აშშ-ში 86 წლის მამაკაცი 39 წლის წინ ჩადენილი მკვლელობისთვის დააკავეს

  • ghn.ge
  • 23 ოქტომბერი 17:48

აშშ-ში, ტეხასელმა პოლიციელებმა დააკავეს 86 წლის მამაკაცი, რომელიც თითქმის 40 წლის წინ ჩადენილ მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, იუწყება CNN.

უოლტერ ჯეიმს მეისონი 10 ოქტომბერს დააკავეს. ის ტეხასში შეცვლილი სახელით ცხოვრობდა. მამაკაცის ნამდვილი ვინაობა თითის ანაბეჭდებით დაადგინეს. 13 ოქტომბერს ის აიდაჰოს შტატში, ქალაქ კლეიტონში გადაიყვანეს, სადაც დანაშაული მოხდა. მეისონი დანაშაულს არ აღიარებს.


მკვლელობა 1980 წლის 22 სექტემბერს მოხდა. კლეიტონის ერთ-ერთ ბარში დენიელ მეისონ ვული ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იპოვეს. ბარის სხვა მომხმარებელი მხარში იყო დაჭრილი. დანაშაულის ადგილზე ასევე აღმოაჩინეს სასტიკად ნაცემი ქალი.  


გამოცემა New York Daily News-ის ცნობით, ქალი მეისონის ცოლი აღმოჩნდა. ქალზე თავდასხმის შემდეგ ვულიმ და კიდევ ორმა მამაკაცმა მეისონი ბარიდან გაიყვანეს. მამაკაცმა ქუჩაში გაჩერებული მანქანიდან ორი პისტოლეტი ამოიღო, ბარში დაბრუნდა და სროლა დაიწყო.


ამის შემდეგ ის დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ მის ადგილსამყოფელს ვერ მიაგნო.


როგორც Washington Post-ი წერს, გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტები ადგილობრივ პოლიციას გამოძიებაში 1985 წლამდე ეხმარებოდნენ, მაგრამ უშედეგოდ, შემდეგ კი გამოძიება შეწყვიტეს. თუ როგორ გავიდა პოლიცია მეისონის კვალზე, ამაზე არაფერია ნათქვამი.

სრული ვერსიის ნახვა ghn.ge