რა სხვაობაა სიყვარულსა და შეყვარებულობას შორის?

  • თბილისელები
  • 4 მაისი 17:35

სიყვარული ნიშნავს მოქმედებას, საყვარელი ადამიანისთვის რამის გაკეთებას ანუ, სიყვარული მოქმედებაა. როცა ვტკბებით ჩახუტებითა და კოცნით, მაგრამ არაფრის გაკეთება არ გვსურს ამ ადამიანისთვის, ეს სიყვარული კი არა, შეყვარებულობაა.

ფიქრობთ, რომ ეს ერთი და იგივეა? სულაც არა. შეყვარებულობა გადის. სიყვარული ხანგრძლივია და სერიოზულ რყევებს უძლებს.


სამწუხაროდ, ბევრ ოჯახში ისე ხდება, რომ ორივე ცხოვრობს მოლოდინით, რომ მეორე მისთვის რამეს გააკეთებს. ქალი ელოდება კომპლიმენტებსა და ყვავილებს, მამაკაცი – ზრუნვასა და ალერსს. ცოლს უნდა, ქმარმა გააბედნიეროს და ქმარიც ელის შეპირებულ ბედნიერებას ცოლისგან. წარუმატებელი მოლოდინი ბადებს წყენას და ასე ირღვევა ოჯახები. უკვალოდ ქრება ის, რაც სიყვარული გეგონა და სინამდვილეში შეყვარებულობა, ვნება, იმედი და მოლოდინი იყო.


გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ სიყვარული შესაძლებელია მხოლოდ ორ ჩამოყალიბებულ ადამიანს შორის, რაც სულაც არ არის დამოკიდებული ასაკზე. ადამიანი შეიძლება ჩამოყალიბებული იყოს თხუთმეტი წლისა და ჩამოუყალიბებელი – ორმოცი წლისაც კი.


რა სხვაობაა ჩამოყალიბებულ პიროვნებასა და ჩამოუყალიბებელს შორის? ის იღებს საკუთარ თავს ისეთს, როგორიც არის. ანუ უყვარს საკუთარი თავი. მიუხედავად გარეგნობისა, შესაძლებლობებისა, ხასიათისა. სიყვარული შიგნიდან ავსებს და მზად არის, გაუზიაროს ეს სიყვარული სხვას – ადამიანს, რომელსაც აჩუქებს თავის გულს.


თავის რჩეულსაც ისეთს იღებს, როგორიც არის და არ ცდილობს მის გადაკეთებას, არ აკრიტიკებს, არ აკონტროლებს, უბრალოდ, უყვარს.


რა ხდება ჩამოუყალიბებელი პიროვნების შემთხვევაში:


არის მსხვერპლის პოზიციაში. გამუდმებით იტანჯავს თავს, აკრიტიკებს, განსჯის.


სიყვარული სჭირდება, რათა შეავსოს ის სიცარიელე, რომელიც აქვს სულში. მაგრამ სიყვარულის რესურსები არ გააჩნია. ამქვეყნად ყველაზე მეტად მარტოობის ეშინია, რადგან ასეთ დროს ვერავინ შეიყვარებს.


არ შეუძლია, სხვა ადამიანი მიიღოს ისეთი, როგორიც არის და ცდილობს, ის თავისი შეხედულებების მიხედვით გადააკეთოს.


დაიწყეთ მოქმედება! გააკეთეთ რამე თქვენი რჩეულის ბედნიერებისა და კეთილდღეობისთვის. დაფიქრდით, რას მოელის თქვენგან და გაამართლეთ მისი მოლოდინი. მთავარია, სიხარულით აკეთებდეთ ამას. მალე დაინახავთ, როგორ იცვლება თქვენი პარტნიორი უკეთესობისკენ. გახსოვდეთ, სიყვარული მოქმედებაა!

წყარო: თბილისელები