როგორ უნდა მივხვდეთ, რომ მოზარდი თითმკვლელობას აპირებს?

  • ვერსია
  • 22 ოქტომბერი 21:05

სუიციდის საგანგაშო სტატისტიკა და ფსიქოლოგის რჩევები ბოლო დროს, საქართველოში სუიციდის შემთხვევები გახშირდა. ყველაზე შემაშფოთებელი კი ისაა, რომ თავს არასრულწლოვნები და მოზარდები იკლავენ.

"2018 წელს, სუიციდის 389 და სუიციდის მცდელობის 477 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო 2019 წლის 6 თვის განმავლობაში, 219 ადამიანმა სცადა თვითმკვლელობა, 207-მა კი სიცოცხლე სუიციდით დაასრულა",_ აცხადებს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია. 


მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ფსიქიკური ჯანდაცვა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური სფეროა, ჩვენს ქვეყანას სუიციდის პრევენციის პროგრამა არ აქვს. ამ საგანგაშო სტატისტიკას, სამწუხაროდ, ახსნას ვერავინ უძებნის _ რატომ იკლავენ ადამიანები, მოზარდები თავს? _ „ვერსია“ გეშტალტ ფსიქოთერაპევტს, ზვიად ეკიზაშვილს იმის შესახებ ესაუბრა, თუ როგორ უნდა მივხვდეთ, რომ მოზარდი სუიციდზე ფიქრობს, როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს მოზარდის მშობელი და რა უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენმა შვილებმა სიცოცხლე თვითმკვლელობით არ დაასრულონ:


_ მოზარდობის ხანა ხიდია ბავშვობასა და მოწიფულობას შორის. ეს პერიოდი 10-დან 16-წალმდე ასაკს მოიცავს და უმცროს და უფროს მოზარდობის პერიოდად იყოფა. უმცროსი მოზარდობის პერიოდი 10-დან 14 წლამდე გრძელდება, უფროსი კი _ 14-16 წლამდე, თუმცა ზოგ მეცნიერს მიაჩნია, რომ ეს პერიოდი 19 წლამდე გრძელდება. გარდამავალ ასაკში მკვეთრ ცვლილებებს განიცდის მოზარდის განვითარების ყველა მხარე, როგორც ანატომიურ-ფიზიოლოგიური, ასევე _ გონებრივი, სოციალური და პიროვნულიც. 


გარდამავალ ასაკში, მოზარდის ორგანიზმში კარდინალური ცვლილებები ხდება, იწყება ფიზიკური განვითარების ახალი ეტაპი და დგება სქესობრივი მომწიფების პერიოდი. შემეცნებითი სფეროს ძირითადი ნიშნები _ აბსტრაქტული აზროვნების ჩამოყალიბება, პიროვნული და სოციალური განვითარებაა. გარდამავალი ასაკის მთავარ სირთულედ მივიჩნევთ მოზარდების კონფლიქტს მშობლებსა და იმ უფროსებთან, რომლებიც მოზარდთა დამოუკიდებლობასა და ავტონომიისკენ სწრაფვას ეწინააღმდეგებიან, მაგრამ ეს არაა განვითარების აუცილებელი ატრიბუტი. ავტონომიის ცნების განსაზღვრის ძირითადი აქცენტი კეთდება უფროსების გავლენისგან გათავისუფლებაზე, მაგრამ შეუძლებელია, გარდამავალ ასაკში ადამიანი მათზე არ იყოს დამოკიდებული და ეს არცაა უსაფრთხო, სრული თავისუფლება არც მოზარდისთვისაა ხელსაყრელი. 


ამასთან, მოზარდები ეკონომიურადაც მშობლებზე არიან დამოკიდებულნი და უფრო მართებული იქნება, თუ ავტონომიას განვიხილავთ, როგორც თვითრეგულაციას. მოზარდი უსაფრთხო ოჯახურ გარემოცვაში ცდის, თუ რა სახის დამოუკიდებლობის მოპოვება შეუძლია ანუ რამდენად შეძლებს, საკუთარი მოსაზრებები და საზღვრები, სწორედ ამ უსაფრთხო გარემოში დაიცვას. მნიშვნელოვანია, რომ მოზარდისთვის ოჯახური გარემო უსაფრთხო იყოს. 


_ ბატონო ზვიად, რამ შეიძლება ადამიანი სუიციდამდე მიიყვანოს? 


_ თვითმკვლელობა ანუ საკუთარი სიცოცხლის ხელყოფა ავტოაგრესიის უკიდურესი ფორმაა, რაც ბევრი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული, მათ შორის, ყველაზე ხშირია დეპრესია, სირცხვილი, დანაშაულის განცდა, გაუსაძლისი ფიზიკური ტკივილი, ემოციური გადატვირთვა, აღელვება, ფინანსური პრობლემები და ა.შ. 


