ყველაფერი სინოდის სკანდალური სხდომის შესახებ

  • pia.ge
  • 31 ოქტომბერი 19:20

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მოწვევით, დღეს 31 ოქტომბერს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა.

სინოდის სხდომის საგანგებოდ ჩანიშვნის წინაპირობა საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებული სკანდალური მოვლენები, კონკრეტულად კი, ბოდბელი ეპისკოპოსის მეუფე იაკობის სატელევიზიო განცხადება, დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილი, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია და ჭყონდიდის ეპარქიის მეუფის სკანდალური განცხადებები გახდა.

წმინდა სინოდის საგანგებო სხდომის თემები, ოფიციალურად, საზოგადოებისთვის და მედიისთვის ცნობილი არ იყო. ჯერჯერობით, არც სინოდის განჩინება გასაჯაროებულა, თუმცა სასულიოერო პირების მიერ სხდომის დატოვების შემდეგ ცნობილი გახდა სინოდის მიერ მიღებული რამდენიმე გადაწყვეტილება. მათ შორის, ყველაზე სკანდალური ჭყონდიდის ეპარქიის მეუფე პეტრეს მღვდელმთავრობიდან გადააყენება იყო.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას სასულიერო პირმა უსამართლო უწოდა და მიზეზად საქართველოს ეკლესიაში  მამათმავლური ცოდვების მხილება დაასახელა.

"სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, პირადად პატრიარქმა სინოდის თავმჯდომარემ. მიმაჩნია რომ უსამართლოდ განმაყენა მღვდელმთავრობიდან. ვფიქრობ, მიზეზი არის საქართველოს ეკლესიაში პედერასტიის მხილება, მამათმავლური და პედერატული ცოდვების მხილება", - განაცხადა სასულიერო პირმა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ.

წმინდა სინოდის სხდომაზე შესვლის წინ მეუფე პეტრემ ჟურნალისტებთან ასეთი კომენტარი გააკეთა:

"მირჩევნია სიმართლისათვის დავისაჯო, ვიდრე ტყუილისთვის გავმართლდე. ჭეშმარიტება არის მარადიული. ღმერთი არის სიმართლში და ბოლო სიტყვას იტყვის უფალი. თუ დღევანდელი დღე და წმინდა სინოდის სხდომა გადაიქცევა და მიემსგავსება პილატეს სასამართლოს ყველაფერი შესაძლებელია".

ამასთან, ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელმთავარმა მამა ანდრია სარიამ, ორშაბათს, განაცხადა, რომ "მეუფე პეტრეს განკვეთის თემა დიდი ხანია შორენა თეთრუაშვილის ოცნებაა".

სხდომიდან გამოსულმა მეუფე საბა გამრეკელმა განაცხადა, რომ დღევანდელი სინოდის სხდომის შედეგებიდან გამომდინარე, შესაძლოა, კიდევ ერთი რიგგარეშე სინოდის სხდომის ჩატარების საკითხი დადგეს დღის წესრიგში.

მისივე თქმით, სინოდი სასულიერო პირს საკუთარ სიტყვებზე პასუხისგებას მოსთხოვს: "თუ მეუფე პეტრე არ დაამტკიცებს, რაც თქვა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ასე არ დავტოვებთ. ეს არის საკმაოდ მძიმე ბრალდება, რომელიც მან უნდა დაამტკიცოს."

სინოდის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით მეუფე პეტრეს მთავარეპისკოპოსის ტახტზე მეუფე გრიგოლ კაცია შეცვლის.

ამასთან, წმინდა სინოდის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებიდან ერთ-ერთი რეზონანსული დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება გახდა.

სინოდი, საქართველოს პრეზიდენტთან დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობას დააყენებს.

ამავე სხდომაზე ცნობილი გახდა რომ ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად მეუფე იოანე გამრეკელი დაინიშნა.

განიხილეს თუ არა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი დღევანდელ სხდომაზე - ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

თეოლოგების უმრავლესობა სინოდის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შეფასებაზე, ამ ეტაპზე, თავს იკავებს. განცხადებებით არ გამოირჩევიან არც პოლიტიკოსები. სხდომის გამართვამდე კი, ანალიტიკოსმა გოჩა მირცხულავამ განაცხადა რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც სინოდზე იქნება მიღებული კანონიკურ სამართალს გასცდება და ის პოლიტიკური იქნება.

შეგახსენებთ რომ 31 ოქტომბრის სინოდის სხდომის ოფიციალური განჩინება ჯერ გამოქვეყნებული არ არის. ზემო აღნიშნული გადაწყვეტილებები სასულიერო პირებმა ინდივიდუალურად მედიის წინაშე განაცხადეს.

პატრიარქის მიერ მოწვეულ სინოდის სხდომას სხდომას 44 სასულიერო პირი ესწრებოდა. 3 სასულიერო პირი კი, სხდომაზე არ გამოცხადდა.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge