„დღეს ბედნიერი ვარ, თუმცა უსიყვარულოდ გავთხოვდი“

  • თბილისელები
  • 2 ივნისი 16:56

ჟურნალი „თბილისელები“, რუბრიკაში „მოდი ვილაპარაკოთ“, 33 წლის ნინის ისტორიას აქვეყნებს.

„ცხოვრებაში თუ სიმწარე და ტკივილი არ იგემე, ისე ბედნერებას ვერ დააფასებ. გამოცდილებაც წლებს მოაქვს და ხვდები, შეცდომების დაშვებაც აუცილებელია, რომ ჭკუა ისწავლო. სტუდენტობის პერიოდში, ერთი ბიჭი მიყვარდა.


ვერც კი დავუშვებდი, რომ მომატყუებდა, მიმაგდებდა და ზურგს მაქცევდა. თვალდახუჭული ვენდობოდი და ზუსტად ვიცოდი, მისი ცოლი გავხდებოდი. ამიტომაც დავთანხმდი ინტიმურ კავშირზე. მის გვერდით ბედნიერი და შეყვარებული ვიყავი, სანამ ორსულობის ამბავი არ გაიგო. მაშინვე უკან დაიხია, ათასი სისულელე მოიმიზეზა და მიმატოვა. პირველ დღეებში დეპრესიაში ჩავვარდი. ვერავის ვუმხელდი ჩემს ამბავს. ყველას ვერიდებოდი და განმარტოებას ვცდილობდი. მართალია, რომ ამბობენ, სწორედ გაჭირვების დროს გიგზავნის უფალი ადამიანს, რომ გვერდით დაგიდგეს და დაგეხმაროსო. იმ პერიოდში, შემთხვევით გავიცანი მამაკაცი, რომელიც ჩემზე გაცილებით დიდი იყო, თუმცა, საოცრად მზრუნველი და მოსიყვარულე. ჩემს პრობლემებზე დაფიქრებული, მარტო ვიჯექი სკვერში, მომიჯდა, თავაზიანად გამომელაპარაკა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ მას გავანდე ჩემი ამბავი. თან, ვტიროდი, თან ვბრაზობდი, თან შეშინებული ვიყავი და ისე ვუყვებოდი ჩემს თავგადასავალს. ახლაც არ ვიცი, უცხო ადამიანს ასე რატომ ვენდე. დამამშვიდა, დამაიმედა და მთხოვა, ხვალაც ამ ადგილას შემხვდიო. მეორე დღეს კი თავისი ამბავი მომიყვა, რომელმაც ძალიან იმოქმედა ჩემზე. თურმე, ახლადაქორწინებულს ცოლი ავარიაში მოყოლია და დაღუპულა. მას მერე, ქალისკენ არ გაუხედავს. ამ ამბის მერე, 17 წელი იყო გასული და როგორც თავად მითხრა, თავის ცოლს მამსგავსებდა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, თითქმის ყოველდღე ვხვდებოდით და ერთ თვეში ცოლად გავყევი. მართალია, არ მიყვარდა, მაგრამ ორსულად ვიყავი, არ მინდოდა ჩემზე ვინმეს ცუდად ეთქვა რამე. თან, ბავშვს მამა ეყოლებოდა და მე – პატრონი. დღეს ჩვენი ბავშვი უკვე ათი წლისაა და მიუხედავად იმისა, რომ იცის ის ნამდვილი მამა არაა, სიგიჟემდე უყვარს. ვერ გეტყვით, სიყვარულით დავფრინავ-მეთქი, მაგრამ ნამდვილად ბედნიერი ოჯახი მაქვს. სულაც არ ყოფილა საჭირო, გულისწასვლამდე გიყვარდეს ადამიანი, რომ მის გვერდით ბედნიერი იყო. ჩემმა ქმარმა ისეთი მიმიღო და შემიყვარა, როგორიც ვიყავი – ჩემი ახალგაზრდული შეცდომებით, თანაც ორსული. მიპატრონა, გვერდით დამიდგა და დღეს ჩვენს ოჯახს ბევრი შენატრის. მართალია, საერთო შვილი არ გაგვიჩნდა, მაგრამ ეს თემა ჩვენს ოჯახში დახურულია. ბევრს მამა-შვილი ჰგონია და ეჭვიც არ შეაქვთ, რომ შვილი ქმრისგან მყავს. მის ნამდვილ მამას კი, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა აბორტის გამკეთებელი არ ვიყავი და აუცილებლად გავაჩენდი ბავშვს, არც კი მოვუკითხივარ. არ ვიცი, რამ დამიბრმავა თვალები, რატომ შემიყვარდა ასეთი ადამიანი, რატომ ვენდე და დავუჯერე... სიმართლე გითხრათ, არც კი მაინტერესებეს, როგორაა, დღეს ვის გვერდითაა და ნანობს თუ არა იმას, რაც მე გამიკეთა.


მე, ღმერთის წყალობით, მშვიდი, ბედნიერი ოჯახი მაქვს და არც მინდა წარსულზე ფიქრი. კიდევ ვამბობ, ვერ მოვიტყუები, ვგიჟდები, ჩემი ქმარი ისე მიყვარს-მეთქი, თუმცა უდიდეს პატივს ვცემ, ვაფასებ და ვცდილობ, ჩემ გვერდით მანაც ბედნიერ მამაკაცად იგრძნოს თავი. ბევრს ისე არ უმართლებს, როგორც მე. ამიტომ, მინდა დაფიქრდეთ და გააზრებულად გადადგათ ნაბიჯები, როცა საქმე სიყვარულსა და თქვენს მომავალს ეხება“.

წყარო: თბილისელები