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ყოველწლიურად, თავს ერთ მილიონზე მეტი ადამიანი იკლავს და სიკვდილიანობის ყველაზე დიდი ნაწილი მოზარდებსა და 35-წლამდე ახალგაზრდებზე მოდის. 10-20 მილიონი შემთხვევა კი არასასიკვდილო შედეგით მთავრდება. ფრანგი სოციოლოგი, ემილ დიურკემი ფიქრობს, რომ არსებობს სუიციდის ტიპები: ეგოისტური თვითმკვლელობა, რომელიც მიეკუთვნება დეპრესიას, ადამიანური ურთიერთობებისა და სოციალური ფაქტორების გამო ჩადენილ სუიციდს; ანომიური თვითმკვლელობა, რომელსაც ახასიათებს ეკონომიკური მიზეზებით გამოწვეული სუიციდური ფაქტები; ალტრუისტური თვითმკვლელობა _ ამ შემთხვევაში, ადამიანი საკუთარ სიცოცხლეს ხელყოფს სხვაზე ორიენტირებულობის გამო, ხშირად თვითმკვლელობა გამოწვეულია სიყვარულითა და იმედგაცრუებით; ფატალისტური თვითმკვლელობა, როცა ადამიანი სოცოცხლეს ასრულებს საზოგადოებრივი დოგმებისა და სტერეოტიპების გასაპროტესტებლად და არსებობს ე.წ. ფარული სუიციდი, რომელიც ხორციელდება ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ჭარბი მიღების გამო. 


თვითმკვლელობა შეიძლება იყოს დაკავშირებული მძიმე სოციალურ ფონთანაც. ამის მიზეზი შეიძლება გახდეს მენტალური ჯანმრთელობაც, როცა ადამიანი კლინიკურად არაა ჯანმრთელი. მიზეზი ასევე, შეიძლება გახდეს სტრესი და ადამიანმა აფექტის მდგომარეობაში მიიღოს ეს გადაწყვეტილება. 


_ მშობელი როგორ უნდა მიხვდეს, რომ მისი შვილი სუიციდზე ფიქრობს ანუ რა ნიშნები ახლავს სუიციდისკენ მიდრეკილებას? 


_ საყურადღებო ნიშანი, როცა შეიძლება, მოზარდი თვითმკვლელობაზე ფიქრობდეს, ოჯახის წევრებსა და მეგობრებთან ურთიერთობის სურვილის დაკარგვაა; ასევე, კვებისა და ძილის რეჟიმის დარღვევა და იმ საქმიანობისადმი ინტერესის დაკარგვა, რაც ადრე სიამოვნებას ჰგვრიდა; ხასიათის მნიშვნელოვანი შეცვლა; რა თქმა უნდა, ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება; აგრეთვე, საყვარელი ნივთების გაჩუქება; გაუთავებელი ლაპარაკი სიკვდილსა და სიკვდილთან დაკავშირებულ თემებზე... 


დოქტორის, ქეთლინ მაკკოენის განმარტებით, მშობლების ყველაზე დიდი შეცდომა ისაა, რომ ამ საყურადღებო ნიშნებს უგულებელყოფენ: „არც ერთ მშობელს სურს იმის დაჯერება, რომ მის შვილს რაღაც სჭირს, ამიტომ ამას ყურადღებას არ აქცევენ და ამბობენ, ასაკის ბრალია, გაუვლის, ყოველთვის, ყველაფერს აზვიადებსო, _ ასე ინუგეშებენ ხოლმე თავს და ეს ნამდვილად საშიშია. საშიშროების მომასწავებელ ნებისმიერ ნიშანს, მშობელი ძალიან დიდი ყურადღებით უნდა მოეკიდოს“. 


_ ბატონო ზვიად, როგორ მოიქცეს მშობელი, თუ მოზარდი ფსიქოთერაპევტთან არ მიჰყვება? გვინდა, თუ არა, საქართველოში ფსიქოლოგთან მისვლის კულტურა სტიგმისა და სტერეოტიპების გამო, ჯერ კიდევ არ არსებობს... 


_ მნიშვნელოვანი შეკითხვაა. სტერეოტიპი არსებობს და ეს გამომდინარეობს საბჭოთადროინდელი ფსიქოთერაპიიდან. მაშინ, პრაქტიკულად, ფსიქოთერაპია არც არსებობდა, მხოლოდ ფსიქიატრია იყო. სხვათა შორის, საქართველოში ფსიქიატრიის ყოველთვის ძალიან ძლიერი სკოლა არსებობდა. ახლაც, უზნაძის სახელობის ინსტიტუტში, ამისთვის შესაბამისი ბაზაა. 


