პოლიტოლოგი: „გახარია შეიძლება „ოცნების“ პირველ ნომრად ჩაჯდეს და ისევ გახდეს პრემიერი“

  • resonancedaily.com
  • 29 მაისი 11:51

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით პარლამენტში პრემიერ-მინისტრის გამოსვლას აფასებს.

„პრემიერმა პარლამენტის გამოსვლისას დეპუტატებს გააცნო საგანგებო მდგომარეობის დროს, კორონავირუსის წინააღმდეგ საკორდინაციო საბჭოსა და ხელისუფლების მიერ გადაგმული ნაბიჯები და როგორ და რა ფორმით გაგრძელდება პანდემიასთან ბრძოლა.


პრემიერმა ასევე ეკონომიკის გახსნის შემდეგ, მასთან ადაპტაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. ოპოზიციის შეფასებები გახარიას გამოსვლასთან დაკავშირებით იყო კრიტიკული. მათი განცხადებით, ვერ მოისმინეს პასუხი ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე და პრემიერი კიდევ ერთხელ შეეცადა პოლიტიკური ქულების დაწერას.


"პოლიტიკოსები ხშირად თავს არიდებენ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემას. პასუხის გაცემა კი არ არის პრობლემა, პრობლემაა კითხვის ისე დასმა, რომ აიძულო პოლიტიკოსი პასუხი გაგცეს; მაგრამ, ასეთი მანევრები ჩვენს ოპოზიციას პრაქტიკულად არ გააჩნია. შუბლში არტყამენ საკითხს და შემდეგ გამარჯვებულები აცხადებენ - პასუხი არ გაგვცაო.


ვერა და ვერ მიხვდა ეს "ჭკვიანი ოპოზიცია" რომ რამდენი "მიიპატიჟეს" პრემიერი გახარია, ის მიდის, ცალი ხელით უმკლავდება მათ და გამარჯვებული ბრუნდება უკან; მისი რეიტინგი კი იზრდება.


სხდომაზე ოპოზიცია უფრო დაბნეულად გამოიყურებოდა, ვიდრე პრემიერი, რომელიც ბოლოს ხუმრობის ხასიათზეც კი დადგა. გამარჯვებული კი ისაა, ვინც იცინის. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თავად ოპოზიცია უწევს პოპულარიზაციას გახარიას.


რაც შეეხება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, გახარიას პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით - ვნახოთ როგორ დალაგდება მოვლენები.


კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში გახარიამ უკვე აკრიფა დივიდენდები. პარლამენტში გამოსვლის შემდეგაც გამოჩნდა, რომ ის არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა; მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა კი შეიძლება პარტიის პირველ ნომრადაც ჩაჯდეს და შემდეგ ისევ გახდეს პრემიერი"- განაცხადა "რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.

სრული ვერსიის ნახვა resonancedaily.com