„საქართველოდან შემოსულ მძღოლებს, უმეტეს შემთხვევაში, კორონავირუსი უდასტურდებათ" - სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადება

  • 22 მაისი 21:19

„როცა ჩვენ საქართველოდან სომხეთში შემოსულ მძღოლებს ვუტარებთ ტესტირებას, უმეტეს შემთხვევაში, კორონავირუსით ინფიცირებას ვადგენთ", - აცხადებს სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანი.

 

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში კოვიდინფიცირებულთა სტატისტიკას ეჭქვეშ აყენებს.


"განა დასაჯერებელია, რომ საქართველოში დღეში კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ 1-2 შემთხვევა დასტურდება? თუ სინამდვილეში ყველა ინფიცირებულის გამოვლენა და შემდეგ სტატისტიკაში ასახვა არ ხდება?",- აღნიშნავს მინისტრი.


საინფორმაციო სააგენტო Arminfo-ს თანახმად, საზოგადოებრივი საბჭოს მიერ მოწყობილ ონლაინშეხვედრაზე არსენ ტოროსიანმა რამდენიმე შეკითხვა დასვა, მათ შორის, გამოყენებული იყო თუ არა საქართველოში ინფიცირების ყველა შემთხვევაში PCR ტესტები, თუ საუბარია სწრაფ ტესტებზე, რომლებსაც, მისი თქმით, დაბალი სანდოობის გამო, სომხეთში პრაქტიკულად არ ხმარობენ.


მინისტრს აინტერესებს ასევე, უტარდებათ თუ არა კორონავირუსზე ტესტირება იმ პირებს, ვისაც ვირუსის მსუბუქი სიმპტომები აქვთ და შედიან თუ არა სტატისტიკურ მონაცემებში ისინი, რომლებიც პნევმონიისგან გარდაიცვალნენ, მაგრამ COVID-19 დადასტურებული ჰქონდათ.


„საქართველოს ჯანდაცვისა და ეპიდსაწინააღმდეგო სისტემა მკვეთრად განსხვავდება სომხეთის სისტემისგან, თანაც არა კარგი კუთხით. ჩვენი სისტემა უფრო ძლიერია და ეს ფაქტია“, - განაცხადა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა.


წყარო