ფსიქოთერაპია, ფსიქიატრია არაა. ფსიქოთერაპია მეცნიერებაა, რომელიც აწყობილია დიალოგზე, შესაბამისად, ფსიქოთერაპევტთან რომ მიდიხარ, ეს არ ნიშნავს, რომ მენტალური პრობლემა გაქვს. ფსიქოთერაპევტს მიმართავენ ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, ან საკუთარ თავთან ურთიერთობის პრობლემების შემთხვევაში. საერთოდ, ურთიერთობა ჩვენი სიცოცხლის წყაროა, რის გარეშეც ჩვენი იდენტობა დაკარგული იქნება ანუ მე, ჩემს თავს, სხვასთან ურთიერთობაში აღვიქვამ. 


რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, საჭიროა მოსახლეობის მეტი ინფორმირება იმ კუთხით, რომ ფსიქოთერაპია არ არის სტიგმა. ამ მხრივ, ვხედავ ცვლილებას _ უფრო მეტი პაციენტი მოდის, მეტი ადამიანი ინტერესდება. 2012 წლიდან, 4 საერთაშორისო ინსტიტუტი გაიხსნა თბილისში, რომელიც ევროპული ცენზის მქონე ფსიქოთერაპევტებს უშვებს. ეს იმას ნიშნავს, რომ დღეს გვაქვს ფუფუნება, ავირჩიოთ ფსიქოთერაპევტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. 


_ ბევრ მშობელს, დედას, შეიძლება არ მოსწონს შვილთან საკუთარი დამოკიდებულება, თუმცა ბევრი მიზეზის გამო, ფსიქოთერაპევტთან ვიზიტს ვერ ახერხებს... 


_ ზოგადად, საქართველოში კულტურალური მომენტია ანუ ქართველი დედა _ ესაა როლი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებაში და ყოველთვის ასოცირდება პოზიტიურთან, მზრუნველთან, თავგადადებულთან _ ადამიანთან, რომელიც საკუთარ თავზე კი არა, მხოლოდ შვილებზე ფიქრობს. არადა, დედები სხვადასხვანაირები არიან და მომენტი, რაზეც შეიძლება ფსიქოთერაპევტთან წამუშავება, ეს არის _ "საიდან მოდის ჩემი სირცხვილის გრძნობა?" _ ამის გარკვევა. 


_ ანუ დედები, საკუთარი თავისგან იდეალურობას ვითხოვთ? 


_ ამას ჩვენი სოციალური გარემო ითხოვს. ჩვენ ხომ კულტურის, ჩვენი მშობლების შვილები, მათი აღზრდილები ვართ. შესაბამისად, ის მოდელები, რომლებიც ვნახეთ, განაპირობებს ან იგივე მოდელს, ან ანტიმოდელს, რომელსაც ქმნი, როგორც მშობელი. 


ვმუშაობ გეშტალტ ფსიქოთერაპიაში, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი ფსიქოთერაპიული მოდულია მსოფლიოში და საქართველოშიც ძალიან პოპულარულია. გეშტალტ-თერაპევტთან არ მიდიხარ რაღაც რჩევების მისაღებად, ეს თერაპია არის აწყობილი ცნობიერების გაზრდაზე ანუ უნდა გავაცნობიერო, თუ რას ვგრძნობ, როცა შვილთან ვურთიერთობ. 


_ მოზარდისთვის სექსუალური, ფსიქოლოგიური და სხვა ტიპის ინფორმაციის გადაცემის პროცესში რა როლი აქვს ოჯახს, სკოლას, სახელმწიფოს და, საერთოდ, სკოლებსა და ბაღებში ფსიქოლოგები რამდენად აუცილებელნი და საჭირონი არიან? 


_ ვხედავ, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და ამაში გვეხმარება ევროპის განათლების მაგალითი, რომლისკენაც მივისწრაფვით. ეს კურსი გვაქვს აღებული და ვფიქრობ, დიდი ხნის მანძილზე, აღარ გადავუხვევთ. ისე, როგორც ვიცი, სკოლებსა და ბაღებში არიან ფსიქოლოგები... 


_ შესაძლებელია, ზოგ სკოლასა და ბაღში არიან, მაგრამ ბევრი ამბობს, რომ ეს მხოლოდ ფორმალურაია და ერთი ფსიქოლოგი, ასობით ბავშვის პრობლემას ვერ გასწვდება. 


_ რა თქმა უნდა, ბევრ ბავშვს ერთი ფსიქოლოგი ვერც აუვა და ამას ვერც მოვთხოვთ. ამასთან, საინტერესო იქნება, მუშაობა მასწავლებლებთან. ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესია სახელმწიფოსთვის მასწავლებელია, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლია სოციუმისა და სახელმწიფოსთვის. ტრენინგების ჩატარება, ფსიქოთერაპიული ჯგუფები მასწავლებლებისთვის აუცილებელია, რადგან არის გადაწვის პრობლემა იმის გამო, რომ ბავშვებთან მუშაობა იოლი არაა და მასწავლებლებსაც სჭირდებათ მხარდაჭერა.


 

წყარო: ვერსია