„83 წლის პაციენტს, რომელიც განწირული იყო, ორჯერ გადავუსხით პლაზმა და ის კრიტიკული მდგომარეობიდან გამოვიდა“

  • 1tv.ge
  • 26 მაისი 20:22

„პლაზმის მეთოდით მკურნალობამ ერთ პაციენტთან ცალსახად დადებითი შედეგი გამოიღო, ხოლო მეორე, კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა“, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რამდენიმე დღეში გახდება ნათელი, ეს პაციენტი სტაბილურად წავიდა გაუმჯობესებისკენ, თუ ეს გაუმჯობესება იყო დროებითი.


„ჯერჯერობით ერთ პაციენტთან გამოიღო ცალსახად დადებითი შედეგი, რაც გამოიხატა იმაში, რომ ვირუსი გაქრა, ხოლო მეორე პაციენტში, რომელიც განსაკუთრებით მძიმე იყო, კრიტიკულად მძიმე და პრაქტიკულად განწირული, სხვა მედიკამენტებით და სხვა საშუალებებით მკურნალობა იყო უშედეგო და მოსალოდნელი იყო ლეტალური ეფექტი, ჩვენ იქ გამოვიყენეთ ორჯერ, ორჯერ გადავასხით პლაზმა და არამარტო პლაზმა, ჩვენ იქ ასევე გამოვიყენეთ მეორე ინოვაციური მიდგომა, მედიკამენტი „ტოცილიზუმაბი”. ეს პაციენტი კრიტიკული მდგომარეობიდან გამოვიდა. ანუ, მას აღარ აღენიშნება სიცოცხლისთვის სახიფათო დარღვევები, აღარ არის ჟანგბადდამოკიდებული, ლაბორატორიული პარამეტრები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, მაგრამ ჯერ შორს ვართ იქიდან, რომ ვთქვათ ეს პაციენტი გადავარჩინეთ.


ეს პაციენტი არის ქალბატონი 83 წლის, რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ამიტომ ჩვენ არ ვჩქარობთ საბოლოო შედეგების გამოქვეყნებას. ეს არ იქნება სწორი, როდესაც რამდენიმე დღეში საბოლოოდ გახდება ნათელი, ეს პაციენტი სტაბილურად წავიდა გაუმჯობესებისკენ, თუ ეს გაუმჯობესება იყო დროებითი და ის შეიძლება, კვლავ დამძიმდეს, ამის შემდეგ საბოლოო ანალიზის შედეგებს დავდებთ“,- განაცხადა ცერცვაძემ.

სრული ვერსიის ნახვა 1tv.ge