კულტურის სამინისტრომ "And Then We Danced"-ის გუნდს დახმარებაზე ისევ უარი უთხრა

  • სხვადასხვა
  • 4 ნოემბერი 17:21

მას შემდეგ, რაც კულტურის სამინისტრომ And Then We Danced-ის გუნდს დახმარებაზე ისევ უარი უთხრა, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრმა განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ კინოცენტრი დააფინანსებს მთავარი როლების შემსრულებელი ორი მსახიობის – ლევან გელბახიანისა და ბაჩი ვალიშვილის მგზავრობას ლოს-ანჯელესში.


"საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი მიესალმება ლევან აკინის ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ” წარდგენას ამერიკული კინოაკადემიის საერთაშორისო ფილმის კატეგორიაში მონაწილეობისთვის და თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ერთვება ოსკარისა და ოქროს გლობუსის კამპანიაში. ეროვნული კინოცენტრი დააფინანსებს მთავარი როლების შემსრულებელი ორი მსახიობის – ლევან გელბახიანისა და ბაჩი ვალიშვილის მგზავრობას ლოს-ანჯელესში, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ მსახიობების მონაწილეობა კამპანიაში წაადგება ფილმს, მითუმეტეს, რომ ლევან გელბახიანმა უკვე არაერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, როგორც მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელმა", – წერია განცხადებაში. 


განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ მაისში ეროვნულმა კინოცენტრმა უკვე გაწია ხარჯი 12 500 ლარის ოდენობით იმისათვის, რომ შემოქმედებითი ჯგუფის 6 წევრს (ლევან გელბახიანი, ბაჩი ვალიშვილი, ქეთი დანელია, ნინო ჯინჭარაძე, ანა ჯავახიშვილი, გიორგი წერეთელი) მონაწილეობა მიეღო კანის კინოფესტივალის პროგრამაში "რეჟისორთა ორკვირეული".


შეგახსენებთ, ფილმის პროდიუსერმა, ქეთი დანელიამ გუშინ ფეისბუკზე დაწერა, რომ სამინისიტრომ მათ 4 ბილეთისა და ქართული სასაჩუქრე სუვენირებისთვის თანხა არ გამოუყო. 


"მეორე უარი კულტურის სამინისტროდან. მეორე უარყოფა. რომ მეუბნებიან რატომ თხოვ რამეს, ხომ იცი რომ მაინც არ მოგცემენ, უფრო მეტად ვბრაზდები. უფრო მეტად მინდება ბრძოლა. არ ვიცი რა უნდა გავაკეთოთ, რომ მიიღონ ეს ფილმი, ძალიან პრინციპულია, რომ მიიღონ. ძალიან მეცინება არგუმენტზე – "ეს ხომ არ არის ქართული პროექტი? ხომ შვედეთმა წარადგინა?".  დიახ, ქართულია! უნდა მიიღონ ეს მოცემულობა, რომ ქართულია! რაც ფილმში ხდება ყველაფერი ქართულია!! საქართველოზეა, თბილისზეა, ჩვენზეა, ჩვენს მეგობრებზეა, ჩვენს გვერდით რომ ცხოვრობენ იმ ადამიანებზეა. ჩვენს კულტურაზეა – კულტურის სამინისტროვ. "მანდარინებიც” ესტონეთმა წარადგინა ოსკარზე, მაგრამ დავაფინანსეთ. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი და როგორ. დავაფინანსეთ, მივიღეთ და ძალიან გვიხაროდა ყველას ქართული კინო ოსკარზე", – წერდა ქეთი დანელია. 


აღსანიშნავია, რომ And Then We Danced, რომელიც არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალის ტრიუმფატორი გახდა, შვედეთის სახელით ოსკარზე, უცხოენოვენი ფილმის ნომინაციაზეა გაგზავნილი. 


"ახლა ყველაზე გადამწყვეტი ეტაპია ფილმისთვის – წინასაოსკარე კამპანია. რომელშიც უამრავი შრომა, ენერგია და ფინანსებია ჩადებული. სხვადასხვა ქვეყნებში იმართება სპეციალური ჩვენებები კინოაკადემიის წევრებისთვის. ხომ წარმოგიდგენიათ ერთი სეანსის მოწყობაც კი რამხელა რესურსს მოითხოვს, თუნდაც საქართველოში, ჰოდა ასეთი ძალიან ბევრი ჩვენებაა უკვე გაკეთებული მსოფლიოს მასშტაბით და კიდევ ბევრი დაგეგმილი. ამ ყველაფერზე არავის ვაწუხებთ, მართლა გაგებით ვეკიდებით. მგონი, 50 ფესტივალზე ვიყავით და არც ერთხელ სამგზავრო გრანტი, ან სხვა აქტივობის დაფინანსება არ მოგვითხოვია. მთელი ამ მსოფლიო კამპანიის ფარგლებში, ერთადერთი რაც ვითხოვეთ, ლოს-ანჯელესში დაგეგმილ ძალიან მნიშვნელოვან ჩვენებაზე და მიღებაზე, (სადაც აუცილებლად უნდა იყოს ჯგუფი) 4 ბილეთი და ქართული სასაჩუქრე სუვენირების შეძენა იყო. ახლა, ველოდებით კინოცენტრს, რომელიც ცდილობს თანხა გამოძებნოს”, – წერდა ფეისბუკზე ფილმის პროდიუსერი. 


შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში  ქეთი დანიელია ამბობდა, რომ კულტურის სამინისტროსთან კანში ჯგუფის გასამგზავრებლად თანხის მიცემაზე ზეპირი შეთანხმება ჰქონდათ, თუმცა, შემდეგ უარი უთხრეს. 


პროდიუსერის თქმით, ამის მიზეზად სამინისტროში განმარტეს, რომ “თანხის გამოყოფასა და ჩარიცხვას” ვეღარ ასწრებდნენ. ის ამბობდა, რომ ფილმის ტრეილერის გამოქვეყნების შემდეგ სამინისტროდან დაურეკეს და ფილმის თემატიკაზე ჰკითხეს. დანელია ამბობდა, რომ სამინისტროს წარმომადგენელი დაინტერესდა, "ნამდვილად ჩოხებში ცეკვავდნენ თუ არა გეი ბიჭები".

სრული ვერსიის ნახვა სხვადასხვა