პატიმრების 39%-ს ყოველდღე აწამებდნენ – გამოკითხვის შედეგები

  • primetime.ge
  • 27 აპრილი 20:52

ყოფილი მაღალჩინოსნისა და საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის გუშინდელმა ინტერვიუმ, რომელიც მან ტელეკომპანია „მთავარს“ მისცა, საზოგადოება ორად გაყო. ვანო მერაბიშვილის ინტერვიუ ერთმა ნაწილმა მოიწონა, მეორემ კი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის დირექტორმა სოციალურ ქსელში 2014 წლის კვლევა გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ციხის კადრების „გაუფასურება“ დანაშაულია.


„რადგან ციხის ამბების ასეთი გაუფასურება („რაღაცები მართლა შეგვეშალა, რაღაცები ბედუკაძემ დაგვიდგა“, „იმედია, რომ ცუდს მოკლე მეხსიერება ექნება“ და ა.შ) დანაშაულია, კიდევ ერთხელ უნდა გადავიმეოროთ, რომ არ დაგვავიწყდეს:


2014 წელს, ფონდი ღია საზოგადოების მიერ ჩატარებული კვალიფიციური კვლევის ფარგლებში გამოკითხული პატიმრების:



  • 64%-ის თქმით, პატიმრებს ყოველ დღე აწამებდნენ

  • 75% ამბობს, რომ ფიზიკური წამების მსხვერპლი იყო

  • 39% ამბობს, რომ ყოველ დღე აწამებდნენ

  • 84% საუბრობს ფსიქოლოგიურ წამებაზე


პატიმრების 71%-ის თანახმად, ყველა კატეგორიის პატიმარს აწამებდნენ და არა მარტო კრიმინალური ტრადიციების მიმდევრებს;


პატიმრების 8%-ის თქმით მათ წამებას ფოტო და ვიდეო ფირებზე აფიქსირებდნენ;



  • 75% -ის თქმით, მათ მუშტითა და წიხლებით სცემდნენ;

  • 63% საუბრობს რეზინის ან ხის ხელკეტების გამოიყენებაზე;

  • 42% ადასტურებს, რომ სცემდნენ საკნის გასაღებებით, რკინის საწოლის რიკულებით და სხვა ლითონის საგნებით;

  • 62% აცხადებს, რომ მათ სხეულის ყველაზე მგრძნობიარე ადგილებში ურტყამდნენ (მაგალითად, მაჯებზე, ხელის გულებზე, უკვე დაზიანებულ ადგილებში);

  • 52% ასახელებს ყურებზე ან ყურის სიახლოვეს დარტყმას, როგორც ცემის განსაკუთრებულ სახეობას;

  •  35% ამბობს, რომ უარს ეუბნებოდნენ სასმელ წყალზე;

  • 51% ამტკიცებს, აუტანელ სიცივეში ან სიცხეში გამოკეტვას წამების მიზნით;

  • 37% ადასტურებს იძულებით პოზაში დგომას, როგორიცაა ეგრეთ წოდებული „ფუქსი“ ანუ 1 კვადრატულ მეტრიან გალიაში გამოკეტვა


რეპონდენტების 2.3% ახსენებს სექსუალურ ძალადობას. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ „ეს ციფრები დიდ სიფრთხილეს მოითხოვს შეფასებისას, რადგან სექსუალურ ძალადობას ხშირად ჩქმალავენ და ბოლომდე არ ამჟღავნებენ ხოლმე“.



  • 75% ამტკიცებს, რომ მათ საკნებში ლაპარაკს უკრძალავდნენ;

  • 67% აცხადებს, რომ მათ ეკრძალებოდათ ციხეში სეირნობა;

  • 45% აცხადებს, რომ ისინი დაკავებული ჰყავდათ სადამსჯელო საკნებში ხანგრძლივი პერიოდით, განსაკუთრებულ პირობებში (მაგალითად, შიშვლები უწყლოდ და უტუალეტოდ, ან საწოლის გარეშე);

  • 50% ამბობს, რომ ძილს უფრთხობდნენ;

  • 46% აცხადებს, რომ ძილის დროსაც ეკრძალებოდათ შუქის ჩაქრობა;

  • 39% ამბობს, რომ მათ ემუქრებოდნენ მათი ოჯახის წევრებისთვის ზიანის მიყენებით;

  • 69% აღნიშნავს, რომ მათ სხვა პატიმრების წამების ხმებს ასმენინებდნენ;

  • 47% აცხადებს, რომ ისინი სხვა პატიმრების წამებას ესწრებოდნენ.

  • პატიმრების 4% აცხადებს, რომ მათ აიძულებდნენ, ეყურებინათ/მოესმინათ წამების აუდიო-ვიდეო ჩანაწერები;

  • 8% აცხადებს, რომ მათ ემუქრებოდნენ მათზე განხორციელებული წამების სხვებისთვის ჩვენებით.


რესპონდენტთა 10% ამბობს, რომ სცადეს თვითმკვლელობის ჩადენა წამების და არაადამიანური მოპყრობის გამო.

სრული ვერსიის ნახვა primetime.ge