"შეიძლება, ქალიშვილი იყოს და ცხოვრება გაგიმწაროს" - ბორის ბედია ქორწინდება

  • თბილისელები
  • 22 ოქტომბერი 12:35

35 წლის მომღერალი, ბორის ბედია შეყვარებულია და მალე დაოჯახებასაც გეგმავს. მართალია, საცოლის ვინაობას ჯერჯერობით მალავს, მაგრამ როგორც თავად ამბობს, ეს ის გოგოა, ვისთანაც მთელი ცხოვრების გატარება სურს.

– ბორის, იყო მითქმა-მოთქმა შენი შვილის გამო, რომელიც უკრაინელ გოგონასთან გყავს და საქმე სასამართლომდეც კი მივიდა. მიეცი მას შენი გვარი, ალიმენტს თუ უხდი?


– ეს თემა ტაბუდადებული კი არა, დახურულია! მორჩა, მოგვარდა, გვარიც მივეცი და ბავშვს ალიმენტსაც ვუხდი. დედამისი კი არც ჩემი ცოლი ყოფილა და არც საყვარელი. რახან მომღერალი ვარ, იფიქრა, კირკოროვივით და ბონ ჯოვივით მილიონერი ვარ. პირველი არ ვარ, შეცდომა ყველა კაცს დაუშვია. მთავარია, გამოუსწორებელი შეცდომა არ დაუშვა.


– ამ ბოლო დროს თვალები სხვანაირად გიბრწყინავს, საკმაოდ დაიკელი წონაში და კარგ ფორმაში ჩადექი. ამბობენ, ეს სიყვარულის დამსახურებაა და მალე ქორწილსაც გეგმავ, ასეა?


– დიახ, მყავს საყვარელი ადამიანი და ვაპირებთ დაოჯახებას. თუმცა, არ ვჩქარობთ, არ გვინდა, მოვლენებს გავუსწროთ. არც მისი ვინაობის გამხელა მსურს. უბრალოდ, გეტყვით, რომ ხუთი თვეა, ერთმანეთს ვხვდებით და თავს ბედნიერად ვგრძნობთ. რაც შეეხება წონას, ფეხსაცმელზე თასმა რომ გამეხსნა, დახრა და შეკვრა გამიჭირდა, მივხვდი, სასწრაფოდ უნდა დამეკლო. გავუჯავრდი ჩემს თავს: კეთილი ინებე და სასწრაფოდ დაიწყე ვარჯიში და სწორი კვება-მეთქი. ასე რომ, დავიწყე სწორი კვება, სირბილი და ვარჯიში, სიყვარულიც დამეხმარა და ოთხ თვეში 17 კილო დავიკელი. კმაყოფილი ვარ ჩემი შედეგით და ქორწილისთვისაც მზად ვარ, მოვირგებ თეთრ ჩოხას ან სმოკინგს (იცინის).


– დედა და შენი და, სოფო ბედია თუ იცნობენ მომავალ რძალს და ისიც მომღერალი ხომ არაა?


– ჯერ ჩემს საცოლეს დედაჩემი და ჩემი და არ იცნობენ, მაგრამ იციან ჩემი ხასიათი, გემოვნება... იციან, ვინ არის ის და მალე გაიცნობენ. გაცნობიდან ერთ წელში ქორწილსაც გადავიხდით და ბევრი სტუმარიც გვეყოლება. მომღერალი არ არის, სტუდენტია, 25 წლის მომავალი ექიმი. მე კი ვარ 35 წლის, მაგრამ არ მეტყობა წლები (იცინის). თავმდაბალი, მეოჯახე გოგონაა, წარმოშობით იმერელი და მეგრულ-იმერული ოჯახური ტანდემი, თუ დედაჩემის და მამაჩემის ქორწინებას გადავხედავთ, იდეალურია. ერთი ნახვით მოვიხიბლე მისით, ენერგეტიკულად ვგრძნობ, რომ ჩემია. ეს ის ადამიანია, ვისაც ამდენ ხანს ველოდი. შევხედე თუ არა, ვიგრძენი, ის ჩემი მეორე ნახევარია და არ შევცდი. არ ვიცი, თვალები როგორ მიბრწყინავს, მაგრამ როგორც შეყვარებული, ტონუსში ვარ და ყოველი დილის გათენება მიხარია.


– თუ გიმღერია მისი ფანჯრების წინ და ზოგადად, ქორწინებმადე სექსზე რა აზრის ხარ?


– ძალიან რომანტიკული ვარ, თუმცა საყვარელი გოგონას ფანჯრების წინ არ მიმღერია და არც შამპანიურები გამიხსნია და დამილევია. რომანტიკა სიყვარულთან ერთად ღვივდება და მერე რას ჩავიდენ, კაცმა არ იცის (იცინის). რაც შეეხება ქორწინებამდე სექსს, თუ ორ ზრდასრულ ადამიანს ერთმანეთი უყვარს, ვფიქრობ, მისაღებია. მთავარია, ადამიანი იყოს, თორემ შეიძლება, ქალიშვილი იყოს და ცხოვრება გაგიმწაროს, განათხოვარმა კი, გაგაბედნიეროს. შინაგანად როგორია ქალი, ამას აქვს დიდი მნიშვნელობა და არა ქალიშვილობას ან არაქალიშვილობას.

წყარო: თბილისელები