვს საეკლესიო ბრალდება ეპისკოპოსის მიმართ, წმინდა კრება უბრძანებს მათ, სამთავროს (ეპარქიის) ეპისკოპოსთა წინაშე წარმოთქვან ეს ბრალდება და ამხილონ ეპისკოპოსი…

ხოლო თუ სამთავროს (ეპარქიის) ეპისკოპოსები ვერ გადაწყვეტენ ეპისკოპოსის ბრალდების საქმეს, ვერ გაასწორებენ ბრალდებულს, მაშინ მათ უნდა მიმართონ დიდ კრებას, ეპისკოპოსთა განსაგებელის (ოლქის) კრებას, რომელიც ამ მიზეზით იქნება მოწვეული.

ამ დიდ კრებაზე საქმის დამწყებმა, ანუ ეპისკოპოსის ბრალმდებელმა, ბრალდების წარდგენამდე უნდა დადოს წერილობითი პირობა, რომ იმ შემთხვევაში, თუ იგი ვერ დაამტკიცებს თავის წაყენებულ ბრალდებას, თვით დაისჯება იმ სასჯელით, რომლითაც დაისჯებოდა ბრალდებული ეპისკოპოსი ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში.

ხოლო თუ ვინმე დაარღვევს, არ შეასრულებს ამ კანონს და მიმართავს სამეფო სასამართლოს, ან საერო მთავრის სამსჯავროს, ან მსოფლიო კრებას, ის არ იქნება მიღებული ბრალმდებლად, როგორც კრების კანონის შეურაცხმყოფელი და საეკლესიო კეთილწესიერების გამრყვნელი”.

ამდენად, როდესაც სჯიან ბრამდებელს, ისე, რომ არ უსმენენ – ეს არის კანონიკური ნონსენსი, პროცედურული კაზუსი და ალოგიკურობა, რამეთუ მღვდელმთავარს უნდა მიეცეს ბრალის დადასტურების შესაძლებლობა, სწორედ სამართლებრივი გზით წმინდა სინოდის ფორმატში.

წინააღმდეგ შემთხვევაში გაუგებარია რატომ ეკისრება მას ეპიტიმია და რა უნდა მოინანიოს მან, რომელიც ირწმუნება, რომ ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე აქვს საკმარისი სამხილი თუ მტკიცებულება და მისი მიზანი ზოგადი ვითარების გაუმჯობესებაა. მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) სწორედ ამ პრინციპით სურს წამოჭრილი საკითხების განხილვა და მის მიერ გაჟღერებული ბრალდების საეკლესიო სასამართლოზე განხილვა, რასაც საქართველოს საპატრიარქო და თქვენი დარი თვალთმაქცები იმპერატიული დამოკიდებულებით ბლოკავთ.

და თუ რა არის მავანთა შეუვალობის საფუძველი, ამის ამოცნობა პირუთვნელი და საღად მოაზროვნე საზოგადოებისათვის არც თუ ისე ძნელია. დიახ, პროცესის განხილვა ფერხდება მხოლოდ იმის გამო, რომ ბრალდებულთა ზნეობრივი ყოფა, სინდისი და მდგომარეობა მეტად მძიმე და სავალალოა!

ამასთან, უნდა უწყოდეთ, რომ მრავალჯერადი მსჯავრი (I. აეკრძალოს მღვდელმოქმედება; II. განთავისუფლდეს ეპარქიის მმართველობიდან; III. განმწესდეს მონასტერში მოსანანიებლად; IV. გაირიცხოს სინოდის წევრობიდან) არღვევს ეკლესიის ძირეულ სამართელბრივ პრინციპს, რომელიც განმტკიცებულია მოციქულთა 25-ე და ბასილი დიდის 9-ე კანონებით: „შურს ნუ იძიებთ ერთი რაიმესათვის ორჯერ” (ნაუმ. 1.9.).

ასე, რომ იქნებ ოდესმე სინდისმა შეგაწუხოთ და შეგაძრწუნოთ მართალი ადამიანის დევნამ, რაც ტოლსწორია ქრისტეს დევნისა – „მე ვარ იესო, რომელსაც შენ სდევნი, გაგიჭირდება წიხლვა დეზისა” (საქმ. მოც. 9,5).

თქვენ ასევე გვერდი აუარეთ მთავარეპისკოპოს იაკობის არაეთიკურ, კრიმინალურ და ანტიქრისტიანულ ქმედებებს და ლოიალურ-აპოლოგეტური რიტორიკით მის დაცვას შეეცადეთ, რაც, რაღა თქმა უნდა მეტად არადამაჯერებელი, გროტესკული და ტრადიციულად არაკვალიფიციური იყო.

ვინ იცის, იქნებ მთავარეპისკოპოს იაკობის „ფაქტების ნუსხაში” თქვენი უბადრუკობაც ინახება და ამიტომაც დუმხართ!..

იმ ფონზე, როცა უშუალოდ მეუფე იაკობისგანვე საჯაროდ ითქვა, რომ მან ფიზიკურად შეურაცხჰყო და სიტყვიერად დაამცირა მეუფე პეტრე, საინტერესოა თუ რატომ არ აღმოგაჩნდათ მღვდელმთავრული პრინციპულობა და მიუკერძოებლობა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მაშინ, როცა სჯულის კანონის თანახმად ვალდებული იყავით, რომ რეაგირება მოგეხდინათ. მაგალითად:

„ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, რომელიც გალახავს, დაჩაგრავს და ამ გზით მოინდომებს დამნაშავის დაშინებას, ასეთი პირის სასულიერო წოდებიდან  განკვეთას ვბრძანებთ, რამეთუ ეს უფალს ჩვენთვის სრულებითაც არ უსწავლებია, პირიქით სცემდნენ და იგი არ პასუხობდა დარტყმებით, “…

„ევნებოდა და იგი არავის აგინებდა, ევნებოდა და არავის უთქუმიდა…“ (I პეტ. 2,23)” (მოციქ. კანონი 27);

„თუ კლირიკოსი ჩხუბში ვინმეს ერთი დარტყმით მოკლავს, განკვეთილ იქნეს შეუკავებელი თავხედობისათვის” (მოციქ. კანონი 66);

„კლირიკოსი, რომელიც ეპისკოპოსს შეურაცხყოფს, განკვეთილ იქნეს, რამეთუ ნათქვამია:“ …მთავარსა ერისა შენისასა არა ჰრქუა ბოროტი (საქმე 23,5)” (მოციქ. კანონი 55);

კიდევ მრავალი არგუმენტის მოშველიება შეიძლება თქვენს სამარცხვინო, ანტიქრისტიანულ, უღირს და უპასუხისმგებლო განცხადებებთან დაკავშირებით, თუმცა ამჯერად აქ შევჩერდები”,- აღნიშნულია წერილში.