გიორგი ცუცქირიძე: წლის ბოლომდე დრო კი არც ისე ბევრია დარჩენილი და ბევრი რამ ახლა სწორედ კონსორციუმზეა დამოკიდებული

  • 21 ოქტომბერი 17:15

„წლის ბოლომდე დრო კი არც ისე ბევრია დარჩენილი და ბევრი რამ ახლა სწორედ კონსორციუმზეა დამოკიდებული“, - ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი ცუცქირიძე ანაკლიის პორტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს. 

„დღეს გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ჰოლანდიური Van Oord-ისთვის აქციების მიყიდვის თანხმობა მისცა, რაც მთავარია, ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კონსორციუმის მიმართვიდან 28 დღის ვადაში. თანხა, რომლის სანაცვლოდაც Van Oord-ი კონსორციუმის 4%-იანი წილის მფლობელი გახდა, დაახლოებით 5 მილიონი დოლარია.


ეს გადაწყვეტილება იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა, ერთი მხრივ, ხელისუფლების ურყევი ნება ანაკლიის პროექტის ოპტიმალურ ვადებში აშენების მზაობაზე და მეორე მხრივ, ისეთი კომპანიების ჩართულობაზე, რომლებიც თავისი გამოცდილებითა და რეპუტაციით უზრუნველყოფენ პროექტის ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას. ამაზე მიუთითებს მთავრობის გადაწყვეტილება ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის ვალდებულებების შესრულების წლის ბოლომდე გადავადებაც, მიუხედავად იმისა, რომ 15 ოქტომბერი იყო შუალედური ვადა მიცემული, რომელიც კონსორციუმმა ვერ შეასრულა. ჰოლანდიური კომპანიაც ამ თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, მან გასულ წელს ანაკლიის პორტის ფსკერის დაღრმავების სამუშაოები განახორციელა. 


რაც შეეხება კონსორციუმში „კონტი ჯგუფის“ ჩამნაცვლებელ კომპანიას, გადაწყვეტილების ბოლო ვადად 29 ოქტომბერია დასახელებული. „კონტო ჯგუფი“ იყო შესაბამისი გამოცდილების და ფინანსური რესურსების მქონე კომპანია, რამაც დიდი როლი ითამაშა თავის დროზე კონსორციუმის გამარჯვებაში და ერთ-ერთი მთავარი პრობლემაც კონსორციუმის მხრიდან აღებული ვალდებულებების ვერშესრულებისა და ამ ვადების რამდენჯერმე გადავადებისა სწორედ „კონტი ჯგუფის“ პასიურ როლთანაც არის დაკავშირებული და სამწუხაროდ, ჩვენ ისიც არ ვიცით, რატომ გავიდა ის პროექტიდან. 


ბუნებრივია, მთავრობას მოუწევს ანალოგიური გამოცდილებისა და რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ჯგუფით ჩანაცვლება, რადგან გარდა პროექტის კომერციული მხარისა, ინვესტორი, უნდა პასუხობდეს უსაფრთხოების კრიტერიუმებსაც. სხვა საკითხია, რამდენად პასუხობს ამ კრიტერიუმებს ჰოლანდიური კომპანიისგან განსხვავებით კონსორციუმის მხრიდან შემოთავაზებული „მერიდიან კაპიტალი“, რომელიც „ბრიტანული“ ჯგუფიდან საბოლოოდ ყაზახურ ჯგუფად იქცა, და რომელიც ფულის გათეთრებასთან და საეჭვო რუსულ კავშირებთან არის მხილებული. 


სამწუხაროდ, კონსორციუმი არ აღმოჩნდა პოლიტიკისაგან თავისუფალი თავის გადაწყვეტილებებში, თუნდაც ცალკეული, პორტთან დაკავშირებული პოლიტიკოსების ფაქტორიდან გამომდინარე. ამის დასტურია თუნდაც ბოლო წერილი, რომელშიც კონსორციუმმა მთავრობას პროექტის მიზანმიმართულ საბოტაჟიც კი დასდო ბრალი, რაც სცილდება როგორც პოლიტკორექტულობის პრინციპს, ისე კერძო-საჯარო პარტნიორობის სულისკვეთებასაც. წლის ბოლომდე დრო კი არც ისე ბევრია დარჩენილი და ბევრი რამ ახლა სწორედ კონსორციუმზეა დამოკიდებული.


მართალია, შემდეგ მათ ეს ერთგვარ შეცდომად აღიარეს, მაგრამ სწორედ ამ სახის მიდგომებმა მნიშვნელოვნად შეაფერხა პროექტის განხორციელება, და არა მთავრობის მხრიდან ხელის შეშლამ, რაზეც ხაზარაძე მუდმივად აპელირებს დღემდე“. - წერს გიორგი ცუცქირიძე.