„მიშას იმავე მდინარეში მეორედ შესვლის უიშვიათესი შანსი მიეცა“

  • 8 მაისი 17:46

გაეროში საქართველოს ყოფილი ელჩი კახა ლომაია უკრაინაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელად, სქართველოს ხელისუფლებისთვის დიპლომატიური სილის გაწვნას უწოდებს.

ლომაის აზრით, უკარაინამ თავის გადაწყვეტილებით ხაზი გაუსვა, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის დევნა პოლიტიკურია და არა სამართლებრივი.


„მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი დანიშვნა შეიძლება ახალი ათვლის წერტილი გახდეს, როგორც უკრაინისთვის, ასევე საქართველოსთვის. პირველი რიგში, ამ დანიშვნით უკრაინამ ხმამაღლა განაცხადა, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ წარმოებული მრავალწლიანი სისხლის-სამართლებრივი დევნა, მას პოლიტიკურ დევნად მიაჩნია. ეს, რა თქმა უნდა, "ქოცებისთვის" გაწნული მწარე სილაა. განსაკუთრებით, იმ სამარცხვინო განცხადებების შემდეგ, რაც მათ ამ ბოლო დღეებში აკეთეს. მეორე, პროდასავლური ქართული ოპოზიციისა, და, განსაკუთრებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის, ეს მძლავრი იმპულსია, რომელის მას ასე ესაჭიროებოდა დაკარგული ინიციატივის დასაბრუნებლად ამ დუნე და ჩამქრალ პოლიტიკურ მომენტში. მესამე კი ისაა, რომ ამ სიახლემ შესაძლოა იმპულსი მისცეს პრეზიდენტ ზელენსკის ჯერჯერობით არც თუ ისე შედეგიან რეფორმატორულ ძალისხმევას. ერთი შეხედვით, უკრაინულ კონტექსტში, რეფორმების საბჭო დიდად გავლენიანი სტრუქტურა არ ყოფილა. სათათბირო-საკონსულტაციო ორგანო იყო, აღმასრულებელი ბერკეტების გარეშე. მაგრამ, ჯერ ერთი, ზელენსკიმ დღეს ეს სტრუქტურა სამართლებრივად გააძლიერა და მას რეფორმების კოორდინირება დაავალა. საბჭო და მისი აღმასრულებელი დირექტორი მან საკუთარი პოლიტიკური მანდატით აღჭურვა. გარდა ამისა, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ მიხეილ სააკაშვილს შესწევს უნიკალური უნარი აქამდე არცთუ მნიშვნელოვანი ინსტიტუტები, პოლიტიკური ძალაუფლების ცენტრებად გადააქციოს. გავიხსენოთ 2001 წელი და ის, თუ როგორ გადაიქცა თბილისის საკრებულო ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინსტიტუტად. მეტ-ნაკლებად იგივე გაიმეორა მან იუსტიციის სამინისტროშიც. გასაგებია, სხვა დროა და სხვა ქვეყანაა. მაგრამ, თუ მიშას იგივე მდინარეში მეორედ შესვლის უიშვიათესი შანსი მიეცა, რატომ არ შეიძლება, რომ მან 2001-2002 წლების გამოცდილება გაიმეოროს?


ასე რომ, ხვალიდან საქართველოში უნდა ვიხილოთ სილაგაწნული და დამცირებული მთავრობა და გამოცოცხლებული და თავდაჯერებული პროდასავლური ოპოზიცია, ხოლო უკრაინაში, სასიკეთო რეფორმების მომლოდინე პოლიტიკური კლასი და მოსახლეობა.


ერთი დანიშვნით, ამაზე მეტი რა უნდა მომხდარიყო?“, - წერს კახა ლომაია.