დავით ჩიხელიძე ოპოზიციას: მოიკითხავენ თაობები, იცოდეთ!!!

  • 4 ივნისი 12:08

მორიგი უსტარი ქვეყნის არაკეთილმოსურნე, წარმატებების არდამნახავ ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც საკუთარ თავს პოლიტიკოსებსა და ოპოზიციას უწოდებენ. სამწუხაროდ, ეს ადამიანები ქვეყნის ოპოზიციად იქცნენ და არა კონკრეტული პარტიის, რაც ქართული პოლიტიკისა და, შესაბამისად, ქართველი ხალხის ტრაგედიაა, ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

მისი თქმით, მავანთ არ სურთ ძლიერი, ამაყი ქართული არმიის ხილვა.


„ახლა, რაც შეეხება ჩემი წერილის ადრესატსა და დაწერის მიზეზს. გუშინ გულდასმით ვუსმენდი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუს (თავდაცვის სფერო  ჩემი ორგანიზაციისთვის განსაკუთრებული დაკვირვების სფეროს წარმოადგენს), რომლის შემდეგ ჩემთვის კიდევ უფრო მეტად გასაგები, მარტივად აღსაქმელი გახდა, რატომ მიმდინარეობს ორგანიზებული შავი პიარი  თავდაცვის სამინისტროსა და პირადად მინისტრის წინააღმდეგ. მიზეზი ერთი შეხედვით ბანალური, არსით კი ტრაგიკულია. მავანთ არ სურთ ძლიერი, ამაყი ქართული არმიის ხილვა. სული ელევათ და არაფრით უნდათ ჯარმა ქართველი ადამიანის გულში ისტორიული, დამსახურებული ადგილი დაიბრუნოს. სწორედ ამიტომ მოქმედებენ ბოროტი ფორმულით - რადგან ჩვენს დროს არ გავაკეთეთ, ნურც სხვისი გაგვიხარდეს. ამიტომ თავდაცვის უწყების მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ეწევიან. მაგრამ მათ, ეშმაკისეული შეგონებით „შეპყრობილებს“ ავიწყდებათ, რომ ქართველი კაცი ბრძენი და მოაზროვნეა, რომელიც კარგად არჩევს შავსა და თეთრს, ხედავს, რომ ჯარი იმედის თვალით იხედება, მხრებგაშლილია და მზად არის, დაიცვას ქვეყანა ღირსეულად.


აღნიშნული დასტურდება ერთ-ერთი ბოლო კვლევის  შედეგით, რომლითაც ქართული ჯარის ისტორიული რეიტინგი დაფიქსირდა და ნათლად გამოჩნდა, რომ ქართველები ისე ენდობიან ჯარს, როგორც არასდროს და პირიქით, ჯარი ენდობა თავის ხალხს. ეს კი პირველ რიგში სწორედ მინისტრის - ი. ღარიბაშვილის, გენერლების, ოფიცრების, სერჟანტების, ჯარისკაცების, განხორციელებული რეფორმების, აღმშენებლობისა და ახლებური მიდგომების დამსახურებაა!    


(თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმებზე და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე არ შევჩერდები, რადგან შესაძლოა, საუბარი დაუსრულებლად გაგრძელდეს)“, - აღნიშნავს ჩიხელიძე.


როგორც „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი ამბობს, ირაკლი ღარიბაშვილი არის ის მინისტრი, რომელმაც გაითავისა ის დიდი პასუხისმგებლობა და პატივი, რასაც ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილის, ქართული ჯარის, პატრიოტი, გმირი ადამიანების ხელმძღვანელობა გაკისრებს.


„მინისტრმა ეთერში კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურა - „ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მზად ვიყოთ ნატოში გასაწევრიანებლად, როცა ეს მომენტი დადგება“.


საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ (29 წელი), საქართველოს თავდაცვის 18 მინისტრი ჰყავდა. არ შევუდგები მათ შედარებას და დახასიათებას. ყველამ თავისი წილი ტვირთი ზიდა. ჯარმა და ხალხმა განსაჯოს დანარჩენი.


ერთი რამ შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის ის მინისტრი, რომელმაც გაითავისა ის დიდი პასუხისმგებლობა და პატივი, რასაც ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილის, ქართული ჯარის, პატრიოტი, გმირი ადამიანების ხელმძღვანელობა გაკისრებს.


რაც შეეხება პროგრესის მოწინააღმდეგე, ოპოზიციად წოდებულ, საკუთარი ჯარისკაცების, შვილების, ძმისშვილების, შვილიშვილების საათებისა და ჩაქაფულის მაყვედრებლებს, გაბოროტებულ ადამიანთა ჯგუფს. დიდებულად დაწერა კონსტანტინე გამსახურდიამ - „არ გასწორდებაო კუდი ძაღლისა, არცა კირჩხიბი იწყებსო მართლად სვლას“.


სამწუხაროდ, თქვენი გამოსწორება არ იქნება, ბატონებო. ნუ იქნებით ფარსმან სპარსები, ფარსმან ქველს წაჰბაძეთ.


მოიკითხავენ თაობები, იცოდეთ!!!“ - აცხადებს ჩიხელიძე.