როგორ უნდა გადაამოწმოს რუსეთმა ლუგარის ლაბორატორიის მუშაობა?

  • 29 მაისი 16:04

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების თანხმობის შემთხვევაში რუსეთმა ლუგარის ლაბორატორიაში ყველაფერი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით უნდა გადაამოწმოს და არა ისე, როგორც თავად ითხოვს.

 


„რეალურად ამ ლაბორატორიას ორი მფლობელი ჰყავს, - საქართველო და აშშ, რომლის არა მარტო დაფინანსებით, არამედ ტექნოლოგიებით და პირდაპირი კადრების მომზადებით მუშაობს და ფუქნციონირებს ლაბორატორია.


შესაბამისად, როდესაც საუბარია რუსეთის მოთხოვნაზე, მოსკოვი ამას ხსნის იმით, რომ მიიღოს ინფორმაცია ფორმალურად, - ამას ასაბუთებს იმით, რომ უნდა იცოდეს, რა ცდები ტარდება ლაბორატორიაში.


ერთი მნიშვნელოვანი პარალელს გავავლებდი, - ჩინეთში აშშ ითხოვს, და არ ამარტო აშშ, რომ საიდანაც გავრცელდა ვირუსი, იქ არსებული ლაბორატორია შემოწმდეს. განსხვავება ამ ორ ფაქტს შორის არის შემდეგი: აშშ და სხვა ქვეყნები, როდესაც ითხოვენ იმ ლაბორატორიაში შესვლას, ეს ყველაფერი არის საერთაშორისო სამართლით განსაზღვრული და არა ისე, როგორც აშშ-ს სურს. შესვლის სტრუქტურა თუ პროტოკოლი, თუ ვინ უნდა მონაწილეობდეს, არის განსაზღვრული, ანუ საერთაშორისო დონეზეა გადაწყვეტილი.


როდესაც რუსეთი ითხოვს შემოსვლას, საქართველოს ხელისუფლებას აქვს პოზიცია, რომ თანახმაა ქართული მხარე, ოღონდ საერთაშორისო პროტოკოლის გათვალისწინებით და არა ისე, როგორც რუსეთს უნდა.


ამიტომ, ქართული მხარე თუ თანახმაა, რომ რუსეთმა ლუგარის ლაბორატორიაში ყველაფერი გადაამოწმოს, ეს უნდა მოხდეს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და არა ისე, როგორც რუსეთი ითხოვს“, - განაცხადა ძაბირაძემ „რეზონანსთან“ საუბრისას.