შალვა თადუმაძე: ადამიანებს, რომლებიც წელიწადნახევარი დიპლომთან დაკავშირებით ამ კითხვებს სვამენ, პასუხებს არ ისმენენ და ისევ სვამენ ამ კითხვებს, შეუძლიათ მკითხაობა გააგრძელონ

  • 18 ოქტომბერი 20:33

"ჩემს დიპლომთან დაკავშირებით სამართლებრივი განმარტება გავაკეთე, თუ ვინმემ ვერ გაიგო ეს პასუხები, შეუძლია გადაახვიოს და თავიდან ნახოს, ან შეუძლიათ მკითხაობა გააგრძელონ",- ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ საკუთარ დოპლომთან დაკავშირებით განაცხადა. 

თადუმაძე კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მის დიპლომს სამართლებრივი პრობლემა არასდროს ჰქონია.

"ჩემს დიპლომს არ ჰქონია და არ აქვს არანაირი სამართლებრივი პრობლემა. სამართლებრივი განმარტება გავაკეთე დიპლომთან დაკავშირებით, პარლამენტმა, იუსტიციის საბჭომ შეისწავლა აღნიშნული დოკუმენტი. თუ ვინმემ ვერ გაიგო ეს პასუხები, შეუძლია გადაახვიოს და თავიდან ნახოს. საზოგადოებაში კითხვის ნიშნები არ ყოფილა არასდროს ჩემს დიპლომთან დაკავშირებით. იმ ადამიანებს, რომლებიც წელიწადნახევარი ამ კითხვებს სვამენ, პასუხებს არ ისმენენ და ისევ სვამენ ამ კითხვებს, შეუძლიათ მკითხაობა გააგრძელონ,- განაცხადა თადუმაძემ.

ცნობისთვის, 7 ოქტომბერს, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" გაავრცელა ინფორმაცია შალვა თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით. კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, თადუმაძის დიპლომში არაერთი შეუსაბამობაა, მათ შორის, არეული თარიღები, რაც მის ნამდვილობას ეჭვქვეშ აყენებს.