დავით ქართველიშვილი Gorbi-ს კვლევაზე: „ქართულ ოცნებას“ დღესდღეობით ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში კონკურენტი არ ჰყავს

  • 29 მაისი 18:04

საზოგადოების უდიდესი ნაწილის მაღალ ინტელექტუალურ დონეზე ის ფაქტიც მიუთითებს, რომ მათ პოლიტიკურ განწყობებსა და სიმპათიებზე არანაირ გავლენას არ ახდენს მწყობრი და ორკესტრირებული ფეიკნიუსმანქანა, - ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი Gorbi-ს კვლევას ფეისბუკის პირად გვერდზე ეხმიანება.

მისი თქმით,  კვლევამ დაგვანახა, რომ მოსახლეობის ნდობა ხელისუფლებისადმი ძალიან დიდია, ეს კი მმართველი გუნდისგან დიდ პასუხისმგებლობას ითხოვს.


„საქართველოს უახლესი ისტორიის 30-წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში სწორედ „ქართულ ოცნებასთან“ იქნება დაკავშირებული რამდენიმე „პირველად“. 2012 წელს პირველად მოხდა ხელისუფლების შეცვლა მშვიდობიანი, დემოკრატიული არჩევნების გზით. პირველად განთავისუფლდა ქვეყანა პოლიტიკური პატიმრებისგან. პირველად იქნა დაცული პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდებული ადამიანის ღირსება. პირველად მიეცა წინა დანაშაულებრივ რეჟიმს მონანიებისა და შეცდომების გამოსწორების შანსი - ქვეყანაში კოჰაბიტაციის არაერთგვაროვანი პერიოდის ამაოდ შემოღებით. პირველად ღიად გაეხსნა ქვეყნის მოქალაქეს ევროპის საზღვრები. პირველად გაჟღერდა საქართველო მთელი მსოფლიოს მასშტაბით, როგორც უპირობოდ სანიმუშო და სამაგალითო ქვეყანა-ლიდერი პანდემიასთან წარმატებული გამკლავების კუთხით. კიდევ ბევრი „პირველად“ რომ აღარ ჩამოვთვალო, წინ გველის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი - როგორც ჩანს, ქვეყნის ისტორიაში პირველად სახელისუფლებო პარტია გაიფორმებს გარდაუვალი მმართველობის მესამე ვადას. არა თეორიულად ან დეკლარირებულად, არამედ დამსახურებულად, რასაც ამყარებს კომპანია „გორბის“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის ბოლო შედეგები.


„ქართული ოცნების“ მიმართ პოზიტიურად განწყობილი 63% მართლაც რომ შთამბეჭდავი შედეგია, ისევე როგორც გამოკითხულთა 55%, რომელიც დღეს ჩატარებული არჩევნების შემთხვევაში მმართველ პარტიას მისცემდა თავის ხმას. ამ კვლევის შედეგებში მე, პირველ რიგში, ჩვენი მოსახლეობის მაღალი ინტელექტუალური თვითშეგნება მახარებს. სწორედ იმ საზოგადოების, რომელიც მუდმივად „ბუზღუნებს“, მუდმივად „ნელთბილია“ და გადამეტებულად კრიტიკული თავის მოლოდინებში, თუმცა საბოლოო დამარცხების გზაზე მყოფი პანდემიის პირობებში - ზუსტად ამ საზოგადოებამ სწორი დასკვნები გამოიტანა, ვირუსის მიერ მსოფლიო მასშტაბით განხორციელებული მენტალური და აზროვნებითი რევოლუციური ცვლილებების ფონზე. მოხდა „რაღაცის“ – „რაღაცასთან“, მარცვლის - სარეველასთან შედარება და ის პირველი „რაღაცა“ ნამდვილად რომ უმნიშვნელო გახდა იმ რეალურად მთავარ და გადამწყვეტ მეორე „რაღაცასთან“. ადრე დავწერე, რომ ხელისუფლებისთვის პანდემიაში შესვლასა და მასთან წარმატებულ გამკლავებასთან არანაკლებად მნიშვნელოვანი იქნება პანდემიიდან გამოსვლა, რაშიც ძირითადად სოციალურ-ეკონომიკური სწრაფი რეაბილიტირების პაკეტს ვგულისხმობდი. „გორბის“ კვლევამ დაგვანახა, რომ მოსახლეობის ნდობა ხელისუფლებისადმი ძალიან დიდია, ეს კი მმართველი გუნდისგან დიდ პასუხისმგებლობას ითხოვს.


საზოგადოების უდიდესი ნაწილის მაღალ ინტელექტუალურ დონეზე ის ფაქტიც მიუთითებს, რომ მათ პოლიტიკურ განწყობებსა და სიმპათიებზე არანაირ გავლენას არ ახდენს მწყობრი და ორკესტრირებული ფეიკნიუსმანქანა. მათი პროდუქციით გამოკითხულთა მხოლოდ 12% იკვებება, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ სექტის გენმოდიფიცირებულ წევრებს წარმოადგენენ ქვეყანაში და მათი დაბალი ინტელექტუალური IQ-ს გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა მათი რიცხობრივი კლება და ქვეყანას უბრალოდ შეგუება მოუწევს ამ პარადიგმასთან, როგორც ვეგუებით ზაფხულში კოღოს, ზამთარში კი - მოკლე დღეს. წარმატებები მინდა ვუსურვო „ქართულ ოცნებას“, კარგია თუ ცუდი - მას დღესდღეობით ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში კონკურენტი არ ჰყავს“, - წერს დავით ქართველიშვილი.