დემნა ხელოვნურ სილამაზეზე, პლასტიკურ ქირურგიაზე, კრისტობალ ბალენსიაგაზე და კომპლექსზე...

  • 23 ოქტომბერი 01:08

ცნობილი ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე საინტერესო სტატუსს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

დემნა ხელოვნურ სილამაზეზე, პლასტიკურ ქირურგიაზე, კრისტობალ ბალენსიაგაზე და კომპლექსზე:

"ჩვენ ვმუშაობთ ადამიანებთან, რომლებიც პლასტიკურ ქირურგიას მიმართავენ, რათა სრულყოფილებას მიუახლოვდნენ. ჩემთვის ესეც ესთეტიკური სილამაზის ნაწილია, რომელიც ყოველთვის მაოცებდა. არასრულყოფილება ცოტა ხნის წინ მივიღე. ადრე ჩემი დიზაინის მეთოდი კონტროლს ექვემდებარებოდა, გარკვეული სრულყოფილების მჯეროდა. გასულ წელს გავიაზრე, რომ ასეთი რაღაც არ არსებობს. ჩემთვის ეს სიახლეა, საკუთარი დემონებისთვის თვალებში ჩახედვა, რადგან მეც მინდოდა სრულყოფილი ვყოფილიყავი. როდესაც ამ ადამიანებს ვხედავ, რომლებიც ვიზუალისთვის ასე შორს მიდიან, მათი შეუპოვრობა მაოცებს. სიამოვნებით მექნებოდა ამდენი კომპლექსი, რომ გამომესწორებინა, მაგრამ ამ გზაზე ვერასდროს დავდგებოდი. ჩემთვის კორექტირების წარმოდგენაც კი მტკივნეულია.

კრისტობალ ბალენსიაგას უყვარდა ისეთი ქალების შემოსვა, რომლებსაც დიდი მუცელი და მოკლე კისერი ჰქონდათ. 60-იანებში ბალენსიაგას მოდელებს მონსტრები ამიტომ შეარქვეს. იმის ცოდნა, რომ კრისტობალისნაირი დიზაინერი, ის სხვა დიდებული კუტიურიების პედაგოგი იყო, არჩევდა ქალებს, რომლებიც კორსეტში ვერ ეტეოდნენ და არ ჰქონდათ იდეალური გარეგნობა, ეს უფრო მეტია, ვიდრე მოდის სკოლაში 4 წლიანი განათლება. მენტალიტეტი სილამაზის მიღმა ჩემთვის იგივეა, როგორიც კრისტობალისთვის იყო. ის რასაც ტანსაცმლით აკეთებდა იგივე პლასტიკური ქირურგია იყო ოღონდ სამოსისგან.

თუ სილამაზის ყველაზე კლასიკურ გაგებაზე ვსაუბრობთ, ეს ყოველთვის დაკავშირებულია სექსუალობასთან, რასაც გარემო ქმნის. რასაც ვხედავთ ეკრანებზე, სარეკლამო კამპანიებში და ჟურნალებში, სოციუმი გვეუბნება რა არის სილამაზე. შესაძლოა სასურველობა უკეთესი სიტყვა იყოს. ბევრი მეგობარი მყავს, ვინც სხეულიდან თმას იშორებს, რადგან ძალიან აწუხებთ, იქიდან გამომდინარე, რასაც ეკრანებზე უყურებენ. თინეიჯერობაში ჩემი აღნაგობით მეც ძალიან შეწუხებული ვიყავი. საქართველოში გავიზარდე დიდი ცხვირები და თმიანი სხეულები, როგორც მამაკაცის ფიზიკურობის ნაწილი და ყოველთვის ისეთი მიზიდავდა, როგორიც ჩემს გარშემო არ იყო. არ მინდოდა დიდი ცხვირი და თმიანი სხეული მქონოდა. ერთხელ ვცადე თმის მოშორება, მაგრამ თითქმის მოვკვდი და იგივეს ცხოვრებაში აღარ გავაკეთებ. ეს ყველაფერი ხელოვნური სილამაზეა, მაგრამ ამის წინააღმდეგ ბრძოლას არ ვაპირებ, რადგან შეუძლებელია. არ მაღელვებს,თუ ვინმეს არ სურს სხეულზე თმა ჰქონდეს, ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა. თუ არ გინდა სხეულის თმა, უნდა მოიშორო. თუ გინდა ასეთი ყვრიმალები, მაშინ გაიკეთე. ჩემთვის ნამდვილი სილამაზე თავისუფლებაში და არჩევანის ქონის შესაძლებლობაშია."